ახალი ამბები

მსგავსი ტიპის თანამშრომლობა არაერთ პარტნიორ ქვეყანასთან გაგვაჩნია — სუსი ბელარუსზე

16 აგვისტო, 2021 • 1336
მსგავსი ტიპის თანამშრომლობა არაერთ პარტნიორ ქვეყანასთან გაგვაჩნია — სუსი ბელარუსზე

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს ბელარუსის რესპუბლიკის შესაბამის უწყებასთან გაფორმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ეს ხელშეკრულება არ ავალდებულებს მხარეებს, განახორციელონ ქმედება, რაც მხარეთა სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება.

სუს-ის თქმით, მსგავსი ტიპის “სამართალდაცვითი თანამშრომლობა” საქართველოს არაერთ პარტნიორ ქვეყანასთან გააჩნია.

როგორც უწყება აცხადებს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2016 წელს გაფორმდა და  ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ “საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაბამის ვადებში გადაიდგა ყველა ნაბიჯი დოკუმენტის ძალაში შესვლისათვის, ხოლო ბელარუსის რესპუბლიკამ 2016 წელს გაფორმებული დოკუმენტი მიმდინარე წლის აგვისტოში აამოქმედა რის შესახებაც ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადა მედიის საშუალებით”.

“შეთანხმება მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

სახელმწიფო, თავისი ინტერესების შესაბამისად, ნებაყოფლობით ცვლის ინფორმაციას დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. შესაბამისად, ეს ხელშეკრულება არ ავალდებულებს მხარეებს, განახორციელონ ქმედება, რაც ეწინააღმდეგება მხარეთა სახელმწიფო ინტერესებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მსგავსი ტიპის სამართალდაცვითი თანამშრომლობა გააჩნია არაერთ პარტნიორ ქვეყანასთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის- აშშ-თან, ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, ლიეტუვასთან და ნატოსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან”, — ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სუს-ის შეფასებით, აღნიშნული საკითხის გარშემო დაწყებულია “დეზინფორმაციული კამპანია”, რაც მათი თქმით,  კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “მიზანმიმართულად მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაცია”.

“ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციის პროცესში საერთაშორისო შეთანხმებების გამოყენება წარმოადგენს განსაკუთრებული შეშფოთების საგანს, რადგან შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს”, —აცხადებენ სუსში.


მიმდინარე წლის 13 აგვისტოს კი დოკუმენტი ბელარუსის ოფიციალურ საკანონმდებლო ვებსაიტზე გამოქვეყნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბელარუსში ის ძალაში შევიდა. ბელარუსული პორტალის, reform.by-ს თანახმად, გასული 5 წელი დოკუმენტის დამტკიცებასთან დაკავშირებულ პროცედურებს მოხმარდა.

ბელარუსში დოკუმენტის ძალაში შესვლას 14 აგვისტოს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი”. ის ხაზს უსვამს, რომ იმ ხისტი და ძალადობრივი ქმედებების ფონზე, რომელთაც ბელარუსის ხელისუფლება ახორციელებს დისიდენტების მიმართ, მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს თუ სხვა შეზღუდვებს აწესებენ.

სუს-სა და ბელარუსის უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებას კრიტიკულად გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოების არაერთი წარმომადგენელი. მათ აღნიშნული დოკუმენტის ამოქმედება შეაფასეს “სამარცხვინოდ” და  “საშიშად” იმ სიტუაციაში, როცა “მთელმა მსოფლიომ ბელარუსთან თანამშრომლობა შეწყვიტა”.

“სამარცხვინო”, “საშიში” – გამოხმაურებები სუს-ისა და ბელარუსის უშიშროების კომიტეტის შეთანხმების ამოქმედებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი