ახალი ამბები

Kremlin Leaks: თამაშები, სერიალები და ფესტივალები – 631 მლნ ევრო კრემლის შიდა საინფორმაციო ომისთვის

26 თებერვალი, 2024 • 436
Kremlin Leaks: თამაშები, სერიალები და ფესტივალები – 631 მლნ ევრო კრემლის შიდა საინფორმაციო ომისთვის

კრემლიდან გაჟონილი დოკუმენტების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასობით მილიონ ევროს ხარჯავს „საინფორმაციო ომზე“ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რათა უზრუნველყოს ვლადიმერ პუტინის გამარჯვება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში.

ესტონურმა Delfi-მ მოიპოვა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გაჟონილი დოკუმენტები — ყველაზე ბოლო თარიღდება გასული წლის დეკემბრით – რომლებიც ერთობლივი გამოძიებისთვის გაუზიარა VSquare-ს და Frontstory.pl-ს (პოლონეთი), Expressen-ს (შვედეთი), Meduza-სა და iStories-ს (დამოუკიდებელი რუსული საშუალებები), Paper Trail Media-ს, Der Spiegel-სა და ZDF-ს (გერმანია), Der Standard-ს (ავსტრია) და Tamedia-ს (შვეიცარია).

Delfi-ის თანახმად, გაჟონილი დოკუმენტები დეტალურად ასახავს, თუ როგორ უზრუნველყოფს კრემლი პუტინის არჩევნებში გამარჯვებას, აგებს პანრუსულ პროპაგანდისტულ ქსელს და ინტერნეტ ცენზურას საინფორმაციო ომის სახელით, ქმნის მთავრობის მიერ კონტროლირებად „მოაზროვნეებს“ და უთვალთვალებს საკუთარ მოქალაქეებს დახვეწილი IT სისტემების გამოყენებით.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, კრემლიდან გაჟონილი დოკუმენტებში ამ ქმედებებს პირდაპირ უწოდებენ „საინფორმაციო ომს“, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხდება საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ. სამი ძირითადი კატეგორიის — საპრეზიდენტო არჩევნების, საინფორმაციო ომისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების — მთლიანი დაგეგმილი ბიუჯეტი 1,1 მილიარდ ევროს აღწევს. მისი ყველაზე დიდი წილი, 631 მლნ ევრომდე, დოკუმენტების მიხედვით, სწორედ საინფორმაციო ომისთვის გამოიყო.

დოკუმენტებმა გაჟონა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ე.წ. შიდაპოლიტიკური ბლოკიდან, რომელსაც სერგეი კირიენკო ხელმძღვანელობს. Excel-ის ფაილები, სამუშაო შეხვედრების ოქმები, ასევე, პრეზენტაციები და მოხსენებები, რომლებიც შექმნილია  კირიენკოს ხელმძღვანელობით საშინაო პოლიტიკის ბლოკში, არის იმ დოკუმენტებს შორის, რომლებიც Delfi-ში გაჟონა.

დოკუმენტებში დეტალურად არის აღწერილი რუსეთის ფედერაციის წლევანდელი ბიუჯეტიც. მასში როგორც ფინანსური მაჩვენებლები, ასევე პასუხისმგებელი პირები კონკრეტული პროექტების მიხედვით განისაზღვრება. რამდენიმე პროექტის შემთხვევაში დასახელებული არიან ადამიანებიც, რომლებიც დაფინანსების საკითხს წყვეტენ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ადამიანი არის პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი, ან თავად პუტინი.

მაგალითად, ერთი დოკუმენტი, Delfi-ს თანახმად, რუს პროპაგანდისტს ვლადიმირ სოლოვიოვს ეხება. დოკუმენტების თანახმად, სოლოვიოვმა მიიღო 1,5 მილიარდი რუბლი რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2023 წელს, ანუ დაახლოებით 15 მილიონი ევრო. თუმცა წლევანდელი ბიუჯეტიდან სოლოვიოვისთვის ორჯერ მეტი — 30 მილიონი ევრო არის გამოყოფილი. ჩანაწერს თან ახლავს შენიშვნა სოლოვიოვისა და პუტინის მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ.

„ჩვენ არ ვიცით, როგორ ჩაიარა შეხვედრამ, მაგრამ, რუსეთის 2024 წლის საჯარო ბიუჯეტის მიხედვით, სოლოვიოვის კომპანიამ მაინც მიიღო 15 მილიონი ევრო“, — წერს Delfi.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბავშვთა უფლებების კომისარი მარია ლვოვა-ბელოვა, რომელზეც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ძებნა გამოაცხადა უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის გამო, წელს მიიღებს 420 000 ევროს. კომენტარების სვეტში ნათქვამია, რომ თანხა სპეციალურად „სპეციალური სამხედრო საოკუპაციო ზონიდან ბავშვების გაყვანისთვის“ გაიცემა.

გაჟონილი დოკუმენტების თანახმად, სამოქალაქო საზოგადოების პოპულარიზაციის მიზნით, პუტინის ადმინისტრაციამ შექმნა ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაციების (АНО) ფართო ქსელი, რომელთა საქმიანობას სრულად აკონტროლებს კრემლი და რომლებშიც ყოველწლიურად ასობით მილიონი ევრო იხარჯება სახელმწიფო პროპაგანდის და საზოგადოების „სწორი აზროვნების“ მიზნების უზრუნველსაყოფად.

დოკუმენტებში ჩამოთვლილია 15 ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოსგან დაფინანსებას იღებს. მათი მთლიანი ბიუჯეტი 59 მილიარდი რუბლი, ანუ თითქმის 600 მილიონი ევროა.

ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე АНО არის ინტერნეტის განვითარების ინსტიტუტი, ან IRI (Институт развития интернета), რომელიც აწარმოებს პატრიოტულ მობილურ თამაშებს, სერიალებსა და ფილმებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის. გასულ წელს IRI-მ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითქმის 22 მილიარდი რუბლი (ანუ 220 მილიონი ევრო) მიიღო. წელს, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, თავდაპირველად 11 მილიარდი რუბლი გამოეყო.

მაგალითად, არჩევნების დროს ფილმის “Callsign: Passenger” (თავდაპირველად დაგეგმილი სათაურით “Ополченец”) პრემიერა შედგება. ფილმის მოკლე შინაარსის მიხედვით, ახალგაზრდა მხატვარი, სახელად რიაბინინი, „მიტოვებს თავის მშვიდობიან ცხოვრებას და მოხალისედ იბრძვის სამოქალაქო ომში [უკრაინის წინააღმდეგ ომში]“.

ახლახან რუსულ სტრიმინგ საიტზე, Wink-ზე 12-ნაწილიანი სერია GDR (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) დაიწყო. მოკლე შინაარსის მიხედვით, საბჭოთა ჯაშუში აღმოჩნდება მსოფლიოს წამყვანი სადაზვერვო სამსახურების ინტრიგების ცენტრში. მთავარი გმირი უშიშროების ოფიცრის დადებით სურათს ასახავს და მის პროტოტიპში, სავარაუდოდ, პუტინი მოიაზრება.

რამდენიმე ფილმი, სერია და სხვა პროექტი მიზნად ისახავს უკრაინისა და დასავლეთის შერცხვენას და დამცირებას, მაგალითად, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის წარმოჩენას „ანგლო-ამერიკელების“ თოჯინად.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული პუტინის ადმინისტრაციის პროექტების ბიუჯეტი შეადგენს 54 მილიარდ რუბლს, დაახლოებით 20 მილიარდი რუბლი გამოყოფილია „დამატებითი საჭიროებისთვის“ 2023 და 2024 წლებში ერთად.

მაგალითად, დამატებითი დაფინანსება — 45 მილიონი ევრო — გათვალისწინებულია „მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალისთვის“, 16.7 მილიონი ევრო — საერთაშორისო გამოფენისთვის და დამატებითი მილიონი სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებისთვის, როგორიცაა მერების სკოლა, ციფრული სკოლა, ბავშვთა პატრიოტული ბანაკი და სხვა.

„მსგავს სკოლებს, შეჯიბრებებსა და ბანაკებს კრემლი არ აფინანსებს მხოლოდ კონკრეტული ღონისძიებისთვის. „ისინი ახალი ელიტის აღზრდისა და ინდოქტრინაციისთვის არიან. კრემლს ესმის, რომ რუსეთი გერონტოკრატიად იქცევა და მათ უნდა ააშენონ ახალი ელიტა, რომელიც იდეოლოგიურად იმავე ადგილას იქნება, სადაც რეჟიმი“, – აცხადებს რუსეთის ანალიტიკოსი მარკ გალეოტი, რომელსაც Delfi გაჟონილი დოკუმენტების შესახებ ესაუბრა.

ახალგაზრდობის ფესტივალი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, მიმდინარე წლის 1-7 მარტს ტარდება და მის დეკლარირებულ მიზანს საერთაშორისო ახალგაზრდული თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენს. რუსული მედიის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 20 000 ახალგაზრდა ლიდერი განათლების, მეცნიერების, საერთაშორისო თანამშრომლობის, კულტურის, ქველმოქმედების, სპორტის, ბიზნესისა და მედიის სფეროებში.

პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორ დიმიტრი ლორთქიფანიძის ინფორმაციით, ფესტივალში საქართველოდან 40-კაციანი დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.

ლორთქიფანიძე: საქართველოდან 40-კაციანი დელეგაცია მიდის რუსეთში ფესტივალზე

მასალების გადაბეჭდვის წესი