ახალი ამბები

სუსი ფარულ ჩანაწერებზე განცხადებას ავრცელებს

14 სექტემბერი, 2021 • 2169
სუსი ფარულ ჩანაწერებზე განცხადებას ავრცელებს

სუსი ფარულ თვალთვალთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურასთან თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეებში მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პროკურატურამ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დაიწყო გამოძიება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზად არის, გამოძიების ყველა ეტაპზე მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პროკურატურასთან. უწყების ობიექტურ ინტერესს წარმოადგენს ჩატარდეს კომპლექსური და სრულყოფილი გამოძიება, რათა პასუხი გაეცეს ყველა კითხვას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რადგან “მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას, ამცირებს ნდობას სამართალდამცავი უწყებების მიმართ და უკიდურესად აზიანებს სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემას”.

ინტერნეტში, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი აიტვირთა. ბმული, რომელზეც ფაილებია ატვირთული, მედიასაშაულებებმა მიიღეს ჰაკიმ ფაშას სახელით, სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ”. ფაილებში წარმოდგენილია, სავარაუდოდ, 2014 წლიდან 2021 წლამდე ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი