ახალი ამბები

პროტესტისა და შეტაკებების ღამე მინსკში – ვრცელდება ცნობები დაღუპულსა და დაშავებულებზე

10 აგვისტო, 2020 • 2070
პროტესტისა და შეტაკებების ღამე მინსკში – ვრცელდება ცნობები დაღუპულსა და დაშავებულებზე

ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ მინსკისა და სხვა ქალაქების ქუჩებში დემონსტრანტებსა და სპეცრაზმს შორის შეტაკებები დაიწყო. აღნიშნული შედეგების თანახმად, ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც 26 წელია, ქვეყანას მართავს, არჩევნებში 80%-ით ლიდერობს. ვრცელდება ცნობები ერთ დაღუპულზე.

სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელიც ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტად მიიჩნეოდა, არაოფიციალურ შედეგებს არ ენდობა. აღნიშნული რიცხვების თანახმად, მას ამომრჩეველთა 7%-მა მისცა ხმა.

“მე საკუთარი თვალების მჯერა და ვხედავ, რომ უმრავლესობა ჩემ გვერდითაა”, – განაცხადა მან კვირას, 9 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ ქუჩებში ათასობით უკამყოფილო მოქალაქე გამოვიდა. მომიტინგეთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა “რადიო თავისუფლების” ბელარუსის ბიუროს თანახმად, მომიტინგეები ქალაქის მასშტაბით იყვნენ განაწილებულნი.

მედიისა და თვითმხილველების თანახმად, დედაქალაქში პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა.

უფლებადამცველი ორგანიზაციის, Spring96-ის მიერ “როიტერისთვის” მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულია მინიმუმ ერთი ადამიანი, რომელსაც პოლიციის სატვირთო მანქანა დაეჯახა. ორგანიზაციის თქმით, დაშავებულია ათობით ადამიანი,

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ სცემს პოლიცია მომიტინგეებს ხელკეტებით. AP-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტთა დიდი ჯგუფები დაშალეს, სპეცრაზმმა მათი მცირე ჯგუფების დევნა დაიწყო.


ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, ჯამში, პოლიციამ 140 ადამიანი დააკავა. მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

Netblocks-ის თანახმად, საარჩევნო უბნების დახურვიდან ცოტა ხანში, ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვნად შეიზღუდა ინტერნეტთან წვდომა .

აღნიშნული მოვლენების პარალელურად, განცხადება გაავრცელა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელმაც ძალადობის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა როგორც პოლიციას, ისე მომიტინგეებს.

“ვთხოვ ყველას, ვინც ახლა გადაწყვეტილებებს იღებთ, ყველას, ვინც მეთაურებსა და სპეცრაზმზე მაღლა დგას: არ გამოიყენოთ ძალა მოქალაქეების წინააღმდეგ”.

“ვთხოვ პოლიციასა და სამხედროებს, ახსოვდეთ, რომ ისინი ხალხის ნაწილი არიან. კიდევ ერთხელ ვთხოვ ამომრჩევლებს: არანაირი პროვოკაცია, არანაირი მიზეზი, რომ გამოიყენონ ძალა თქვენ წინააღმდეგ”, – თქვა მისმა წარმომადგენელმა Current Time-ს ეთერში.

BBC-ის თანახმად, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებს არცერთი საერთაშორისო დამკვირვებელი არ აკვირდებოდა. მათ შორის, ეუთო-ოდირ-ში აცხადებდნენ, რომ ბელარუსის მთავრობამ მათ არჩევნებზე დასაკვირვებლად აუცილებელი შესაბამისი მოსაწვევები დროულად არ გაუგზავნა.

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დააკავეს სვეტლანა ტიხანოვსკაიას შტაბის უფროსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი