ახალი ამბები

„ალმა“: რეკლამა მიუღებელია, თუმცა კონტენტთან შეხება არ გვაქვს

20 სექტემბერი, 2021 • 1153
„ალმა“:  რეკლამა მიუღებელია, თუმცა კონტენტთან შეხება არ გვაქვს

სარეკლამო კომპანია ალმა, რომელიც დედაქალაქში ბილბორდებს ფლობს, აცხადებს, რომ ოპოზიციის საწინააღმდეგო „სისხლიანი“ ბანერები მისთვის მიუღებელია, თუმცა რეკლამის შინაარსთან არასდროს არანაირი შეხება არ აქვს.

17 სექტემბერს, გვიან ღამით, თბილისის ქუჩებში ოპოზიციის საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი ბანერები კვლავ გამოჩნდა.

„არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“ – წერია წითლად შეღებილ ფონზე. იქვე ოპოზიციური პარტიების და ტელევიზიების წარმომადგენელთა ფოტოებია დატანილი.

ფოტოებს უკან კი, თეთრ ფონზე, წითელი „შხეფებია“ დატანილი, რაც სისხლის ასოციაციას აჩენს.

20 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში „ალმა“ წერს, რომ ორ ათეულ წელზე მეტია დამკვეთებისგან, რომელთაც სურვილი აქვთ აწარმოონ სხვადასხვა შინაარსის სარეკლამო კამპანია, იღებს და ანთავსებს სარეკლამო ბანერებს კომპანიის კუთვნილ სარეკლამო კონსტრუქციებზე.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ და ეს იცის ყველა ჩვენმა დამკვეთმა, რომ „ალმას“ არანაირი შეხება არ აქვს სარეკლამო ბანერის შინაარსთან, დიზაინთან, ვიზუალურ ელემენტებთან, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრასთან თუ სხვა. „ალმა“ ახდენს მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო ბილბორდებზე ანუ კონსტრუქციებზე არსებული ფართის გაყიდვას/გაქირავებას“, – აცხადებს კომპანია.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩვენი კომპანიის როლი შემოიფარგლა მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ „ალმამ“ დამკვეთისგან მიიღო სარეკლამო ბანერი და განათავსა იგი კომპანიის კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე“, – წერია განცხადებაში.

„ამას გარდა ვაცხადებთ, რომ ჩვენ სრულიად ვემიჯნებით ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც გამოიწვევს სიძულვილს, აგრესიას და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაღიარებთ ნებისმიერი სუბიექტის გამოხატვის თავისუფლებას და მისი უზრუნველყოფის საჭიროებას, ჩვენთვის ცალსახად მიუღებელია ხსენებული სარეკლამო ბანერების კონტენტი“, – აცხადებს „ალმა“.

“სისხლიან” ბანერებზე გახარიაც დაამატეს

მასალების გადაბეჭდვის წესი