ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში სომეხ ტყვეებს არაადამიანურად ეპყრობიან | უფლებადამცველები სომხეთიდან

9 სექტემბერი, 2021 • 2529
აზერბაიჯანში სომეხ ტყვეებს არაადამიანურად ეპყრობიან | უფლებადამცველები სომხეთიდან

სომხეთში მომუშავე უფლებამდაცველებმა ანგარიში გამოაქვეყნეს 2020 წლის ყარაბაღის ომის დროს აზერბაიჯანში მოხვედრილი სომეხი ტყვეების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის საერთაშორისო საზოგადოებისგან მოითხოვეს ბაქოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრება.

უფლებამდაცველები რამდენიმე ფაქტორზე საუბრობენ, მათ შორის: პატიმრების არასათანადო სამყოფი გარემო, რომელიც ეწინააღმდეგება ტყვეთა განთავსების საერთაშორისო ნორმებს; ჰიგიენის დარღვევა, კვების უზრუნველყოფა.

“ტყვეებს დასცინოდნენ მათი ეთინკური კუთვნილების გამო, უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი სომხები არიან, ასევე არღვევდნენ მათ რელიგიურ უფლებებს. ვისაც ჯვარი ეკეთა, ანადგურებდნენ მათ თვალწინ”, – აცხადებს სომხეთის ომბუდსმენი არმან ტატოიანი.

ამასთან, მისი თქმით, ტყვეებს წყალსა და საკვებს მხოლოდ ფიზიკური ძალადობის შემდეგ აძლევდნენ.

“იყო შემთხვევები, როდესაც საჭმელს ძირს უყრიდნენ და აიძულებდნენ, იატაკიდანვე ეჭამათ, შემდეგ კი იღებდნენ ამ საკვებს და მათ თვალწინ ნაგვის ყუთში ყრიდნენ. ცალკეულ შემთხცევებში 10 წამს აძლევდნენ საჭმელად, მერე ართმევდნენ საკვებს და ასევე ნაგავში უყრიდნენ. ასევე, უფურთხებდნენ საკვებში და აიძულებდნენ ეჭამათ”.

როგორც ომბუდსმენი აცხადებს, ფიზიკური ძალადობა ხშირი იყო სამედიცინო დათვალიერების დროს ექიმების მხრიდანაც, როდესაც ტყვეებს აიძულებდნენ მოეთმინათ ტკივილი, არტყამდნენ ჭრილობებზე.

“იყო შემთხვევა, როდესაც 20 წლის ჯარისკაცს ჩააცვეს ქალის ტანსაცმელი, დასცინოდნენ და ამავე დროს ვიდეოზე იწერდნენ ამას. გვაქვს ასევე ფაქტები, როდესაც ტყვეებს ზამთრის პერიოდში, ღია ფანჯრების პირობებში, შეკრული ხელებით, შიშველ მდგომარეობაში აძინებდნენ იატაკზე და შემდეგ ცივ წყალს ასხამდნენ”.

ტატოიანის განცხადებით, განსაკუთრებით სასტიკად ეპყრობოდნენ იმ სამხედრო ტყვეებს, რომლებიც ყარაბაღის პირველ ომში და 2016 წლის ხუთდღიან ომში მონაწილეობდნენ.

სომხური მხარის ცნობით 125 ტყვეს საქმეზე სომხეთმა ბაქოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოს მიმართა.

სომეხი ჯარისკაცის ფიგურა აზერბაიჯანის ახლაგახსნილ ომის პარკში

მხარეებს შორის სამხედრო ტყვეების გაცვლას ითვალისწინებს 2020 წლის 10 ნოემბერს ომის დასრულების შედეგად დადებული სამმხრივი შეთანხმება.

ყარაბაღის 2020 წლის ომის შემდეგ, სომხური მხარე აზერბაიჯანში, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, 200-მდე სომეხი ტყვეს არსებობის შესახებ აცხადებდა, რის შესახებაც ბაქო ირწმუნებოდა, რომ ერევანს ყველა ტყვე გადასცა. მოგვიანებით აზერბაიჯანულმა მხარემ დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე ყარაბაღში დანაღმული ტერიტორიების რუკების მიღების სანაცვლოდ გაათავისუფლა. გარდა ამისა, ბაქოში რამდენიმე ათეული სამხედრო გაასამართლეს, რომლებიც ბაქოს ციხეში ამ დრომდე რჩებიან. ტყვეები გასამართლდნენ აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი ბრალდებებით: წამება, ომის კანონების დარღვევა, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა  და ა.შ.

12 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში ომის პარკი გახსნა. პარკში წარმოდგენილია მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროს აზერბაიჯანული არმიის მიერ მოპოვებული მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკა და გათხრილი სანგრები. გარდა ამისა, პარკში წარმოდგენილია ცვილის ფიგურები, რომლებიც მოწინააღმდეგეთა ოფიცრებს დამამცირებელი კონტექსტით განასახიერებენ. ომის პარკის გახსნას კრიტიკული შეფასები მოჰყვა როგორც სომხეთში, ასევე, აზერბაიჯანული საზოგადოების ნაწილში.

გამარჯვების შემდეგ ისევ სიძულვილში ვცხოვრობთ – განწყობები აზერბაიჯანში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი