ახალი ამბები

“სამარცხვინო”, “საშიში” – გამოხმაურებები სუს-ისა და ბელარუსის უშიშროების კომიტეტის შეთანხმების ამოქმედებაზე

14 აგვისტო, 2021 • 3640
“სამარცხვინო”, “საშიში” – გამოხმაურებები სუს-ისა და ბელარუსის უშიშროების კომიტეტის შეთანხმების ამოქმედებაზე

საერთაშორისო საზოგადოების არაერთი წარმომადგენელი კრიტიკულად გამოეხმაურა საქართველოს სუს-სა და ბელარუსის უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებას. საუბარია 2016 წელს ხელმოწერილ დოკუმენტზე, რომელიც ბელარუსში ოფიციალურად ახლა შევიდა ძალაში.

“ლუკაშენკოს KGB-მ და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თანამშრომლობის შესახებ სამარცხვინო დოკუმენტს მოაწერეს ხელი. ის დღეს გამოქვეყნდა.

ბევრმა ბელარუსელმა ჟურნალისტმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა საქართველოში იპოვა უსაფრთხო თავშესაფარი. ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ საქართველო მათ ლუკაშენკოს არ გადასცემს”, – დაწერა “ტვიტერზე” ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მრჩეველმა, ფრანაკ ვიაჩორკამ.

აღნიშნული პოსტი საერთაშორისო საზოგადოების არაერთმა წარმომადგენელმა გააზიარა. მათ შორისაა აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი. ის წერს:

“ნამდვილად სამარცხვინოა. საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ დატოვა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება. თუ ისინი არ [გამოვლენ] აქედან[ბელარუსის კგბ-სთან შეთანხმებიდან], ეს იქნება კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ პრიორიტეტები სხვაგან არის”.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ფაქტს “საშიშს” უწოდებს.

“რატომ ახდენს საქართველოს ხელისუფლება შეთანხმების იმპლემენტაციას [მისი ხელმოწერიდან] 5 წლის შემდეგ, იმ სიტუაციაში, როცა მთელმა მსოფლიომ შეწყვიტა თანამშრომლობა ბელარუსთან?

საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს, არ გადასცეს ჟურნალისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები ლუკაშენკოს”, – დასძენს ის.

ცნობას შეთანხმების შესახებ გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩუსიც.

“საქართველომ ბელარუსის KGB-სთან დადო შეთანხმება? ვერ ვიჯერებ, ჯერ კიდევ ხუმრობად ჟღერს. თუ ეს მართალია, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: საქართველოს გზა ევროკავშირსა და ნატოში ძალიან ბუნდოვანი იქნება”,- დასძენს ის.

რა მოხდა?

საქმე ეხება 2016 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობას ეხება. დოკუმენტის ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან, სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებისთვის, რეგულარულად გაცვალონ ინფორმაცია.

მხარეები ასევე თანხმდებიან ოპერატიული, ტექნიკური და სხვა სახის დახმარების გაწევის შესახებ ისეთ დანაშაულებთან ბრძოლაში, როგორებიცაა:

დანაშაულები კონსტიტუციური წესრიგის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული წინააღმდეგ; ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული და საერთაშორისო დანაშაული, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს მხარეთა სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის; ტერორიზმი და მისი ყველა გამოვლინება, ასევე ტერორიზმის დაფინანსება; კიბერ ტერორიზმი; იარაღის, საბრძოლო მასალის უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული დანაშაულები და ა.შ.

ბელარუსული პორტალის, reform.by-ს თანახმად, გასული 5 წელი დოკუმენტის დამტკიცებასთან დაკავშირებულ პროცედურებს მოხმარდა. მიმდინარე წლის 13 აგვისტოს კი დოკუმენტი ბელარუსის ოფიციალურ საკანონმდებლო ვებსაიტზე გამოქვეყნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბელარუსში ის ძალაში შევიდა.

რაც შეეხება ქართულ მხარეს: საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებსაიტზე შეთანხმების ტექსტი, ჯერჯერობით, არ გამოქვეყნებულა.

“…შესაბამისად, საქართველოში, სავარაუდოდ, მას იურიდიული ძალა ჯერ არ შეუძენია. თუმცა, არსებობს 2020 წლის 6 აგვისტოს დადგენილება, რომელიც ამტკიცებს შეთანხმების ძალაში შესვლას და მის ასამოქმედებლად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულებას”, – აღნიშნავს “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი”, რომელმაც ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, არ აამოქმედოს ხსენებული შეთანხმება.

14 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, კვლავ დაუზუსტებელია, რა სტატუსი აქვს ამ დოკუმენტს საქართველოში: არც ერთ სახელმწიფო უწყებას განმარტება არ გაუვრცელებია.

გამოხმაურებები საქართველოდან

ბელარუსში დოკუმენტის ძალაში შესვლას 14 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაცია “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი” გამოეხმაურა. ის ხაზს უსვამს, რომ იმ ხისტი და ძალადობრივი ქმედებების ფონზე, რომელთაც ბელარუსის ხელისუფლება ახორციელებს დისიდენტების მიმართ, მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს თუ სხვა შეზღუდვებს აწესებენ.

“შეთანხმების მიხედვით, მხარეები თანხმდებიან, რეგულარულად გაცვალონ ინფორმაცია, ოპერატიულად ითანამშრომლონ სხვადასხვა დანაშაულებთან საბრძოლველად, მათ შორის სახელმწიფოს სუვერენიტეტის, კონსტიტუციური მთლიანობის, სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის ავტორიტარული რეჟიმი სწორედ მსგავს უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს უფლებადამცველებსა და უფლებადაცვით ორგანიზაციებს, რითაც ახშობს ბელარუსში კრიტიკულ აზრს, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და კრძალავს ქვეყანაში უფლებადამცველების ლეგიტიმურ საქმიანობას”, – დასძენს ორგანიზაცია.

მისი პოზიციაა, რომ საქართველოს მხარემ არ უნდა დაუშვას უსაფრთხოების სამსახურებს შორის დადებული შეთანხმების რეალური ამოქმედება, რადგან აღნიშნული დოკუმენტის გამოყენება საფრთხეს შეუქმნის საქართველოში დევნილობაში მყოფ ბელარუსებს, განსაკუთრებით, უფლებადამცველებსა და აქტივისტებს.

“უფლებადამცველების დაცვის ვალდებულება კი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ სახელმწიფოს აკისრია.  ბელარუსის ავტორიტარულ რეჟიმთან ამოქმედებული შეთანხმებით და მისი გამოყენებით, საქართველოს მხარე უხეშად დაარღვევს ადამიანის უფლებებს, საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.

ადამიანის უფლებათა სახლი, მოუწოდებს საქართველოში მყოფ ბელარუს უფლებადამცველებს თუ პოლიტიკურ დევნილებს, მოგვმართონ სამართლებრივი დახმარებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხო ყოფნა საქართველოში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა ელენე ხოშტარიას პარტიამაც. “დროა” დასძენს, რომ “ეს არა მხოლოდ ლეგიტიმაციას აძლევს ლუკაშენკოს საზარელ და არალეგიტიმურ რეჟიმს, რომელიც პასუხისმგებელია ათასობით ადამიანის სიკვდილზე, წამებასა და პოლიტპატიმრებზე, არამედ საფრთხეს უქმნის იმ ბელორუსელთა სიცოცხლეს, რომლებიც თავშესაფარს საქართველოში ეძებენ”.

1 წელი ბელარუსის პროტესტიდან და შემდგომი რეპრესიები

მიმდინარე კვირაში 1 წელი შესრულდა ბელარუსის სადავო საპრეზიდენტო არჩევნებიდან, რომელშიც, ოფიციალური შედეგების თანახმად, ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ის ქვეყანას 26 წელია, მართავს.

ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები, ასევე, ბელარუსის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სხვა მოქალაქეები, არ ენდნენ ოფიციალურ შედეგებს და ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყეს.

პოლიციის წინააღმდეგობისა და მასობრივი დაკავებების მიუხედავად, პროტესტის მასშტაბები მალე გაიზარდა. პარალელურად, არაერთი მსხვილი ქარხნის მუშა გაიფიცა, რომელთაც სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილიც შეუერთდა.

აქციები კვირების განმავლობაში გრძელდებოდა, რასაც ბელარუსის ხელისუფლებამ ხისტად უპასუხა. დემონსტრანტებზე არაერთგზის იძალადეს როგორც ქუჩებში, ისე საპატიმროებში. დაიწყო მასობრივი დაკავებები. ოპოზიციის არაერთი ლიდერი, აქტივისტი და ჟურნალისტი, ამჟამად, ციხეშია, ნაწილმა კი ქვეყანა დატოვა ან დაატოვებინეს.

მიმდინარე წლის მაისში ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც 23 მაისს ათენიდან ვილნიუსისკენ მიფრინავდა, ბელარუსის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა აიძულეს, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო.

ამ დროს ბორტზე იმყოფებოდა ბელარუსიდან დევნილი ჟურნალისტი, ტელეგრამ-არხ Nexta-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი რომან პროტასევიჩი.

ბელარუსელმა მილიციელებმა ჟურნალისტი და მისი მეგობარი გოგო სოფია საპეგა აეროპორტშივე დააკავეს, სხვა მგზავრებს კი ვილნიუსისკენ გაფრენის საშუალება მოგვიანებით მისცეს.

დასავლურმა სახელმწიფოებმა და თავად ავიაკომპანია “რაინეარმა”, აღნიშნულ ინციდენტი სახელმწიფო ტერორიზმად შეაფასეს. კრიტიკას ბელარუსის ხელისუფლება არ ეთანხმება.

ზემოხსენებული მოვლენების ფონზე, ბელარუსს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა სანქციები. მათ შორის არიან ევროკავშირის სახელმწიფოები და აშშ.

მასალების გადაბეჭდვის წესი