ავტორი: გიუნელ მევლუდი
რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ 2020 წლის ყარაბაღის ომში გამარჯვების ნიშნად განხსნილმა “ომის პარკმა” და პარკის კონცეფციამ, რომელიც მოწინააღმდეგე მხარის ტექნიკის, მათი ჯარისკაცების ჩაფხუტებისა და თავად ჯარისკაცების ცვილის ფიგურების დამახინჯებული და დამამცირებელი სახით წარმოდგენას ითვალისწინებს, აზერბაიჯანული საზოგადოების აზრი ორად გაყო. ბევრი, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი, სოციალურ ქსელში სიამაყით აქვეყნებს ექსპონატებთან გადაღებულ საკუთარ ფოტოებს, თუმცა არანაკლები სიხშირით ვხვდებით შეშფოთებას საზოგადოების მხრიდან.
პარკის შესახებ დისკუსიები კვირაზე მეტია გრძელდება. დადებით ფაქტად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და აქტივისტები ნეგატიურად აფასებენ პარკის კონცეფციას. პროსახელისუფლებო მედიაგამოცემები და ცალეკული ჟურნალისტები კი, თავის მხრივ, შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ პარკით უკმაყოფილოები “ხალხი მტრებად” და “პროსომხებად” შერაცხონ.
ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰამიდ ჰამიდოვი ფიქრობს, რომ “ომის პარკი” უკიდურესად საჭირო იყო ქვეყნისთვის.
“პარკი ატარებს იდეოლოგიურ და ემოციურ მნიშვნელობას. ჩვენ მოკლე მეხსიერების მქონე ერი ვართ, კეთილი, დიდხანს ვერ ვიმახსოვრებთ გულისტკენას, მალე ვპატიობთ, ყველასთვის სიკეთე გვსურს. სწორედ ამიტომ, მომავალმა თაობებმა, რომლებმაც ვერ ნახეს ომი, უნდა ნახონ, რა როგორ იყო და ვიზუალური წარმოდგენა მაინც შეექმნათ მომხდარზე.
ამ პარკს ტურისტებიც დაათვალიერებენ. სავარაუდოდ, იმ ქვეყნიდანაც, რომელსაც თითქმის 30 წელი ჩვენი მიწები მიტაცებული ჰქონდა. დაე, ნახონ და იცოდნენ, რომ რევანშზე არც იფიქრონ. მათ კი, ვისაც არ მოსწონთ მსგავსი გამოფენა და ცვილის თოჯინები, მივიდნენ პარკში და ყველაფერი თავისი თვალით ნახონ. მერწმუნეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამბობს ჰამიდ ჰამიდოვი.
ყოფილი პოლიტპატიმრის, პაციფისტის, გიას იბრაჰიმოვის აზრი რადიკალურად განსხვავებულია. მისი პოზიცია მსგავსი იდეოლოგიის გამოფენა-წარმოდგენებს ეწინააღმდეგება.
“ეს საზარელი პარკი ფაშისტური რეჟიმების სიმბოლოა. ჩვენი თაობა სიძულვილის პროპაგანდაზე გაიზარდა. ახლა სახელმწიფომ ახალი და მძლავრი საშუალება იპოვა ახალი თაობების ასეთივე სიძულვილით გაზრდისთვის. აზერბაიჯანელი პატარა გოგონას ფოტო, რომელიც პარკში ვიზიტის დროს “სომეხ ჯარისკაცს ხელით ახრჩობს”, ამის მტკიცებულებაა.
ომის დროს ჩვენ, პაციფისტებს გვეუბნებოდნენ, “მოკეტეთ”, ჩვენი მიწები წაგვართვეს, აი, დავიბრუნებთ მათ და მშვიდობაზე მერე ვილაპარაკებთ, ჩვენ საუკეთესო მაგალითი ვიქნებით მშვიდობიანი ქვეყნისო, და ახლა რა ხდება? ომში გამარჯვება გამოაცხადეს, მაგრამ ომზე, სიძულვილზე და იერიშზე საუბარი არავის შეუწყვეტია”.
ცნობილი ეკონომისტი აზერბაიჯანში, ნატიკ ჯაფარლი გვეუბნება, რომ ზოგადად მსგავსი პარკის შექმნის მოწინააღმდეგე არ არის, თუმცა პრეტენზია აქვს ზოგიერთი მისი ექსპონატის მიმართ.
“აზერბაიჯანის ხელისუფლების სურვილი, მარადიულად გამარჯვებული წარმოჩინდეს, გასაგებია. ეს გამარჯვება არ ყოფილა მარტივი მოსაპოვებელი და ამასთან, პრეზიდენტისთვისაც კარგი პიარია. თავად იდეა, რომ ადამიანებს ახსოვდეთ ეს დღეები, კარგია. მაგრამ მისი ფორმა, რბილად რომ ვთქვათ, არ არის წარმატებული მაგალითი. ეს პარკი უნდა ემსახურებოდეს იმ გმირთა ხსოვნას, ვინც სამშობლოსთვის დაიღუპა, მეორე მხრივ კი, ის უნდა იყოს მშვიდობის, რეგიონში მცხოვრები ხალხის მშვიდობიანი თანაცხოვრების სიმბოლო. მსგავსი ფორმით კი ამის მიღწევა შეუძლებელია”.
აზერბაიჯანელი ფემინისტი გულნარ მეჰტიევა აცხადებს, რომ “ომის პარკი” შორსაა იმისგან, რასაც საზოგადოებამდე ომის შესახებ სიმართლის მიტანას გულისხმობს.
“ბევრ ქვეყანაში არსებობს სამხედრო მუზეუმები და სამხედრო თემატიკის პარკები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რა მიზნისთვის არიან ისინი შექმნილი და რა გზავნილს შეიცავენ.
ომი ადამიანური ტრაგედიაა. მაშინაც კი, თუ საკუთარ თავებს გამარჯვებულებს ვუწოდებთ ამ ომში, სიმართლე ერთია – ეს ომი ძალიან ძვირად დაგვიჯდა ყველას. ათასობით ადამიანი დაიღუპა, ადამიანები დასახიჩრდნენ, მძიმე ტრავმები მიიღეს არა მხოლოდ ომის მონაწილეებმა, არამედ ამ ადამიანების ოჯახის წევრებმა.
თუ მუზეუმი ან პარკი ომს ეძღვნება, ის სიმართლეს უნდა ასახავდეს ომის შესახებ, უნდა აჩვენებდეს, რომ ომი საზარელი მოვლენაა. ჩვენი პარკის კონცეფცია კი ძალიან შორსაა ამისგან. მიუხედავად ომის დასრულებისა, ის ყოველ ჯერზე შუღლს გააღვივებს და მომავალ თაობებს ისევ სიძულვილს გადასცემს. წარმოუდგენელია ისიც, რომ მცირეწლოვან ბავშვებს იქ ასე მარტივად შესვლის შესაძლებლობა აქვთ.
ვფიქრობ, პარკის შექმნას რამდენიმე მიზანი ჰქონდა. პირადი ეგოს დაკმაყოფილება, ომის მსხვერპლთა წაშლა მოსახლეობის მეხსიერებიდან და ომის გამარჯვების აქტად წარმოჩენა, სადაც მხოლოდ გამარჯვებაა და არანაირი ტრაგედია. ომის სრულ გააზრებას ხომ მარტივად შეუძლია შეცვალოს ადამიანების დამოკიდებულება ომებისადმი და, შესაბამისად, ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი”.
არიფ გაჯილი – აზერბაიჯანული ოპოზიციური პარტია “მუსავატის” თავმჯდომარე ფიქრობს, რომ პარკი არ ასახავს აზერბაიჯანელი საზოგადოების ომის მიმართ დამოკიდებულებას და წარმოდგენილი კონფეცია მხოლოდ მმართველი ელიტის ინიციატივაა.
“მსოფლიოში ბევრი მუზეუმია, რომელიც ომის საშინელებას წარმოაჩენს. ასახავს. ბუხენვალდი და ვარშავის დანგრეული რუინები ამის კარგი მაგალითებია. ახალგახსნილი მუზეუმი ბაქოში კი არ ასახავს ომის დანაშაულებს. ზოგიერთი ექსპონატი პირიქით, ჩვენი ქვეყნის მიმართ იწვევს ნეგატიურ დამოკიდებულებას”.
ნიჟატ მამედბეილი, იურისტი, უფლებამდაცველი ამბობს, რომ პარკში წამოდგენილი ექსპონატები “სამხედრო ნადავლის პარკში” სავსეა სიძულვილის მოწოდებებით და უკიდურესად ზიანის მომტანია, როგორც ქვეყნისთვის, ზოგადად, ასევე საზოგადოებისთვის.
“პირველ რიგში, ეს პარკი ემსახურება იმ იდეას, რომ მუდამ რევანშისტული განწყობა არსებობდეს ადამიანებში. ეს ნდობის აღდგენას და პოტენციურ სამშვიდობო ინიციატივებს, რა თქმა უნდა, საფრთხეს უქმნის.
ექსპონატების ამ სახით წარმოჩენა მიმართულია მოწინააღმდეგე მხარის, როგორც სამხედროების, ასევე, მშვიდობიანი მოქალაქეების დამცირებისა და მათი ღირსების შელახვისკენ. სწორედ ამას მოუწოდებენ პარკის შემქმნელები აზერბაიჯანელებს”.
12 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში ომის პარკი გახსნა. პარკში წარმოდგენილია მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროს აზერბაიჯანული არმიის მიერ მოპოვებული მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკა და გათხრილი სანგრები. გარდა ამისა, პარკში წარმოდგენილია ცვილის ფიგურები, რომლებიც მოწინააღმდეგეთა ოფიცრებს განასახიერებენ.
ყარაბაღის მეორე, 2020 წლის ომში აზერბაიჯანმა შეძლო კონტროლი აღედგინა იმ რაიონებზე, რომლებიც ყარაბაღის ავტონომიურ რესპუბლიკაში არ შედიოდა, თუმცა, პირველი ომის შედეგად, სომხური მხარის კონტროლქვეშ აღმოჩნდა. გარდა ამისა, აზერბაიჯანის არმიამ დაიკავა მთიანი ყარაბაღის ქალაქები, შუშა და ჰადრუთიც.