ახალი ამბები

როგორ მოიგო თალიბანმა საინფორმაციო ომი

13 სექტემბერი, 2021 • 3014
როგორ მოიგო თალიბანმა საინფორმაციო ომი

“მედია ძირითადი და მნიშვნელოვანი ელემენტია ჩვენსა და ოკუპანტ მტერს შორის მიმდინარე ომში. შეიძლება, მედიაომის [მოგება] თავად ომში გამარჯვების ნახევარზე მეტიც იყოს”, — თქვა თალიბანის სპიკერმა 2012 წელს. 9 წლის შემდეგ თალიბანმა გაიმარჯვა მიწაზეც და საინფორმაციო სივრცეშიც.

ავღანეთის შიგნით თუ გარეთ მრავალი ეჭვის თვალით უყურებს მტკიცებას, რომ ისლამისტური დაჯგუფება შეიცვალა და 1990-იანი წლების მსგავსი სისასტიკე აღარ განმეორდება. თუმცა ნაკლებად საკამათოა, რომ უკანასკნელ 20 წელიწადში თალიბანის შიგნით მართლაც შეიცვალა მინიმუმ ერთი რამ: ესაა დაჯგუფების  მიდგომები ტექნოლოგიასთან და მის სარგებელთან დაკავშირებით.

თალიბანის ლიდერებისა და მხარდამჭერების მიერ სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელებული პოსტები, ფოტო-ვიდეომასალა, საინფორმაციო გრაფიკები თუ სარკასტული მიმები ნათელს ხდის, როგორ გამოიყენა დაჯგუფებამ თანამედროვე ტექნოლოგია საინფორმაციო ომის მოსაგებად მაშინ, როცა არცთუ შორეულ წარსულში გაშმაგებით იბრძოდა მის წინააღმდეგ.

დამწვარი ტელევიზორებიდან პირველ ვებსაიტამდე

მას შემდეგ, რაც 1996 წელს თალიბანმა ქაბული დაიკავა და ქაოსში ჩაფლული ავღანეთის ტერიტორიის დიდ ნაწილზე კონტროლი დაამყარა, დაჯგუფებამ მკაცრად აკრძალა გართობისა და ინფორმაციის მიღების ყველა ტექნიკური საშუალება.

ტელევიზორს, ვიდეომაგნიტოფონს, ფოტოაპარატს, სატელიტურ თეფშსა თუ კომპიუტერს ისლამისტები “გარყვნილებისა” და “ამორალური გართობის” საშუალებებად მიიჩნევდნენ. აღმოჩენის შემთხვავაში, ტექნიკას ანადგურებდნენ.

აი, ერთ-ერთი ამბავი თალიბანის არაოფიციალური, ყოველკვირეული გამოცემიდან, სახელწოდებით “Dharb-i-Mumin”, რომლითაც დაჯგუფება მკითხველს უამბობდა, როგორ ატარებდა პრაქტიკაში ისლამური სამართლის მისეულ, ფუნდამენტალისტურ ვერსიას:

“[რელიგიურმა პოლიციამ] მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო კამპანია ტელევიზორების, ვიდეომაგნიტოფონების, სატელიტური თეფშების გასანადგურებლად.

სამშაბათს, აქ, ქაბულში, ასობით ტელევიზორი და ამორალური გართობის სხვა საშუალებები მაღაზიებიდან და სამუშაო ადგილებიდან ამოიღეს, შემდეგ კი  გაანადგურეს.

კორუფციის ეს საშუალებები ზოგიერთ ადგილას მაღალსართულიანი შენობების ფანჯრებიდანაც გადმოყარეს, რათა დაემსხვრიათ ისინი.

წყარომ გამოავლინა, რომ ამავე მხურვალებითა და გულმოდგინებით გაგრძელდებაკამპანია  ზნეობრივი გარყვნილების ამ საშუალებების სრულად განადგურებამდე”.

თალიბანის მებრძოლები. სქრინი NBC-ის ვიდეოდან

საინტერესო ის არის, რომ ეს და სხვა ამბები უშუალოდ “Dharb-i-Mumin”-ის ფურცლებზე არ გვინახავს. მასალა შემონახულია New York Times-ის 1998 წლის სტატიაში, რომლითაც გაზეთი მკითხველს უამბობს თალიბანის პირველ, პრიმიტიულ ვებსაიტზე, მისამართით Taliban.com

გაზეთის თანახმად, ვებგვერდი, სავარაუდოდ, ავღანეთის მოსაზღვრე პაკისტანიდან იმართებოდა და ძირითადად, გარე გამოყენებისთვის იყო შექმნილი.

მარტივად რომ ვთქვათ, ავღანეთში ტექნოლოგიის თითქმის სრულად აკრძალვის პირობებში, ისლამისტური დაჯგუფება თავად იყენებდა იმ დროისთვის უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევას — ინტერნეტს, რათა გარე აუდიტორიასთან ჰქონოდა კავშირი და ზოგიერთ შემთხვევაში, დადებითად წარმოეჩინა თავი დასავლური მედიის წინაშე.

მიუხედავად თალიბანის ამ მცდელობებისა, ვერ იფარებოდა სისასტიკე, რომლითაც დაჯგუფება ქვეყანას 5 წლის განმავლობაში მართავდა. ალ-კაიდას ლიდერის, ოსამა ბინ ლადენისთვის თავშესაფრის მიცემისა და აშშ-სთვის მის გადაცემაზე უარის თქმის შემდეგ კი საბოლოოდ დაესვა წერტილი თალიბანის მხრიდან სახის შენარჩუნების მცდელობას.

2001 წელს, 9/11-ის ტერაქტებიდან მალევე,  აშშ და მოკავშირეები ავღანეთში თალიბანის პოზიციებსა და ალ-კაიდას სავარაუდო ბაზებს ბომბავენ. თალიბანის ხელისუფლება ემხობა. დაჯგუფება მცირე ხნით წყვეტს ბრძოლას, თუმცა არ ქრება.

პაკისტანის დასავლეთ რაიონებში გახიზნულ ისლამისტებს, რომლებმაც მალევე დაიწყეს ძალების აღდგენა, სახმელეთო ბრძოლების გარდა, კიდევ ერთი ომი ჰქონდათ მოსაგები: საინფორმაციო ომი, რომლის ფარგლებშიც სამიზნე აუდიტორია უნდა დაერწმუნებინათ, რომ სწორედ ისინი იყვნენ ავღანეთის ეროვნულობისა და ისლამის მცველები, განსხვავებით “დასავლელი ოკუპანტის” მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი მთავრობისგან.

20 წლის შემდეგ ეს ომი თალიბანის წარმატებით დამთავრდა. აღნიშნული წარმატება კი განაპირობა ისლამისტების კამპანიამ იმგვარი ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც მათი ხელისუფლების დამხობის პერიოდში ჯერ კიდევ არ არსებობდა.

თალიბანი ინტერნეტში: გზავნილები აუდიტორიის მიხედვით

2001 წლის შემდეგ თალიბანის მიერ გაწეულ ძალისხმევას, უპირატესობა მოეპოვებინა საინფორმაციო ველში და გააქტიურებულიყო მზარდ ონლაინ სივრცეში, ერთ-ერთი ავტორი “ვირტუალურ საამიროსაც” უწოდებს.

2003 წელს, აშშ-ისა და მოკავშირეების წინააღმდეგ ბრძოლის განახლების შემდეგ, ისლამისტურმა დაჯგუფებამ დააფუძნა რადიო “შარიათის ხმა”. ამას მოჰყვა რადიოსადგურის ოფიციალური ვებგვერდის შექმნა, სახელწოდებით “Al Emarah”.

ვებგვერდი ამჟამად ოთხ ენაზე ფუნქციონირებს. ავღანეთში გავრცელებული პუშტუსა და დარის გარდა, ის ასევე მუშაობს ინგლისურ ენაზე და ინდოეთსა და პაკისტანში გავრცელებულ ურდუზე. თავდაპირველად ვებგვერდი მოკლე პრესრელიზებს აქვეყნებდა, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას ნატოს ძალებზე გამარჯვებებისა და დაღუპულთა რაოდენობის შესახებ.

"ალ-სუმუდი" — თალიბანის ერთ-ერთი პროპაგანდისტული ჟურნალის გარეკანი. დაჯგუფების ჟურნალები განსხვავდება როგორც ენების, ისე თემატიკის მიხედვით, სამიზნე აუდიტორია კი, ავღანეთის მოსახლეობასთან ერთად, თალიბანის პოტენციური მხარდამჭერების არიან სხვა ქვეყნებში. "ალ-სუმუდი" არაბულენოვანია.

“ალ-სუმუდი” — თალიბანის პროპაგანდისტული ელექტრონული ჟურნალის გარეკანი. დაჯგუფების ჟურნალები განსხვავდება როგორც ენების, ისე თემატიკის მიხედვით, სამიზნე აუდიტორია კი, ავღანეთის მოსახლეობასთან ერთად, თალიბანის პოტენციური მხარდამჭერები არიან სხვა ქვეყნებში. “ალ-სუმუდი” არაბულენოვანია.

მოგვიანებით ვებგვერდების რაოდენობამ იმატა, მასალა კი მრავალფეროვანი გახდა: ტექსტების გარდა, გამოჩნდა ფოტო და ვიდეოპროპაგანდაც. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პირველ ეტაპზე, როდესაც ავღანეთის მოსახლეობის გაცილებით მცირე ნაწილს ჰქონდა წვდომა ტექნოლოგიებთან, თალიბანი დიდ რესურსს არ დებდა ონლაინ პროპაგანდაში.

“ნაცვლად ამისა, ის ფოკუსირდებოდა პროპაგანდისტულ მასალებზე, რომელთა გავრცელებაც შესაძლებელი იყო იმ ღარიბ მხარეებში, სადაც თალიბანი ოპერირებდა.

ეს ხშირად იღებდა “შაბნამაჰის” (“ღამის წერილების”) ფორმას, რომლებიც ფარულად ვრცელდებოდა სიბნელის საფარქვეშ. მათში გადაჭარბებით იყო საუბარი თალიბანის ძალაუფლებაზე. [წერილები] ანგარიშსწორებით ემუქრებოდა ყველას, ვინც აშშ-ის ძალებს ან ავღანეთის მთავრობას დაეხმარებოდა.

თალიბანმა ასევე დაიწყო აუდიოკასეტების გავრცელება: [ეს იყო] კარგად მორგებული საშუალება მოსახლეობაზე, რომელშიც ჯერ კიდევ იშვიათი იყო წერა-კითხვის ცოდნა ზრდასრულთა შორის”, — წერს ემერსონ ბრუკინგი, “ატლანტიკური საბჭოს” ციფრული სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიის (DFRLab) უფროსი თანამშრომელი.

ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ თალიბანის საინფორმაციო კამპანია დიდი გამოწვევის წინაშე იდგა მრავალი იმ ადამიანის გამო, რომლებიც თავს დაჯგუფების სპიკერებად წარმოადგენდნენ და მისი სახელით სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებდნენ.

ეს საკითხი 2008 წელს მოწესრიგდა, როდესაც თალიბანის კომუნიკაციებმა საბოლოოდ მოიყარეს თავი რამდენიმე ადამიანის ხელში. მათ შორის იყო ზაბიჰულა მუჯაჰიდი, რომელიც კარგა ხნის მანძილზე საჯაროდ არ ჩნდებოდა. ამიტომაც იყო მედიაში სპეკულაციები, რომელთა თანახმადაც ამ სახელის უკან იმალებოდა არა ერთი, არამედ, რამდენიმე კაცი.

კაცი ამ სახელით დღის შუქზე მხოლოდ 2021 წლის აგვისტოში, თალიბანის მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ გამოჩნდა და მედიისთვის პრესკონფერენცია ჩაატარა.

ზაბიჰულა მუჯაჰიდი

საინფორმაციო ომში თალიბანის წარმატების ერთ-ერთ მიზეზად განიხილავენ დაჯგუფების უნარს, სამიზნე აუდიტორიების ინტერესებზე მოერგო თავისი მესიჯები. ამასთან, მისი კამპანიის სამიზნე არ ყოფილა მხოლოდ ავღანეთის მოსახლეობა. Washington Post-ის თანახმად, ის ასევე აქტიურად და შესაძლოა, უფრო მეტსაც მუშაობდა ავღანურ დიასპორებსა და დაჯგუფების პოტენციურ მხარდამჭერებზე საზღვარგარეთ.

“ადგილობრივ მოსახლეობაზე მორგებული გზავნილების ფორმულირება იყო ის, რაშიც საერთაშორისო კოალიციის ძალები ჩაიჭრნენ. თალიბები ორიენტირებულნი იყვნენ ავღანურ კულტურაში ფესვგამდგარი იდენტობის ჩამოყალიბებაზე.

ეს იყო ტაქტიკა, რომელმაც მათ გამარჯვება მოუტანა მოსახლეობის გარკვეულ სეგმენტებში, მათ შორის, მოლებში, რელიგიურ სწავლულებსა და ადგილობრივ ლიდერებში.

ბოლო კვირებში, [დაჯგუფების] ამ მოკავშირეებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ავღანეთის თავდაცვის ძალებისა და ავღანელი ხალხის დარწმუნებაში, რომ დანებებოდნენ თალიბანს, როგორც “ქვეყნის შვილებს” “, — აღნიშნავს ექსტერის უნივერსიტეტის პოლიტიკის ლექტორი ვედა მეჰრანი The Guardian-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

სწრაფად და მოქნილად: თალიბანი სოციალურ მედიაში

პარადოქსულად და ირონიულად ჟღერს ფაქტი, რომ უკანასკნელ წლებში ფუნდამენტალისტური თალიბანი მეტად გააძლიერა ავღანეთში ტექნოლოგიებთან წვდომის მაჩვენებლის ზრდამ.

2019 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობის 89%-ს უკვე ჰქონდა წვდომა ტელეკომუნიკაციებთან, რამაც ავტომატურად გაზარდა წვდომის შესაძლებლობა თალიბანის ონლაინ პროპაგანდასთანაც.

სმარტფონების ეპოქაში მოსაწყენი პრესრელიზები უკვე ნაკლებად იყო ეფექტური. შესაბამისად იმოქმედეს ისლამისტებმაც: 2009 წელს თალიბანი YouTube-ზე გამოჩნდა, 2011 წელს კი უკვე რეგულარულად პოსტავდა Twitter-სა და Facebook-ზე. ამ უკანასკნელს, პროპაგანდის გავრცელების გარდა, დაჯგუფება იყენებდა  მოწინააღმდეგეების პოვნისა და განეიტრალებისთვის, ასევე, ადამიანების გადაბირებისთვისაც.

თუ იქამდე იზოლირებულ დაჯგუფებად აღიქმებოდა, ემერსონ ბრუკინგის სიტყვებით, იმავე წლებში თალიბანმა მეგობრული ბლოგერების ქსელიც შექმნა. ასე “გაციფრულდა” ისლამისტების ბრძოლა აშშ-ისა და ნატოს წინააღმდეგ და სისწრაფეშიც არაერთგზის აჯობა ამ უკანასკნელთ.

“ჯგუფის აქტივობა ტვიტერზე დიდწილად მიზნად ისახავდა სხვადასხვა ბრძოლის დეტალებზე [ინფორმაციის] გაზიარებას — კომენტარების მიცემასაც კი დასავლელი ჟურნალისტებისთვის — საათებით ადრე, ვიდრე ISAF(საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალები) და ავღანეთის მთავრობა ოფიციალურ განცხადებას გააკეთებდნენ”, — დასძენს ბრუკინგი.

თალიბანმა Android-ის სმარტფონებისთვის აპლიკაციაც შექმნა, თუმცა ის მალევე წაიშალა ადმინისტრაციის მიერ. სქრინი: gandhara.rferl.org

თალიბანმა Android-ის სმარტფონებისთვის აპლიკაციაც შექმნა, თუმცა ის მალევე წაიშალა ადმინისტრაციის მიერ. სქრინი: gandhara.rferl.org

იყო შემთხვევებიც, როცა თალიბანის წევრებისა თუ მხარდამჭერების მცირე, მოკლე დროში ამოწურული წარმატებების ეფექტი სოციალურ მედიაში უფრო დიდი ხნით ინარჩუნებდა აქტუალობას. 2016 წელს თალიბანმა ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთ პროვინციაში სულ რამდენიმე წუთით შეძლო მნიშვნელოვანი ობიექტის დაკავება, თუმცა ამ ფაქტის ამსახველი პროპაგანდისტული ვიდეოები მრავლად და ფართოდ გაავრცელეს სოციალურ მედიაში.

ერთ დროს ტელევიზორებზე მონადირე თალიბანი სოციალური მედიის სულ უფრო მზარდ სიკეთეებს მოქნილად იყენებდა თავის სასარგებლოდ. 2019 წელს მათ აითვისეს ე.წ. ჰეშთეგების სისტემა. ისლამისტები მათთვის სასურველი გზავნილებით “სპამავდნენ” პოპულარულ ჰეშთეგებს ტვიტერზე და ამ გზით გაცილებით მარტივად ავრცელებდნენ სასურველ მასალას.

გარდა თალიბანის ლიდერების თუ მათი აქტიური მხარდამჭერების პროფილებისა, წლების განმავლობაში დაჯგუფებამ ჩამოაყალიბა ანგარიშების მთელი ქსელი სხვადასხვა სოციალურ მედიაში, რომლებიც ელვის სისწრაფით მოქმედებდნენ. ტვიტერზე მობილიზებული მოხალისეთა ჯგუფები განსაკუთრებით აქტიურად მუშაობდნენ თალიბანის სპიკერის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის პოსტების გასავრცელებლად.

იარაღი, ლეპტოპი და სმარტფონში გახსნილი "ტვიტერი" — ტექნოლოგიებთან დამეგობრებული თალიბანის გამოხატულება. ფოტო გაავრცელა ანგარიშმა, რომლის მფლობელიც თავს "ისლამური საამიროს რედაქტორად" წარადგენს

იარაღი, ლეპტოპი და სმარტფონში გახსნილი “ტვიტერი” — ტექნოლოგიებთან დამეგობრებული თალიბანის გამოხატულება. ფოტო გაავრცელა ანგარიშმა, რომლის მფლობელიც თავს “ისლამური საამიროს რედაქტორად” წარადგენს

თალიბანი მოხერხებულად იყენებს საკომუნიკაციო აპლიკაციებსაც, კერძოდ, დაშიფრულ პლატფორმებს, რომელთა ადმინისტრაციასაც მომხმარებელთა მიმოწერებზე წვდომა არ აქვს. დაჯგუფება აქტიურია როგორც WhatsApp-ზე, ისე — Telegram-ზე. ვედა მეჰრანის სიტყვებით, კომუნიკაციის გარდა, თალიბანი აღნიშნულ პლატფორმებს ოპერაციების დაგეგმვისა და ჟურნალისტებთან ურთიერთობის პროცესშიც მოიხმარს.

აშშ-სა და თალიბანს შორის მოლაპარაკებების დაწყების წელს(2019) ვირტუალურ სივრცეში მობილიზებული ისლამისტები სრულად მომზადებულნი შეხვდნენ. აშშ-ის ჯარების ავღანეთიდან გასვლის პერსპექტივის მომწიფებასთან ერთად, ონლაინ კამპანია ეტაპობრივად კონცენტრირდა ახალ მისიაზე: დაერწმუნებინა სამიზნე აუდიტორია, რომ თალიბანი შეიცვალა.

“ჩვენც გვსურს, შევცვალოთ აღქმები” — ვიდეობლოგებიდან მიმებამდე

ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის შესახებ დოჰაში მიღწეულ შეთანხმებას თალიბანი თავს წარმოაჩენდა გამარჯვებად და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის დასასრულის დასაწყისად.

არაერთ სპეციალისტს სჯერა, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად, აღნიშნულმა კამპანიამაც შეუწყო ხელი ავღანეთის თავდაცვის ძალების დემორალიზებას, თალიბანთან ბრძოლის ნების არქონასა და მათ დარწმუნებას, დანებებულიყვნენ ისლამისტებს.

დოჰის შეთანხმებამ თალიბანის საერთაშორისო ლეგიტიმაციაზეც დადებითად იმოქმედა. 2020 წლის თებერვალში მასთან აფილირებული შეიარაღებული დაჯგუფების, “ჰაქანის ქსელის” ლიდერმა, სირაჯუდდინ ჰაქანიმ, ამერიკულ New York Times-ზე სვეტიც კი გამოაქვეყნა, რომელშიც საზოგადოებასჰ პირდებოდა “ახალ ავღანეთს”, “სტაბილურობის ბასტიონს”, “მშვიდობასა და ღირსებას”.

მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გარეშე ქაბული დაიკავა და ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნდა, თალიბანმა გააძლიერა ზემოხსენებული გზავნილი. სოციალურ ქსელებში დაჯგუფების ლიდერების მესიჯები უწინდელზე მეტად რბილი და ზომიერია, ფოტო და ვიდეომასალა კი არ შეიცავს ადამიანების დევნისა თუ დასჯის სცენებს.

თალიბანის მებრძოლი სელფის იღებს ქაბულის მახლობლად მდებარე ტურისტულ ადგილას. სქრინი AFP-ის ვიდეოდან

დაჯგუფება ცდილობს, თავიდან აირიდოს ძალადობის შემცველი რიტორიკა და დაარწმუნოს აუდიტორია, რომ მათ მიმართ შიშის საფუძველი არ აქვთ.

“ხალხი ბედნიერია. ახლა მიტევების დროა, ჩვენ არ ვეძებთ შურისძიებას”, — წერდა ტვიტერზე ანას ჰაქანი, “ჰაქანის ქსელის” წევრი, 18 აგვისტოს.

თალიბანის მიერ უწინ თუ ბოლო პერიოდში ჩადენილი ძალადობრივი აქტების ფონზე, რომლებზეც მედია და უფლებადამცველები საუბრობენ, აღნიშნული დაპირებების დაჯერება რთულია. თუმცა ფაქტია, რომ ისლამისტების დახვეწილი კამპანია თავდაუზოგავად მუშაობს საპირისპიროს დასამტკიცებლად.

Washington Post-ის თანახმად, თალიბანის ტაქტიკა სოციალურ მედიაში იმდენად მაღალ ხარისხსა და უნარებს აჩვენებს, ანალიტიკოსებს სჯერათ, რომ დაჯგუფებას საზოგადოებასთან ურთიერთობის მინიმუმ ერთი კომპანია უზრუნველყოფს რჩევებით, როგორ გაავრცელოს თავისი გზავნილები და პოტენციურად ვირუსული ფოტო თუ ვიდეომასალები.

იმ პირობებში, როცა ზოგიერთი პლატფორმა, მაგალითად, Facebook და Youtube, თავის სივრცეში თალიბანის აქტივობებს კრძალავს,  ვედა მეჰრანის თქმით, დაჯგუფებამ პოპულარული ვიდეობლოგერები დაიქირავა, რათა დადებითად წარმოაჩინოს ცხოვრება ქაბულის ქუჩებში მას შემდეგ, რაც ქალაქი ისლამისტებმა დაიკავეს.

თალიბანის ზოგიერთი მხარდამჭერი  სოციალურ მედიაში პოპულარული, სახუმარო მიმებითაც უპირისპირდება დასავლეთსა და მის ღირებულებებს. ერთ-ერთში “ნაჩვენებია”, როგორ “აყვავდებოდა” ავღანეთი, რომ არა საბჭოთა კავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ინტერვენცია. სხვა მიმებში დასცინიან დასავლელ კაცებს და ისლამურ თავსაბურავს სექსუალური შევიწროების შეჩერების გზად წარმოაჩენენ.


საინფორმაციო ომში თალიბანის ამგვარი წარმატება მხოლოდ ცალკეულ, დაჯგუფების იდეებით მონუსხულ მოხალისეებზე არ არის დამოკიდებული. ქარი საიდ ხოსტი, რომელიც, BBC-ის თანახმად, სოციალურ მედიაში თალიბანის აქტივობებზეა პასუხისმგებელი, დასძენს, რომ დაჯგუფებას აქვს “ოთხი სრულად აღჭურვილი სტუდია, რომლებსაც აუდიო და ვიდეომასალის, ასევე, ციფრული ბრენდინგის წარმოებისთვის იყენებენ”.

ხოსტის თქმით, მისი მოვალეობაა, თავი მოუყაროს იმ ადამიანებს, რომლებიც თალიბანს იდეოლოგიური თანხმობის ნიადაგზე უერთდებიან და მიამაგროს ისინი სოციალური მედიის პლატფორმებს, რათა გაავრცელონ დაჯგუფების გზავნილები.

”სოციალური მედია მძლავრი ინსტრუმენტია საზოგადოებრივი აღქმის შესაცვლელად. ჩვენც გვინდა, შევცვალოთ აღქმა თალიბანის მიმართ”, — დასძენს თალიბანის სოციალური მედიის გუნდის ერთ-ერთი წევრი.

ძალისხმევას შედეგიც აქვს. ქაბულის დაცემის მომდევნო დღეებში Facebook-ზე მათი მიმდევრების რიცხვი 120%-ით გაიზარდა, Youtube-ზე კი თალიბანის ვიდეოები ათობით ათასმა ადამიანმა ნახა. ეს იმ ფონზე, როცა მანამდე აღნიშნულ ვიდეოებს, საშუალოდ, ათასზე ნაკლები ნახვა ჰქონდა.

თალიბანის აქტივობები, როგორც სოციალური მედიის კომპანიების თავის ტკივილი

წლების განმავლობაში სოციალური მედიის კომპანიები თალიბანის აქტივობების მიმართ გარკვეულწილად უმოქმედონი იყვნენ. ფეისბუქი, იუთუბი თუ ტვიტერი მხოლოდ იმ მასალებს შლიდნენ, რომლებიც ღიად ეწინააღმდეგებოდა მათ განაწესს.

ემერსონ ბრუკინგის თანახმად, დამოკიდებულება შეიცვალა 2014 წელს, როცა საზოგადოებრივი ზეწოლის შემდეგ,კომპანიებმა გაააქტიურეს ბრძოლა იმ დროისთვის ერაყსა და სირიაში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფების, “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ. იმ პერიოდში დაწყებულ “წმენდაში” თალიბანიც მოყვა.

ამჟამინდელი მოცემულობა ასეთია: თალიბანის აქტივობები სოციალური ქსელების დიდ ნაწილში აკრძალულია, თუმცა, ძველი ანგარიშების წაშლის შემდეგ დაჯგუფების მხარდამჭერები სწრაფად ქმნიან ახლებს და ღიად არღვევენ ხსენებულ აკრძალვას. მეორე მხრივ, ზოგ შემთხვევაში, ამერიკულ კომპანიებს უჭირთ ისლამისტურ დაჯგუფებასთან მიმართებით ცალსახა გადაწყვეტილებების მიღება.

ერთ-ერთი ასეთი დამაბრკოლებელი თალიბანის სტატუსია. აშშ-ს ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში ჰყავს შეყვანილი პაკისტანის თალიბანი, ავღანეთის თალიბანს კი მსგავსი სტატუსი არ აქვს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს ამ უკანასკნელისთვის მხოლოდ სანქცირებული ორგანიზაციის სტატუსი აქვს მინიჭებული.

აღნიშნული სტატუსი კომპანია Facebook-სთვის საკმარისი აღმოჩნდა, რათა სრულად აეკრძალა თალიბანის აქტივობები როგორც უშუალოდ Facebook-ზე, ისე მასზე დაქვემდებარებულ WhatsApp-სა და Instagram-ზე. ამავე მიზეზით, Youtube-მა განაცხადა, რომ განაგრძობს ყველა იმ ანგარიშის წაშლას, რომელთაც ავღანეთის თალიბანი ფლობს და მართავს.

ისლამისტურ დაჯგუფებას შედარებით მეტი თავისუფლება აქვს Twitter-ზე: თალიბანის ზოგიერთ წარმომადგენელს აქ ასობით ათასი გამომწერი ჰყავს. კომპანია ამბობს, რომ ძალადობრივი გზავნილების შემცველ მასალებს შლის. თალიბანის სპიკერები სიფრთხილით ეკიდებიან აღნიშნულ რეგულაციას, თავს იკავებენ სიძულვილის ენისგან და ამ გზით ცდილობენ, დარჩნენ ტვიტერზე.

თალიბანის პირველი პრესკონფერენცია. ფოტო:EPA-EFE/STRINGER

ეს უკანასკნელი მოცემულობა დებატის საგანია აშშ-ში, სადაც ზოგიერთი ჩივის, რომ Twitter ცალსახად არ კრძალავს ისლამისტურ თალიბანს, მაშინ, როცა ამავე კომპანიამ დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა აშშ-ის კაპიტოლიუმში მისი მომხრეების შეჭრის შემდეგ, დაინახა რა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის პოსტებში “ძალადობის წახალისების რისკი”.

“ანალიტიკოსების თქმით, პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რომ ტრამპის პოსტები წლების განმავლობაში არღვევდა პლატფორმის წესებს სიძულვილის ენისა და ძალადობის წაქეზების წინააღმდეგ. დღევანდელი თალიბანი, დიდწილად, არა”, — წერს Washington Post.

“[თუმცა], ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თალიბანი არ უნდა მოიხსნას სოციალური მედიიდან, რადგან პროპაგანდა და მესიჯები, რომელთაც ის ავრცელებს… აძლიერებს უკიდურესად საშიშ, გლობალურ ისლამისტურ მოძრაობას”, — ეუბნება ამავე გამოცემას რიტა კატსი, ორგანიზაცია “SITE-ის სადაზვერვო ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი.

ისმის მოსაზრებებიც, რომ რთულდება თალიბანთან ასოცირებული ნებისმიერი მასალის წაშლა იმ პირობებში, როცა დაჯგუფება უკვე ხელისუფლების სათავეშია და 38- მილიონიან ავღანეთს აკონტროლებს. მაგალითად, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია WhatsApp-ის ადმინისტრაციის მიერ თალიბანის “ცხელი ხაზის” წაშლამ, რომლითაც მოქალაქეებს ძალადობის, ძარცვისა თუ სხვა სახის დანაშაულის შესახებ შეტყობინებების დატოვება შეეძლოთ.

ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბანის დაბრუნებიდან 1 თვის თავზე, კითხვა უფრო მეტია, ვიდრე პასუხი. თუმცა ნათელია, რომ დაჯგუფებამ შეძლო, თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა დასავლური ტექნოლოგია, რომელსაც ერთ დროს გასანადგურებლად დასდევდა ქუჩებში, მაღაზიებსა თუ ბინებში.

ახლა საკითხავია, დარჩებიან თუ არა ისლამისტები ასეთი მეგობრულნი სოციალური მედიის მიმართ, რომელიც გამოხატვის პრაქტიკულად ერთადერთი საშუალებაა იმ ავღანელთათვის, რომლებიც არ ეგუებიან ახალ რეალობას და არ სურთ, თავად და თავიანთმა შთამომავლებმა თალიბანის მმართველობის პირობებში იცხოვრონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი