ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 24 ივნისს მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „აზერბაიჯანში კრიტიკული ხმების ჩახშობა“. დოკუმენტი აზერბაიჯანში ჟურნალისტების, უფლებადამცველების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და პოლიტიკური აქტივისტების მდგომარეობას ეხება და ხელისუფლებას არაერთი რეკომენდაციით მიმართავს.
რეზოლუციაში ასამბლეა მოითხოვს პოლიტპატიმრებად მიჩნეული პირების გათავისუფლებას, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების დევნის შეწყვეტას, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სრულად შესრულებას.
PACE აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანში მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, უფლებადამცველებისა და პოლიტიკური აქტივისტების საქმიანობასთან დაკავშირებული ვითარება ქვეყნის მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
რეზოლუციაში ასევე ხაზგასმულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების დაუმტკიცებლობის შემდეგ ქვეყანა ასამბლეის მუშაობაში აღარ მონაწილეობს, მისი ვალდებულებები, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან და სხვა საერთაშორისო დოკუმენტებიდან გამომდინარეობს, კვლავ ძალაში რჩება.
რეზოლუცია აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდებს:
- გაათავისუფლოს პოლიტპატიმრებად მიჩნეული პირები;
- შეწყვიტოს ჟურნალისტების, უფლებადამცველების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნა;
- უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება;
- გადახედოს კანონმდებლობას მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების შესახებ;
- გამოიძიოს წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ყველა განცხადება;
- განაგრძოს თანამშრომლობა ევროსაბჭოს მონიტორინგის მექანიზმებთან.
PACE-ს შეფასებით, აზერბაიჯანში მნიშვნელოვნად შეიზღუდა ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საქმიანობის შესაძლებლობები.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ეს უკავშირდება მედიის, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს.
ასამბლეა ასევე მიუთითებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბოლო წლებში არაერთხელ დასმული საკითხები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობასა და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობას ეხება, დღემდე გადაუჭრელია.
დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მედიის თავისუფლების მდგომარეობას. PACE აცხადებს, რომ დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გრძელდება, ხოლო არაერთი ჟურნალისტი პატიმრობაში იმყოფება.
რეზოლუციაში მოხსენიებულია ჟურნალისტებისა და მედიის თანამშრომლების საქმეები, რომლებიც დაკავშირებულია Meydan TV, AbzasMedia, Toplum TV, რადიო „აზადლიგთან“ [რადიოთავისუფლება], Kanal 11-თან და Kanal 13-თან.
PACE აღნიშნავს, რომ ევროსაბჭოს ჟურნალისტიკის დაცვისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმაზეც განთავსებულია ინფორმაცია აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტების შესახებ.
პოლიტპატიმრების საკითხი
რეზოლუციის ცალკე თავი პოლიტპატიმრების საკითხს ეთმობა. ასამბლეა 2020 წლის რეზოლუციას ეყრდნობა და აღნიშნავს, რომ მას შემდეგ აზერბაიჯანში ახალი პოლიტიკური ნიშნით დაკავებების შემთხვევებიც დაფიქსირდა.
PACE აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდებს, ხელახლა განიხილოს იმ პირების საქმეები, რომლებიც პოლიტპატიმრებად მიიჩნევიან. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჟურნალისტური საქმიანობის, ადამიანის უფლებების დაცვის, პოლიტიკური აქტივობისა და სამოქალაქო ინიციატივების გამო დაკავებულ პირებს.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები
რეზოლუციაში ცალკე არის განხილული დაპატიმრებული უფლებადამცველისა და არჩევნების დამკვირვებლის, ანარ მამედლის საქმე.
PACE აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მის წინა დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა დაადგინა. ასამბლეა ასევე მიუთითებს, რომ მამედლის ბოლო დაკავება მისი ორგანიზაციის საარჩევნო საქმიანობის შემდეგ მოხდა და კვლავ მოითხოვს სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებას.
რეზოლუციაში ასევე მოხსენიებულნი არიან:
- შინაპატიმრობაში მყოფი ეკონომისტი გუბად იბადოღლუ;
- დემოკრატიული ინიციატივების ინსტიტუტის ხელმძღვანელი აქიფ გურბანოვი;
- მედიის სამართლის ექსპერტი ალესქერ მამედლი;
- „მესამე რესპუბლიკის პლატფორმის“ სპიკერი რუსლან იზზეთლი;
- ჟურნალისტები ელნარა გასიმოვა, ნარგიზ აბსალამოვა, ალი ზეინალი და ფარიდ მეჰრალიზადე;
- საზოგადოებრივი აქტივისტი ბახტიარ ჰაჯიევი;
- უფლებადამცველი რუფათ საფაროვი;
- ალი ქერიმლი.
PACE მათ საქმეებს ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და პოლიტიკური აქტივისტების სავარაუდო დევნის ფართო კონტექსტში განიხილავს.
რეზოლუციაში ყურადღება ეთმობა დაკავებულთა მიმართ მოპყრობის საკითხსაც.
PACE აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიოს ინფორმაცია განსაკუთრებით დაკავებული ქალი ჟურნალისტების მიმართ მოპყრობისა და მათი პატიმრობის პირობების შესახებ, ასევე შეისწავლოს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა შემთხვევა, პატიმრობის პირობები საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს და ყველა პატიმარს სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები
ასამბლეა აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება დღემდე შეუსრულებელია.
საუბარია გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ონლაინმედიის ბლოკირებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგისტრაციას, ჟურნალისტების უსაფრთხოებას, გამოხატვის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებასა და პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს ეხება.
PACE აზერბაიჯანს სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებისა და ევროსაბჭოს შესაბამის მექანიზმებთან თანამშრომლობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
მიმართვა ევროპის ქვეყნებს
რეზოლუციის დასკვნით ნაწილში PACE ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებსა და ევროკავშირს მიმართავს.
ასამბლეა რეკომენდაციას იძლევა, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დარჩეს, ევროპის ქვეყნებმა დაიცვან აზერბაიჯანის ის მოქალაქეები, რომლებსაც პოლიტიკური დევნის საფრთხე ემუქრებათ, ხოლო ექსტრადიციის მოთხოვნების განხილვისას ეს გარემოებები გაითვალისწინონ.
PACE ასევე აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელება მნიშვნელოვანია, რადგან ევროსაბჭოს ინსტიტუტებთან თანამშრომლობის აღდგენა ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის საკითხებზე მსჯელობის დამატებით შესაძლებლობებს შექმნის.
2024 წლის იანვარში PACE-მ აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების დადასტურებაზე უარი განაცხადა, მიზეზად კი ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და პოლიტპატიმრების მდგომარეობასთან დაკავშირებული შეშფოთება დაასახელა. ამის შემდეგ აზერბაიჯანის დელეგაციამ ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა შეწყვიტა.
მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანი კვლავ რჩება ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოდ და ორგანიზაციის წინაშე აღებული საერთაშორისო ვალდებულებები მისთვის ძალაშია.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
