ახალი ამბები

როგორი იყო/უნდა ყოფილიყო საქართველოს რეაქცია ბელარუსის სკანდალზე

26 მაისი, 2021 • 1391
როგორი იყო/უნდა ყოფილიყო საქართველოს რეაქცია ბელარუსის სკანდალზე

მინსკში “რაინეარის” თვითმფრინავის იძულებით დასმასა და ჟურნალისტის დაკავებას საქართველოს საგარეო უწყება მალევე გამოეხმაურა, თუმცა, კრიტიკოსების აზრით — არარელევანტური, ბუნდოვანი და “შიშნარევი” განცხადებით.

სამინისტრომ თქვა, რომ მგზავრთა იძულებით დაკავება მიუღებელია, თუმცა ტექსტში ნახსენები არ ყოფილა, რომელი სახელმწიფო იყო ამ ინციდენტის შემოქმედი და არც ის დაუკონკრეტებიათ, რომ მინსკში დაკავებული მგზავრი დევნილი ჟურნალისტია.

ადამიანები, რომელთაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ამ გამოხმაურებას საკმარისად არ მიიჩნევენ. ნაწილის აზრით, საგარეოს ნებისმიერ შემთხვევაში უფრო მკაფიოდ უნდა დაეგმო მომხდარი, თუმცა არის მოსაზრებაც, რომ ზოგიერთი პოლიტიკური გარემოების ფონზე, სამინისტროს თავშეკავება გასაგებია.

მინსკის ინციდენტი მოკლედ

ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც 23 მაისს ათენიდან ვილნიუსისკენ მიფრინავდა, ბელარუსის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა აიძულეს, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო.

ამ დროს ბორტზე იმყოფებოდა ბელარუსიდან დევნილი ჟურნალისტი, ტელეგრამ-არხ Nexta-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი რომან პროტასევიჩი.

რომან პროტასევიჩის დაკავება მინსკში მარშის გაშუქებისას 2017 წლის მარტში. ფოტო: EPA

ბელარუსელმა მილიციელებმა ჟურნალისტი და მისი მეგობარი გოგო სოფია საპეგა აეროპორტშივე დააკავეს, სხვა მგზავრებს კი ვილნიუსისკენ გაფრენის საშუალება მოგვიანებით მისცეს.

დასავლური სახელმწიფოები და თავად ავიაკომპანია “რაინეარი”, აღნიშნულ ინციდენტს სახელმწიფო ტერორიზმად აფასებენ.

თავად ბელარუსის კგბ-ს მტკიცებით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ორგანიზაცია „ჰამასი“ ბორტზე ბომბის აფეთქებას გეგმავდა. „ჰამასში“ ამას უარყოფენ.

კონკრეტულად რა ითქვა საქართველოდან?

მინსკის ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ორი განცხადება ჰქონდა. პირველი საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის, მეორე კი — პრეზიდენტ ზურაბიშვილს.

საგარეო უწყების მოკლე განცხადებაში, რომელიც ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ, 23 მაისის ღამით გამოქვეყნდა, ვკითხულობთ:

“მივესალმებით “რაინეარის” რეისის უსაფრთხო დაშვებას მისი თავდაპირველი დანიშნულების ადგილას – ვილნიუსში.

მოხარული ვართ ბორტზე მყოფი ადამიანების გამო. ყველა მგზავრს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო მოგზაურობის თავისუფლება.

მათი იძულებითი დაკავება ყოვლად მიუღებელია”.

შედარებით მწვავე იყო სალომე ზურაბიშვილის მიერ 24 მაისს გამოქვეყნებული პოსტი, შემდეგი შინაარსით:

“მიუღებელია “რაინეარის” რეისის იძულებითი დაშვება ბელარუსში და ჟურნალისტის დაკავება. ამით დაირღვა მრავალი საერთაშორისო ნორმა, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია”.

რატომ აკრიტიკებენ საგარეოს განცხადებას?

ადამიანები, რომლებიც საქართველოს საგარეო უწყებას ხსენებული განცხადების გამო აკრიტიკებენ, დასძენენ, რომ სამინისტროს პოზიცია მეტად მკაფიო უნდა ყოფილიყო.

კრიტიკოსებს შორისაა საქართველოს ყოფილი ელჩი დანიაში, გიგი გიგიაძე, რომელიც ამჟამად “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევით ცენტრში” საქმიანობს. მისი სიტყვებით, განცხადება “არათუ არ იყო საკმარისი, არამედ არ შეესაბამებოდა ზოგადად არსებულ რეალობას”.

“ყველანი გაკვირვებული დავრჩით იმ რეაქციით, რომელიც ჰქონდა ამ მართლაც უპრეცედენტო და გაუგონარ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო [უწყებას].

ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. რაც მოხდა, ეს იყო, ფაქტობრივად, ტერორიზმთან გათანაბრებული საქციელი: თვითმფრინავის ძალით დასმა ტერიტორიაზე და ამის შემდეგ ჟურნალისტის გატაცება ამ თვითმფრინავიდან.

ვფიქრობ, აქ ყველასთვის ძალიან მკაფიოდ გასაგები უნდა იყოს ყველაფერი, რასთან გვქონდა საქმე და ამას, ჩემი აზრით, უნდა მოჰყოლოდა რაც შეიძლება მკაცრი შეფასება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან”, — ეუბნება გიგიაძე “ნეტგაზეთს”.

ამ მოსაზრებას იზიარებს “რონდელის ფონდის” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილიც. ისიც ფიქრობს, რომ “სიტუაცია ბევრად უფრო კონკრეტულ შეფასებას მოითხოვდა”. მისივე შეფასებით, პრეზიდენტის განცხადება “უფრო ადეკვატური” იყო.

“[საგარეოს განცხადება] არ იყო რელევანტური იმის მიმართ, რაც მოხდა… თუ შეფასებას აკეთებ, მაშინ ეს უნდა გააკეთო გულახდილად. ყოველ შემთხვევაში, უნდა ჩანდეს, რომ გულახდილია ეს შეფასება. და უნდა შეაფასო ისე, როგორც საერთაშორისო საზოგადოება უყურებს ამ ფაქტს.

თუ შენი შეფასება განსხვავებულია, მაშინ უნდა აჩვენო, რომ შენ ფლობ სხვა ინფორმაციას და იცნობ სხვა ფაქტებს, რომლებიც სხვანაირი შეფასების საშუალებას გაძლევს”, — დასძენს ის.

“განცხადება იყო ცალსახა და მწვავე” — პასუხი “ოცნებიდან”

ამ საკითხთან დაკავშირებით 25 მაისს საქართველოს პარლამენტშიც ისაუბრეს. “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა ხათუნა სამნიძემ, საერთაშორისო საზოგადოების მწვავე რეაქციის ფონზე, საქართველოს საგარეო უწყების გამოხმაურება “შიშნარევად” შეაფასა.

“ლუკაშენკოს რეჟიმი, როგორც პუტინის რეჟიმი, არიან ტერორისტული რეჟიმები, რომლებიც კლავენ, აწამებენ და საფრთხეს უქმნიან მთელ მსოფლიოს. ჩვენი მოვალეობაა, გვქონდეს მკაფიო რეაქცია და გვერდით დავუდგეთ თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს”, — განაცხადა სამნიძემ.

მისივე თქმით, იმედი ჰქონდა, რომ პარლამენტში უფრო ხმამაღალ განცხადებებს მოისმენდა, თუმცა პირიქით მოხდა.

“…ამის ნაცვლად, სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისგან მოვისმინეთ საჯარო განცხადება, სიძულვილის ენას ხომ ვერ გამოიყენებს ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადების გაკეთების დროსო. სიძულვილის ენა კი არა, უნდა იყოს მკაფიო პოზიცია ჩვენი ქვეყნისგან”, — აღნიშნა მან.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”, მიხეილ სარჯველაძე, ამ განცხადებას არ დაეთანხმა და სამნიძე რეალობის არასწორად წარმოჩენაში დაადანაშაულა.

“მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რეალურად რა ითქვა და გაკეთდა: აღინიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იყო ცალსახა და მწვავე. იქ იყო შეფასება გაკეთებული, რომ ერთმნიშვნელოვნად დარღვეულია ადამიანის საყოველთაო უფლება, ეს არის დაუშვებელი, დაგმობილი იქნა და მოთხოვნილი და მოწოდებული იქნა დაუყოვნებელი რეაგირებისთვის.

იგივე გავაკეთე მე და კითხვასთან დაკავშირებით, უფრო მწვავე ხომ არ უნდა ყოფილიყო ეს განცხადება, ვუპასუხე, რომ სიძულვილის ენა აუცილებელი არ არის, საზომად იქნას გამოყენებული. რეალობის სხვაგვარად წარმოჩენის მცდელობა, რაც აქ ოპოზიციური ლიდერებისგან ვისმენთ, არ არის მისაღები და გასაზიარებელი”, — აცხადებს სარჯველაძე.

კახა გოგოლაშვილი სარჯველაძის მტკიცებას სკეპტიკურად უყურებს. მისი თქმით, გასაგებია, რომ განცხადებაში “რაღაც მინიშნება იყო” და “ბოლო წინადადებაში ეწერა, დაუშვებელია მგზავრების ძალადობრივად, მათი ნების წინააღმდეგ დაკავებაო”, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

“გასაგებია, რომ დაუშვებელია და ეს წინადადებაც, თავისთავად, სწორი წინადადებაა, მაგრამ ის არ არის მკაფიო. იქ არ არის [დაფიქსირებული] ადრესატი და ფაქტის დაგმობა. არ არის სიტყვა, რომ “ვგმობთ ამას”.

საერთაშორისო სამართლის მიხედვით რომ დაუშვებელია, ეს გასაგებია. მაგრამ ეს ფაქტი მოხდა. ის, რაც დაუშვებელია, მოხდა. შესაბამისად, ის უნდა შეფასდეს და ითქვას, რომ “ვგმობთ ამ დაუშვებელ ფაქტს”. და ისიც უნდა იყოს მინიშნებული, ვის მიერ [არის ჩადენილი]. ამაშია საქმე, რომ არაკონკრეტულია ეს განცხადება”, — დასძენს გოგოლაშვილი.

არაღიარების პოლიტიკა, როგორც შესაძლო შემაფერხებელი

პოზიციას, რომლის თანახმადაც საგარეო უწყების პოზიცია უფრო მწვავეც შეიძლებოდა ყოფილიყო, “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” უფროსი მკვლევარი ბიძინა ლებანიძეც იზიარებს, თუმცა უწყების თავშეკავებისაც ესმის.

მისი თქმით, “ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ გვაქვს საგარეო პოლიტიკური შეზღუდვები, რაც გამოწვეულია არაღიარების პოლიტიკით” საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით.

“ამიტომ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის ცდილობს, უფრო მოზომილი პოლიტიკა აწარმოოს, რათა საფრთხე არ შეუქმნას არაღიარების პოლიტიკას. ბელარუსი, მოგეხსენებათ, რუსეთის მოკავშირეა და ყოველთვის არსებობს გარკვეული საფრთხე, რომ ამ მხრივ შეიცვალოს პოზიცია. ასე რომ, ეს შეზღუდვა, ასე ვთქვათ, ობიექტური შეზღუდვაა და ეს უნდა გავითვალისწინოთ”, — ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

ბიძინა ლებანიძე

ლებანიძის თქმით, საგარეოს განცხადების შემდეგ იყო პრეზიდენტის პოსტიც, რომელიც მეტი სიმწვავით გამოირჩეოდა. კითხვას, თუ სახელმწიფო არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით ცვლილებებს უფრთხის, მაშინ რატომ შეარჩია სალომე ზურაბიშვილმა უფრო მწვავე ტონი, მკვლევარი ასე პასუხობს:

“რატომ არის ცდომილება ამ ორ ტვიტს შორის, ძნელი სათქმელია. შეიძლება იმიტომ, რომ გარკვეული უარყოფითი რეაქცია  მოჰყვა საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტს და პრეზიდენტის ტვიტი [ამიტომ] იყო უფრო კრიტიკული”.

არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით ამ მოსაზრებას გიგი გიგიაძე არ იზიარებს. ყოფილ ელჩს მიაჩნია, რომ აუცილებელი იყო, საქართველოსაც შეენარჩუნებინა კრიტიკული ხაზი, რომელსაც მისი საერთაშორისო პარტნიორები მიჰყვებიან.

“მგონი, ეს ორი საკითხი ამ შემთხვევაში ერთმანეთთან კავშირში არ არის, იმიტომ, რომ ის, რაც მოხდა [23 მაისს], ნამდვილად სცილდება ყველანაირ ფარგლებს, ნორმალური საქციელის ფარგლებს. შესაბამისად, ის საჭიროებს უმკაცრეს შეფასებასა და რეაგირებას”, — დასძენს ის.

კახა გოგოლაშვილი დიდ პრობლემას ვერც იმ შემთხვევაში ხედავს, თუ თეორიულად, ბელარუსი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს აღიარებს. მისი თქმით, მსგავსი “შიშების” გამო საქართველოს თავის პრინციპებზე უარი არ უნდა თქვას:

კახა გოგოლაშვილი

“ვინმეს თუ ჰგონია, რომ ლუკაშენკა, რომელსაც სერიოზულად უკვე აღარავინ უყურებს, თუ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, ამას მოჰყვება ასეთივე ნაბიჯი მთელი დსთ-ის მიერ, ეს აბსოლუტური ნონსენსია.

თუ ასე მოხდა, ვინც აღიარებს, იმასთან ჯობია, ისედაც არ გვქონდეს ურთიერთობა. ასე რომ, ასეთი შიშებით ჩვენ საერთაშორისო პოლიტიკაში გაგვიჭირდება სერიოზული სახელის დამკვიდრება და პატივსაც არავინ გვცემს…”

გოგოლაშვილის სიტყვებით, ბელარუსისთვის სანქციების დაწესება მტკივნეული იყო ევროპული კომპანიებისთვის და უშუალოდ ევროკავშირისთვისაც, იმ პროექტების ფონზე, რომელსაც ის ამ ქვეყანაში ახორციელებს:

“…მაგრამ, მიუხედავად ამისა, წავიდნენ ამაზე[სანქციებზე], რადგან თვლიან თავის თავს საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ფასეულობების მცველად”.

რა უნდა ქნას საქართველომ ახლა?

ბიძინა ლებანიძეს მიაჩნია, რომ საქართველოს თავისი თავშეკავების გამო საერთაშორისო საზოგადოებაში არ გაკიცხავენ, ვინაიდან მოეხსენებათ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები.

“თვით ევროკავშირმა და დასავლეთმაც იციან საქართველოს საგარეო პოლიტიკური შეზღუდვები, თუნდაც არაღიარების პოლიტიკის მხრივ, კონფლიქტების მხრივ. ასე რომ, თუ ჩვენ წინა პლანზე არ დავდგებით კრიტიკული განცხადებებით, ამის გამო სახელი არ გაგვიფუჭდება საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში”, — ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

კახა გოგოლაშვილის სიტყვებით, ახლა “ხელების ზედმეტად ქნევა” დაგვიანებულია, მეორე მხრივ კი, პრეზიდენტის განცხადებამ ნაწილობრივ დააბალანსა საქართველოს პასუხი. მისი აზრით, ქვეყანა უნდა დარჩეს ევროკავშირთან ხაზზე, ხსენებულ პროცესებთან დაკავშირებით.

“რაც შეიძლება მეტი კონსულტაცია უნდა ჩავატაროთ ევროკავშირის მხარეს. დიპლომატიურ დონეზე უნდა იყოს გაცვლა-გამოცვლა. უნდა დავარწმუნოთ ისინი, რომ ვითანამშრომლებთ და თუ სანქციებს დაადებენ და აკრძალავენ კონკრეტულ ქმედებებს და თანამშრომლობას ბელარუსთან, ჩვენც ამას დავუჭერთ მხარს და შევუერთდებით.

“თუ გვინდა, 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ეს წლები, რაც უნდა გაგვიჭირდეს, უნდა ვიყოთ ევროკავშირის გვერდზე ასეთ სიტუაციებში და ყველანაირ სიტუაციაში, მე ასე მგონია”.

დასავლეთის მწვავე რეაქცია

დასავლური ქვეყნების შეფასებით, ლუკაშენკოს რეჟიმმა სამხედრო გამანადგურებლების გამოყენებით საფრთხე შეუქმნა სამგზავრო ლაინერს, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის წევრი ერთი ქვეყნიდან მეორეში მიფრინავდა.

ბელარუსის ხელისუფლების ზემოხსენებულ ქმედებას ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვა. მისი საჰაერო სივრცე, ფაქტობრივად, დაცარიელდა — ევროპული ავიაკომპანიები მას გვერდს უვლიან. გაუქმდა არაერთი რეისი.

ამ მოცემულობას წინ უძღოდა ევროპული საბჭოს 24 მაისის გადაწყვეტილება ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესახებ.  აღნიშნულის ფარგლებში, ევროპის ქვეყნებმა ერთხმად მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, არ მიეცეს ბელარუსულ ავიაკომპანია “ბელავიას” ევროპული აეროპორტების გამოყენების საშუალება.

გარდა ამისა, ევროპულ ავიაკომპანიებს მოუწოდეს, უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, არ გამოიყენონ ბელარუსის საჰაერო სივრცე. ჯერ უცნობია, რას აპირებს ამ კუთხით საქართველო. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან დღის განმავლობაში პასუხი ვერ მივიღეთ.

ევროპის პასუხი მხოლოდ საჰაერო სივრცით არ შემოიფარგლება: დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ყინავს ბელარუსისთვის განკუთვნილ 3-მილიარდიან საინვესტიციო პაკეტს, მანამ “სანამ ბელარუსი არ გახდება დემოკრატიული”.

ევროპის სანქციებს აშშ-ც უჭერს მხარს. ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სანქციების გაფართოებას ვაშინგტონიც აპირებს.

ჟურნალისტის “აღიარება” და სხვა გარემოებები

რომან პროტასევიჩს, რომელიც ოპოზიციური ტელეგრაფ-არხის, Nexta-ს ყოფილი მთავარი რედაქტორია,  ბელარუსის ამჟამინდელი ხელისუფლება მინსკში მასობრივი არეულობის ორგანიზებასა და “სოციალური მტრობის გაღვივებას” ედავება.

ჟურნალისტი ბელარუსიდან 2019 წელს გაიქცა. ბელარუსის კგბ-მ ის და „ნექსტას“ დამფუძნებელი სტეპან პუტილო შეიყვანა ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პირთა სიაში.

მისი დაკავებიდან მცირე ხნის შემდეგ, 24 მაისის ღამით, ბელარუსის სახელისუფლებო ტელეგრამ-არხმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მინსკში დაკავებული  რომან პროტასევიჩი აცხადებს, რომ „გამოძიებასთან თანამშრომლობას განაგრძობს“. კერძოდ, ის დასძენს:

„ვარ მინსკის №1 იზოლატორში. შემიძლია ვთქვა, რომ ჯანმრთელობის, მათ შორის გულის თუ სხვა ორგანოების პრობლემები არ მაქვს. მოპყრობა თანამშრომლების მხრიდან მაქსიმალურად კორექტული და კანონიერია.

ვაგრძელებ გამოძიებასთან თანამშრომლობას და ვაძლევ [გამოძიებას] აღიარებით ჩვენებებს ქალაქ მინსკში მასობრივი არეულობის ორგანიზების ფაქტთან დაკავშირებით“.

რომან პროტასევიჩი პროსახელისუფლებო არხის მიერ გავრცელებულ ვიდეოში

ჟურნალისტის ოჯახს არ სჯერა, რომ პროტასევიჩმა ეს სიტყვები თავისი ნებით წარმოთქვა. მამამისი აღნიშნავს, რომ ვიდეოში მისი ვაჟი შეშინებულია და ნერვიულობს. მასვე აქვს ეჭვი, რომ ჟურნალისტს სცემდნენ:

“[სახის] მარცხენა მხარეს თითქოს გრიმი აქვს, ცხვირზე პუდრია, შეიძლება მოიტეხა. სიგარეტის კოლოფიც არ არის [იმ ბრენდის, რომელსაც იგი ეწევა] მისი”.

ჟურნალისტის დედა კი ამბობს, რომ „ხალხმა სამედიცინო წრეებიდან“ შეატყობინა შვილის ჰოსპიტალიზაციის შესახებ გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ნატალია პროტასევიჩის თქმით, არ იცის, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, თუმცა აღნიშნავს, რომ მის შვილს ჰქონდა გულის პრობლემები.

„გარდიანის“ ცნობით, ათენში, საიდანაც პროტასევიჩი ვილნიუსში მიფრინავდა, ჟურნალისტმა შენიშნა, რომ მას დაჰყვებოდა მელოტი მამაკაცი ტყავის ჩანთით, რომელიც რუსულად საუბრობდა.

ამასთან, „რაინეარის“ გენერალურმა დირექტორმა, მაიკლ ო’ლირიმ განაცხადა, რომ პროტასევიჩთან ერთად რეისით ბელარუსის კგბ-ს თანამშრომლებიც მგზავრობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი