“ბათუმელებისა” და ნეტგაზეთის თანადამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რიგით მე-4, ამ ეტაპზე ბოლო საქმე გაიგზავნა. ამჯერად საჩივარი ეხება მზია ამაღლობელის ძირითად სისხლის სამართლის საქმეს, რომლის ფარგლებში გამოტანილი განაჩენის გამოც უკვე წელიწად-ნახევარია უკანონო პატიმარია.
გარდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა (საია), რომელიც ამაღლობელის ინტერესებს მისი დაკავების დღიდან იცავს, ამ საქმეზე იმუშავებს წამყვანი ბრიტანელი იურისტი ედვარდ ფიცჯერალდი.
საინტერესოა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს პოლიტიკური პატიმარი, რომელმაც სისხლის სამართლის ძირეულ საქმეზე ყველა ინსტანცია ამოწურა ადგილობრივ დონეზე.
ამ საჩივრის ფარგლებში დავა ორი მიმართულებით მიმდინარეობს:
- პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება (კონვენციის მე-18 მუხლი მე-6 მუხლთან ერთობლიობაში);
“საჩივარში დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყო მართლმსაჯულების მიზნით დაწყებული, არამედ წარმოადგენდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. ამ პროცესის მიზანი იყო დამოუკიდებელი ჟურნალისტის დასჯა და საზოგადოების დაშინება განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო. ეს მიზანი დასტურდება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებით, რომლებშიც მზია ამაღლობელს „უცხოეთის აგენტად“ მოიხსენიებდნენ და განაჩენამდე მას დამნაშავედ აცხადებდნენ”, – განმარტა საია-ს თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა სპეციალურად ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.

- სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა (კონვენციის მე-6 მუხლი);
სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა რამდენიმე ასპექტში გამოიხატა. მათ შორისაა:
-
მიუკერძოებელი სასამართლოს არარსებობა
“საქმის განმხილველმა მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა, საქმე მიუკერძოებლად არ განიხილა. წინასწარი პატიმრობის შეფარდების ეტაპზე მან გამოავლინა წინასწარ ჩამოყალიბებული ნეგატიური დამოკიდებულება, რომელიც საქმის არსებითი განხილვის დროსაც შენარჩუნდა”, – აცხადებენ საია-ში.
-
დასაბუთებელი განაჩენის არარსებობა
“ეროვნულმა სასამართლოებმა არცერთ ეტაპზე არ შეაფასეს და არ გამოიკვლიეს დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მაშინ, როცა უპირობოდ გაითვალისწინეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. სასამართლოს გადაწყვეტილებები – როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ისე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები- არის ზედაპირული და დაუსაბუთებელი. სასამართლომ უგულებელყო დაცვის მხარის არგუმენტები, არ შეაფასა დაცვის მიერ წარდგენილი 19 მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერი და დაეყრდნო მხოლოდ პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს”, – წერია საია-ს განცხადებაში.
-
დაცვის უფლების ხელყოფა
“ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულიად შეცვალა სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი ბრალდება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პირველი ინსტანციის მიერ საქმის განხილვის ბოლო სხდომაზე. კერძოდ, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, მხოლოდ 2025 წლის 6 აგვისტოს, ორიოდე წუთის ხანგრძლივობის სასამართლო სხდომისას განაცხადა, რომ მზია ამაღლობელისადმი წარდგენილი ბრალი – სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლი (რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და სასჯელის სახედ ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ბრალდების) – გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე (რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ და ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ექვს წლამდე), ისე, რომ არცერთ სხდომაზე ეს ცნობილი არ ყოფილა მხარეებისთვის . საჩივარში ხაზგასმულია, რომ ამგვარი გადაკვალიფიცირებით, მზია ამაღლობელს წაერთვა დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელების შესაძლებლობა – კერძოდ, დაეცვა საკუთარი უფლებები ახალი ბრალდების წინააღმდეგ”, – განმარტავენ ორგანიზაციაში.
-
უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა
“მაღალი თანამდებობის პირების მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები, რომლითაც მზია ამაღლობელს არაერთხელ უწოდეს „დანაშაულის ჩამდენი“ და „აგენტი“, აშკარად არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას დაგანაჩენის გამოტანამდე აყალიბებდა საზოგადოებრივ აზრს მის დამნაშავეობასთან დაკავშირებით. ამასთანავე, მოცემული განცხადებები მომჩივნის საწინააღმდეგო გავლენას ახდენდა უშუალო სამართალწარმოების პროცესზე. საჩივარში ასევე ხაზგასმულია, რომ პროცესის განმავლობაში მზია ამაღლობელის მოთავსება შუშის გალიაში („აკვარიუმში“), გარშემორტყმული შეიარაღებული დაცვით, წარმოადგენდა არა უსაფრთხოების ზომას, არამედ ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სტიგმატიზაციის ინსტრუმენტს, რითაც დამატებით იქნა დარღვეული უდანაშაულობის პრეზუმფცია”, – აცხადებენ საია-ში.
მზია ამაღლობელის სახელით გაგზავნილი წინა საჩივრები ეხებიდა მისთვის აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის შეფარდებას, მის ადმინისტრაციული დაკავების საქმეს და დაკავების შემდეგ, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. საია ხაზგასმით აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებული საქმეები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და “წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ რეპრესიულ ანგარიშსწორებას”.
მოსამართლე სახელაშვილმა ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელს 2025 წლის 6 აგვისტოს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა პოლიციელ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. სახელაშვილს სისხლის სამართალში კვალიფიკაცია არ აქვს. მან მაშინ დაიწყო მზია ამაღლობელის საქმის განხილვა, როდესაც მოსამართლეობის გამოსაცდელი ვადა ეწურებოდა. იგი სწორედ მას შემდეგ დანიშნეს უვადო მოსამართლედ, რაც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა.
რიგითი პროკურორი, თორნიკე გოგეშვილი, რომელიც მზია ამაღლობელის გაყალბებულ საქმეზე პროკურატურას წარმოადგენდა, მზია ამაღლობელის საქმის „წარმატებით“ დასრულების შემდეგ, დააწინაურეს ბათუმის პროკურორის მოადგილედ, ხოლო კიდევ ერთი რიგითი პროკურორი, შოთა ჩხაიძე ოზურგეთის პროკურორის მოადგილე გახდა.
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის გამყალბებელი მარიამ კერესელიძე, რომელიც ერთი სტიკერის გაკვრისთვის ორჯერ წარდგა სასამართლოში მზია ამაღლობელის დაჯარიმების მოთხოვნით და სასამართლომაც ეს მოთხოვნა ორივეჯერ დაუკმაყოფილა, შს სამინისტრომ „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა.
ზურგზე ხელებგაკრული მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და სხვა პატიმრების სასტიკად ცემაში მხილებული პოლიციელი ირაკლი დგებუაძე კი შს სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის ბრძოლის სამმართველოს უფროსად დანიშნეს.
ამავე თემაზე:
