ახალი ამბები

პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

14 სექტემბერი, 2021 • 1006
პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურაში გამოძიება დაიწყო მედიასაშუალებების მიერ ფარულ  ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე.

უწყების ცნობით, გამოძიება დაიწყო კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს:

  • კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება, აგრეთვე, კომპიუტერულ სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების უნებართვო მოპოვება ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის, ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ შენახვას
  • კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენება, გავრცელება, ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარ უზრუნველყოფას

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

“მოვუწოდებთ ყველას, ვისთანაც შესაძლოა ინახებოდეს უკანონო ჩანაწერები და მასალები, გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ. ამასთან, იმ მედიასაშუალებებს, რომლებსაც გააჩნიათ აღნიშნული მასალა, მოვუწოდებთ, ამჯერად მაინც ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მოგვაწოდონ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები. ასევე ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პირადი და პერსონალური ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისგან”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.


13 სექტემბერს ინტერნეტში თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი აიტვირთა. ბმული, რომელზეც ფაილებია ატვირთული, მედიასაშაულებებმა მიიღეს ჰაკიმ ფაშას სახელით, სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ”. ფაილებში წარმოდგენილია, სავარაუდოდ, 2014 წლიდან დღემდე ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მათ შორის,საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულწლოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი