საზოგადოება

რატომ გაააქტიურეს საპარლამენტო უმრავლესობაში ანტიდასავლური რიტორიკა

29 თებერვალი, 2024 • 1593
რატომ გაააქტიურეს საპარლამენტო უმრავლესობაში ანტიდასავლური რიტორიკა

ბოლო დღეებში მმართველი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ანტიდასავლური რიტორიკა კვლავ გაააქტიურეს. გარკვეული პერიოდით თითქოს შერბილებული ტონის კვლავ გამკაცრებას ანალიტიკოსები ძირითადად ორი მიზეზით ხსნიან:

  • არჩევნების წინ დასავლეთის მიმართ ნაკლები სიმპათიით განწყობილი ამომრჩევლის მიმხრობის სურვილი
  • საკვანძო რეფორმების აუცილებლობის გადაფარვა

ბრძოლა კონსერვატიულად განწყობილი ამომრჩევლისთვის

„ქართული ოცნების“ და მათი განაყოფის „ხალხის ძალის“ მხრიდან ანტიდასავლური რიტორიკა ახალი არ არის. ამ რიტორიკის ნაწილი იყო მათ მიერ წარმოებული სხვადასხვა შეთქმულების თეორია, მათ შორის: საქართველოს ომში ჩათრევაზე, სტრატეგიული პარტნიორების  მხრიდან ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევასა და ე.წ. ლგბტ პროპაგანდის თავს მოხვევაზე. ასევე იყო თავდასხმები აშშ-ისა და ევროკავშირის ყოფილ ელჩებსა და ევროპარლამენტარებზე.

სწორედ „ხალხის ძალა“ იყო მთავარი გამხმოვანებელი „ოცნების“ მიერ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდის, რომ თითქოს საქართველო მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის გამო ისჯებოდა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ამიტომ ვერ მიიღო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად 2022 წელს.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე ეს რიტორიკა შერბილდა, თუმცა, როგორც ჩანს, დროებით. ბოლო დღეებში ანტიდასავლური გზავნილები კარგად ნაცნობი ძველი საკითხის, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის ირგვლივ გაერთიანდა, რომლის საბაბადაც იქცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა დოკუმენტი გენდერულად სენსიტიური ტერმინების გამოყენების შესახებ.

„ნიუ-იორკ პოსტის“ ცნობით, ბლინკენმა სახდეპის თანამშრომლებს სთხოვა. შეძლებისდაგვარად, „გენდერულად ნეიტრალური ლექსიკა“ გამოიყენონ, რათა ამით „გამოხატონ პატივისცემა და თავიდან აირიდონ გაუგებრობები“.

„ხალხის ძალა“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ამ შიდა დოკუმენტს ისე წარმოაჩენს, თითქოს საქართველოს მის გადმოღებასა და გაზიარებას ავალდებულებდნენ.

„თუ ოპონენტები იტყვიან, რატომ საუბრობთ აშშ-ზე და არა რუსეთზეო, რუსეთი გასაგებია, რომ ოკუპანტია, ამიტომ სტრატეგიულ პარტნიორად არ აგვირჩევია ის, არამედ აშშ ავირჩიეთ, მაგრამ უკვე ზღვარს გადადის ლგბტქ+ პროპაგანდა აშშ-დან“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ.

აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა, – მას შემდეგ, რაც მოისმინა ჟურნალისტების კითხვები,- გაკვირვებაც კი გამოხატა, რატომ გახდა ეს შიდა დოკუმენტი ასეთი ინტერესის საგანი საქართველოში.

ამასთან, თუკი აქამდე „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ თავს ესხმოდნენ აშშ-ის წინა ელჩს, კელი დეგნანს  და ახალ ელჩის, რობინ დანიგანის მიმართ შედარებით კეთილგანწყობას აჩვენებდნენ, ბოლო დღეებში მის მიმართაც გაისმის კრიტიკა. მართალია, ამას “ოცნების” ლიდერები არ აკეთებენ, თუმცა ელჩის მიმართ ტონი გაამკაცრა „ხალხის ძალამ“, ჯგუფმა, რომელმაც თავის დროზე მმართველი პარტიიდან გამოსვლა იმით ახსნა, რომ უფრო ღიად სურდათ ესაუბრათ იმის შესახებ, რაზეც მმართველ გუნდში ხმამაღლა არ ლაპარაკობდნენ.

ერთ-ერთი პირველი, ვინც აშშ-ის ახალი ელჩი გააკრიტიკა, სწორედ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი სოზარ სუბარია.

„რობინ დანიგანის პასუხი კითხვაზე, როგორ უყურებს იმ ფაქტს, რომ ამერიკის მთავრობა USAID-ის თუ ამერიკის საელჩოს მეშვეობით აფინანსებს იმ ენჯეოების საქმიანობას, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ცდილობენ, არ იყო დამაკმაყოფილებელი და არ იყო ის, რასაც მეგობრისგან უნდა ვისმენდეთ“, – განაცხადა სუბარმა „იმედის“ ეთერში.

ანტიდასავლური რიტორიკის დინამიკას  „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) პოლიტიკის მკვლევარი, ნინო სამხარაძე ხელისუფლების სტრატეგიული საჭიროებებით ხსნის. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ბრიუსელის ფრონტზე სტრატეგიულ მიზანს მიაღწია, ახლა ამომრჩევლის იმ ნაწილის მოზიდვაც სჭირდება, რომელიც გამოკვეთილად პროდასავლელი არ არის. აქ კი მმართველი გუნდის ინტერესები ღიად პრორუსულ ულტრამემარჯვენე „ალტ-ინფოსთან“ იკვეთება, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.

წინა წლებში „ალტ-ინფოსა“ და მისი ლიდერების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება ხისტი არ ყოფილა. მეტიც, მიუხედავად ვიდეომტკიცებულებებისა,  2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები ამ დრომდე საგამოძიებო უწყებებს არც გამოუვლენიათ და არც დაუსჯიათ. თბილისის ცენტრში შეკრებილ ჰომოფობიურ და ძალადობრივ ჯგუფებს სათავეში სწორედ „ალტ-ინფოს“ ლიდერები ედგნენ.

თუმცა „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI-ის ) მიერ ბოლოს გამოქვეყნებული დაკვირვებით,  „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ და „ქართული ოცნების“ რიტორიკა ერთმანეთს 2023 წლის ნოემბერში, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ დაშორდა.

ულტრამემარჯვენეებსა და მმართველი უმრავლესობის წევრებს შორის უთანხმოება ჩანს სოციალურ ქსელშიც, სადაც ისინი მმართველ გუნდს „ხალხის ძალის“ ხელით  მათი „ნიშის“ დაკავების მცდელობაში ადანაშაულებენ.

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მათ აქცენტი კონკრეტულად რომელიმე პარტიის, მათ შორის „ალტ-ინფოს“ „კონსერვატიული მოძრაობის“ ამომრჩეველზე, არ აქვთ.

როგორც მაჭარაშვილი ამბობს, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, მიიღებს თუ არა „ხალხის ძალა“ დამოუკიდებლად არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა აღნიშნავს, რომ თანამედროვე პოლიტიკაში „შენი პოლიტიკა უნდა აწარმოო და საზოგადოება თავად გადაწყვეტს, ვისი მხარდამჭერი გახდება“.

„ეს განგვასხვავებს ჩვენ ნებისმიერი სხვა პარტიისგან –  პარტიები, როგორც წესი, იქმნებიან იმისთვის, რომ მერე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და ამომრჩეველზე იმოქმედონ, მაგრამ ჩვენი გადადგმული ნაბიჯების მიზანი იყო, რომ ჩვენ უნდა მოვმსახურებოდით საზოგადოებას და საქართველოს, რამაც გაამართლა.  ამის მერე უკვე იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, ჩვენს ქვეყანას როგორ დასჭირდება და არა  რომელიმე პარტიის ამომრჩეველზე გავაკეთებთ რაღაც აქცენტს“, – განუცხადა ნეტგაზეთს გურამ მაჭარაშვილმა.

ნინო სამხარაძის თქმით კი, ულტრამემარჯვენე პრორუსულ ძალებსა და მმართველი გუნდს შორის ბრძოლა სწორედ ამომრჩევლებისთვის მიმდინარეობს.

ამის დასტურად თუნდაც წინა საპარლამენტო არჩევნების ნათელი შემთხვევა გამოგვადგება, როდესაც კიდევ ერთ, აწ უკვე პოლიტიკური ელიტიდან გამქრალ, თუმცა იმ დროისათვის აქტიურ კონსერვატიულ ძალას, „პატრიოტთა ალიანსს“, ჰქონდა მსგავსი შემთხვევა. მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ წინასაარჩევნოდ კონსერვატიული ამომრჩეველი დავითგარეჯის თემით „გადაექაჩა“ ამ მიმართულებიდან თავისი მიმართულებისკენ“, – ამბობს ნინო სამხარაძე.

მისი თქმით, „კონსერვატიული აქტორების“ მხრიდან „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მკვეთრი რეაქციაც ამითაა განპირობებული, რომ ისინი მმართველი პარტიისგან „პოლიტიკურ კონკურენტულ თავდასხმას“ არ ელოდნენ.

ნინო რიჟამაძე, ანალიტიკოსი, რომელიც დეზინფორმაციას და მის გავლენას აკვირდება საზოგადოებაზე, ვარაუდობს, რომ მმართველი უმრავლესობის წევრების გზავნილები სწორედ იმ ამომრჩევლების გულის მოსაგებადაა გათვლილი, რომელთაც ანტიდასავლური განწყობები აქვთ და დასავლეთთან ინტეგრაციაში საფრთხეს ხედავენ.

„ისინი [ანტიდასავლურად განწყობილი ამომრჩევლები]  საზრდოობენ აი, ამ შიშებით, შეთქმულების თეორიებით, რომელსაც მათ წლების განმავლობაში აწვდიდა „ალტ – ინფო“ და სხვა პრორუსული ძალები. შესაბამისად, ეს ამომრჩეველი, ასე ვთქვათ, არის ახლა სამიზნე მათი [მმართველი გუნდის] გზავნილების“, – ამბობს ნინო რიჟამაძეც ნეტგაზეთთან.

საკვანძო რეფორმების აუცილებლობის გადაფარვა?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან დასავლეთის კრიტიკის კვლავ გააქტიურება ემთხვევა ევროკომისიის რეკომენდაციებზე პარლამენტში მუშაობის დაწყებას. უკვე ცნობილია, რომ მმართველი გუნდი უდიდესი ალბათობით არ აპირებს 9 რეკომენდაციიდან მინიმუმ ერთის გათვალისწინებას, რომელიც საკვანძო მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმებას ითვალისწინებს უცხოელი ექსპერტების ჩართულობით. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ეს იქნება უცხოელების მიერ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა.

ანალიტიკოსები, რომლებსაც ნეტგაზეთი ესაუბრა, თანხმდებიან, რომ მმართველი გუნდის შიგნით ანტიდასავლურ რიტორიკას მხოლოდ საარჩევნო მარათონი არ განაპირობებს. წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, ისინი ამბობენ, რომ მმართველი გუნდის ნაცადი ხერხია, რეალური პრობლემების მოგვარების ნაცვლად, არარსებული მტრები გამოიგონოს და საზოგადოების ყურადღება მისკენ მიმართოს.  მათი თქმით, ამ დროს ხელისუფლება ცდილობს მათ მიერვე გამოგონილი პრობლემის მთავარი  მომგვარებლის როლში იყოს.

როგორც ნინო სამხარაძე ამბობს,  ეს ძირითადად იმ პერიოდს ემთხვევა ხოლმე, როცა საქმე რეფორმების კრიტიკას ეხება. მისი თქმით, ამ დროს მმართველი პარტია ცდილობს საზოგადოება თავის სისწორეში დაარწმუნოს და ისეთი გზავნილები შეიმუშაოს, რომლითაც დასავლეთის დელეგიტიმაციას მოახდენს.

„ზუსტად  ამასთან არის კავშირში, რომ ხელისუფლებამ რეალურად თავიდან აიცილოს და, რაც მთავარია, ხალხის მხარდაჭერა მოიპოვოს იმაში, რომ რეფორმები ფუნდამენტურად არ განხორციელდეს. განსაკუთრებით ისეთი ფუნდამენტური რეფორმები, რომლებზეც ჩვენ კრიტიკა გვაქვს მიღებული ვენეციის კომისიისგან, საარჩევნო და სასამართლო რეფორმა არის ასეთი, რომ აღარაფერი ვთქვათ უფრო დიდ თემებზე, როგორიც არის დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია და ასე შემდეგ. კონკრეტული რეფორმების თავიდან აცილება არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ ეტაპზე“, – ამბობს ნინო სამხარაძე.

ნინო რიჟამაძის თქმით, დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმები საქართველოს ინტერესებსა და წლების მანძილზე ნაშენებ პარტნიორობას ასუსტებს.

მისი თქმით, ის დეზინფორმაციული გზავნილები და შეთქმულების თეორიები, რომლებიც პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგაა მიმართული, მმართველი გუნდის მხრიდან ერთგვარი შანტაჟის იარაღად არის გამოყენებული.

ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვენ დემოკრატიულ რეფორმებს, ისინი მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს საზოგადოებას ევროინტეგრაციის პროცესში და ითხოვენ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებულ დემოკრატიულ რეფორმას.  ამის საპასუხოდ ისინი მმართველი პარტიის განაყოფისგან, „ხალხის ძალისგან“ იღებენ  რუსული პროპაგანდის თარგზე მოჭრილ დეზინფორმაციულ გზავნილებს“, – ამბობს ნინო რიჟამაძე. 

ნინო სამხარაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ როგორც მმართველი პარტიის, ისე მისი განაყოფის რიტორიკაში აშშ-ის ინიციატივების ნაკლებობებზე საუბრისას საპირწონედ ჩინეთი შემოდის. მისი თქმით, ამით მმართველი ძალა ცდილობს მისი საგარეო პოლიტიკური გადახრა გაამართლოს.

„აქედან გამომდინარე, ანტიდასავლური პროპაგანდა, უფრო კონკრეტულად კი ანტიამერიკული პროპაგანდა, აი, ამ სტრატეგიული მიზნისთვის არის ამ ეტაპზე საჭირო, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გაამართლოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის დევიაცია უფრო მეტად არალიბერალური კონგლომერატისაკენ“, – აცხადებს ნინო სამხარაძე.

ანტიდასავლური რიტორიკა დეზინფორმაციასთან ბრძოლის ნაცვლად

დეზინფორმაციასთან ბრძოლა პირველია იმ 9 ნაბიჯს შორის, რომელიც საქართველომ ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე  გადასასვლელად უნდა გადადგას.

„შეებრძოლოს დეზინფორმაციას, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებს და ჩარევას ევროკავშირისა და მის ღირებულებების წინააღმდეგ“, — ასეთია ევროკომისიის პირობა.

„ოცნებას“ მოუწოდებენ, ებრძოლოს EU-ზე დეზინფორმაციას, რომელსაც თავადაც ავრცელებდა

თუმცა, როგორც ნინო რიჟამაძე ამბობს, მაშინ, როცა ჯერ ამ საკითხზე მუშაობა არც კი დაწყებულა, ხელისუფლება ანტიდასავლურ პროპაგანდას აძლიერებს.

„არ ვიცით, როგორ აპირებს ხელისუფლება, რომ იმუშაოს  რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების აღმოფხვრაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ სახელისუფლებო პროპაგანდა ისევ მიზანში იღებს თავის მოქალაქეებს, რომლებსაც უნდა აძლიერებდეს ამ ნაწილში და ამით კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის რუსული დეზინფორმაციის წინაშე, რაც საფრთხის შემცველი არის იმ რეალობაში, რაშიც ვართ“, – აცხადებს ნინო რიჟამაძე.

ხელისუფლების ანტიდასავლურ რიტორიკაზე პარტნიორებისგან საპასუხო რეაქციას ელის  ნინო სამხარაძე. მისი თქმით, ვინაიდან საქართველო უკვე ევროკავშირის გაფართოების პაკეტშია, შესაძლოა, ბევრად მკვეთრიც კი იყოს რეაქცია, ვიდრე ეს აქამდე გვინახავს დასავლეთის მხრიდან.

„პოლიტიკური მესიჯებით, ნარატივებით, განცხადებებით დაპირისპირებას და ურთიერთკრიტიკებს უნდა ველოდოთ, სავარაუდოდ“, –  ამბობს ნინო სამხარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი