ახალი ამბები

რატომ ვერ/არ იბარებს ოპოზიცია სუს-ის უფროსს პარლამენტში

21 სექტემბერი, 2021 • 1950
რატომ ვერ/არ იბარებს ოპოზიცია სუს-ის უფროსს პარლამენტში

ერთ კვირაზე მეტია, რაც, სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილი ათასობით ფაილი გასაჯაროვდა, რაც, ერთი მხრივ — ტოტალურ უკანონო თვალთვალზე და მეორე მხრივ, უსაფრთხოების სამსახურში ინფორმაციის დაუცველობაზე მიუთითებს, თუმცა სუს-ის უფროსს საზოგადოებისთვის ახსნა-განმარტების მიცემა საჭიროდ არ ჩაუთვლია. ამ ფონზე საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი გრიგოლ ლილუაშვილის პარლამენტში დაბარებას ცდილობს, თუმცა ხელს, “ქართულ ოცნებასთან” ერთად, “ნაციონალური მოძრაობაც” უშლის.

რა ხდება?

ინტერნეტში ხელმისაწვდომი გახდა, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი. ბმული, რომელზეც ატვირთულია ფაილები, მედიასაშაულებებმა 12 სექტემბერს, ღამით ჰაკიმ ფაშას სახელით და სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ” მიიღეს. ფაილებში წარმოდგენილია 2013-21 წლებში, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა. არაერთმა სასულიერო პირმა, თეოლოგმა თუ ჟურნალისტმა ფაილებში საკუთარი საუბრები ამოიცნო.

ოპოზიციის თქმით, ფაქტი არის დასტური იმისა, თუ როგორ უსმენს და აკონტროლებს ყველაფერს სუსი. მმართველი პარტიაში ფარული ჩანაწერების შინაარს “ტყუილ-მართალს” უწოდებენ, რომლის ტირაჟირებაშიც თავდაპირველად ენმ-ს ადანაშაულებდნენ, შემდეგ კი ექს-პრემიერ გიორგი გახარიაზე გადაიტანეს აქცენტი.

პროკურატურამ გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დაიწყო. მიმდინარეობს. სუს-მა განცხადება 14 სექტემბერს გაავრცელა და გამოძიებასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

“ლელოს” ინიციატივა

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევისა და პარლამენტში სუს-ის უფროსის მოსმენის მიზნით, ფრაქცია “ლელომ” ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ინიციატივას მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა პარტიებმა: “საქართველოსთვის”, “გირჩმა”, “მოქალაქეებმა”, “სტრატეგია აღმაშენებელმა” და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა: თაკო ჩარკვიანმა, თამარ კორძაიამ და დავით ბაქრაძემ, თუმცა მათი ხმების საკმარისი არ არის, საჭიროა 38 ხმა, ენმ კი ამბობს, რომ 2 ოქტომბრამდე არ სცალია და რიგგარეშე სხდომის მოწვევას მხარს არ უჭერს.

“მე პირადად, უბრალოდ, წინააღმდეგი ვარ, რომ 2 ოქტომბრამდე იმ თავყრილობაში მონაწილეობა მივიღოთ… 2 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ერთად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება. მანამდე ველზე სამუშაო ძალიან ბევრია. 2 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც აუცილებლად ჩაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, იქ ნამდვილად უნდა გაიმართოს ყველა დისკუსია, შეიქმნას შესაბამისი საგამოძიებო კომისიები, თუ საჭირო იქნება და ა.შ. 2 ოქტომბრამდე “ნაციონალური მოძრაობის” არც ერთ დეპუტატს ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია. უმრავლესობა მათგანი არის კანდიდატი, რაიონებში ველად არიან გასულები და თითოეული დღე არის საჩუქარი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ეს ადამიანები აქტიურ მუშაობას მოწყდნენ, თბილისში ჩამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ სხდომაში”, — განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიამ.

ეს პოზიცია გაიზიარა “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემაც. დანარჩენი ოპოზიციისთვის კი ენმ-ის პოზიცია გაუგებარია.

“ტოტალური თვალთვალის ფაქტების შემდეგ გვაქვს შესაძლებლობა, სუს-ის უფროსი პარლამენტში მობრძანდეს და პასუხი გასცეს ყველაფერს. ამისთვის ოპოზიციას საკუთარი ხმები ჰყოფნის და ამას არ იყენებს, რა ჰქვია ამას?! ასე გავუშვით ხელიდან არჩევნებამდე 5 ივლისის გამოძიების შანსიც. სუს-ის უფროსი პარლამენტში ოპოზიციის დაკითხვით — ამას უშლის ახლა ხელს “ენმ”. ეს არის მორიგი და სამწუხაროდ, არც პირველი შეცდომა, პოლიტიკურად მცდარი გადაწყვეტილება”, — აცხადებს ხათუნა სამნიძე, შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის წევრი.

“მოვისმინე “ნაციონალური მოძრაობის” განცხადება და სიმართლე გითხრათ, სახტად დავრჩი. 5 ივლისის საქმეზე პარლამენტში არ შემოვიდნენ და საგამოძიებო კომისია არ შეიქმნა, იმიტომ, რომ მათ გარეშე არ იქმნება. დღეს აცხადებენ, რომ არ აინტერესებთ, დაიბარონ სუს-ის ხელმძღვანელი და მოწვეული იყოს რიგგარეშე სხდომა. მაშინ, რატომ არიან “ივანიშვილის თავყრილობაში”, თვითონ რატომ შემოვიდნენ პარლამენტში? თვითმმართველობის არჩევნებში წარმატების მიღწევას როგორ აპირებ, თუ ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების პროცესში მონაწილეობა არ გინდა?” — კითხულობს “მოქალაქეების” წევრი ლევან იოსელიანი.

“ისეთი ამბები ხდება ქვეყანაში წინასაარჩევნოდ, რომ საკანონმდებლო ორგანომ რაღაც უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ, არც სასამართლოს იმედი გვაქვს, არც საგამოძიებო ორგანოების, არც სხვა რომელიმე სამინისტროსი. ამიტომ, მინიმუმ ადეკვატურია, რომ პარლამენტის წევრებმა ეთრმანეთს ჩავხედოთ თვალებში და ვკითხოთ, გვინდა თუ არა, ასე გავაგძელოთ ცხოვრება, იმიტომ რომ ეს კომპრომატი მარტო ოპოზიციონერებზე არ იქნება, დეპატამენტიც ყოფილა, რომელიც ხელისუფლებას უსმენს”, — განაცხადა “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ.

“ნაციონალურ მოძრაობას” შეუძლია თავად არ დაესწროს რიგგარეშე სხდომას, თუმცა დაეხმაროს ოპოზიციას მის მოწვევაში. “ლელო” იმედოვნებს, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილებას გადახედავს.

“ჩემთვის ნიკა მელიას პოზიცია გაუგებარია, შეურაცხმყოფელიც არის, რადგან არ მესმის, რას ნიშნავს “ივანიშვილის თავყრილობა”. იმედია, გადახედავენ ამ პოზიციას. თუ დროის ამბავია, მინდა ვთხოვო, გადახედონ ამ დროს. თუ ვერ მოხერხდება 2 ოქტომბრამდე, ხელმოწერა დაგვიფიქსირონ. „ოცნების“ დეპუტატებსაც მივმართავ, რომ სიმართლე გავარკვიოთ”, — განაცხადა “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.

“ოცნების” პოზიცია და რეგლამენტის ინტერპრეტაცია

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა თქვა, რომ “რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის მეოთხედს აქვს იმ შემთხვევაში, თუ ეს არის სასესიო კვირა, რეგლამენტის შესაბამისად კი, როგორც წესი, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე სხდომები არ იმართება” და “ლელოს” რეგლამენტის წაკითხვისკენ მოუწოდა.

არჩევნებამდე რიგგარეშე სხდომის მოწვევას ეწინააღმდეგება პარლამენტის თავმჯდომარეც. კახა კუჭავას ერთ-ერთ არგუმენტად მოჰყავს, რომ ამ საკითხზე ოპოზიციაშიც არ არის ერთობა.

“არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე სხდომის მოწვევა არ არის ის პრაქტიკა, რომელიც ოდესმე განხორციელებულა. არც ახლა მიმაჩნია, რომ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე უნდა ჩატარდეს სხდომა, რომელიც თავისუფლად შეიძლება, რომ ჩატარდეს ერთი კვირის შემდეგაც სრული კონცენტრაციით, ყველა დეპუტატის მონაწილეობით. ფაქტია, ამ კუთხით ოპოზიციაშიც არ არის ერთობა და ყველა ვერ მოახერხებს დასწრებას, რადგან წინასაარჩენო კამპანიის ფარგლებში გაფანტული არიან რეგიონებში”, — განაცხადა კახა კუჭავამ.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წელს არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება. თუმცა ამ პერიოდში, თუ იგი ემთხვევა პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების კვირას, საჭიროების შემთხვევაში პლენარულ სხდომებს იწვევს პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნის საფუძველზე.

სხვა შემთხვევაში პლენარული სხდომა მოიწვევა რიგგარეშე სხდომისთვის დადგენილი წესით — პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის ან მთავრობის მოთხოვნით სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას − რიგგარეშე სხდომას.

შესაბამისად, რიგგარეშე სხდომის მოწვევისთვის საკმარისია 38 დეპუტატის ინიციატივა.

მასალების გადაბეჭდვის წესი