ახალი ამბები

თალიბანის მოწინააღმდეგეები პირველ გამარჯვებებზე იუწყებიან

21 აგვისტო, 2021 •
თალიბანის მოწინააღმდეგეები პირველ გამარჯვებებზე იუწყებიან

ავღანეთში თალიბანის წინააღმდეგ გამოსული მებრძოლები პირველი გამარჯვებების შესახებ საუბრობენ. მათი თქმით, დაჯგუფება ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ბაღლანის პროვინციის 3 რაიონიდან გააძევეს. შეტაკებას ადასტურებენ თალიბანის მხარდამჭერებიც სოციალურ ქსელში.

რა მოხდა ბაღლანში?

Washington Post ციტირებს თალიბანის მოწინააღმდეგე ადგილობრივ მეთაურებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ზემოხსენებული რაიონების გათავისუფლების დროს დაჯგუფების 15 მებრძოლი მოკლეს, 20 კი — ტყვედ აიყვანეს. მათივე თქმით, ბრძოლას შეუერთდნენ როგორც ადგილობრივი მცხოვრებნი, ისე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები.

ბაღლანის პროვინციის 3 რაიონის დაკავებაზე წერს ავღანეთის აწ უკვე დამხობილი მთავრობის თავდაცვის მინისტრი ბისმილა მუჰამადი, რომელიც თალიბანს ოპოზიციაში ჩაუდგა. მისი თქმით, ეს ტერიტორიები სახალხო წინააღმდეგობის ძალებმა დაიკავეს.

“წინააღმდეგობა კვლავ ცოცხალია”, — წერს ის ტვიტერზე.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ზეიმობენ ადგილობრივები პირველ გამარჯვებებს, სამთავრობო შენობების თავზე კი ავღანეთის ეროვნული დროშა ფრიალებს თალიბანის დროშის ნაცვლად.

“თალიბანს ჯავშანტექნიკა ჰყავდა, მაგრამ ხალხმა მათ ქვები დაუშინა და [ტერიტორიიდან] გააძევა. სანამ ცოცხლები ვართ, თალიბანს არ დავნებდებით”, — ციტირებს WP 28 წლის სედიკულა შუჯას, ავღანეთის არმიის ყოფილ სამხედროს.

უცნობია, გადაიზრდება თუ არა აღნიშნული პროცესები ფართომასშტაბიან წინააღმდეგობაში. თუმცა, ის ნაწილია თალიბანისადმი უკმაყოფილებისა, რომელიც უკვე გამოხატეს ქაბულელმა ქალებმა საპროტესტო აქციით და ქალაქ ჯალალაბადის მაცხოვრებლებმა — თალიბანის დროშის ეროვნულით ჩანაცვლებით.


თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი 15 აგვისტოს დაამყარა. ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ამერიკულმა ძალებმა ავღანეთი დატოვეს. ქვეყანა დატოვეს ნატოს წევრმა და მოკავშირე ქვეყნების სამშვიდობო მისიებმაც.

შეიარაღებულმა მებრძოლებმა სულ რამდენიმე კვირაში, მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გარეშე, ერთმანეთის მიყოლებით დაიკავეს საკვანძო ქალაქები, 15 აგვისტოს კი დედაქალაქ ქაბულში დაუბრკოლებლად შევიდნენ. პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.

ბაღლანში განვითარებულ მოვლენებზე თალიბანს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა საერთაშორისო მედია საუბრობს დაჯგუფების მხარდამჭერი ტვიტერის ანგარიშის პოსტზე, რომელშიც ნათქვამია, რომ შეტაკებებისას მართლაც დაიღუპა მათი 15 მებრძოლი, ამდენივე კი — დაიჭრა. იქვე წერია, რომ ეს არის თალიბანის მიერ გამოცხადებული “საყოველთაო ამნისტიის” ღალატი.

“ყველა, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, უნდა მოკვდეს. საუბრის კარი დახურულია”, — წერს ანგარიში.

წინააღმდეგობის ადგილობრივი ლიდერების თქმით, სანამ ისინი 3 რაიონს დაიკავებდნენ, თალიბანმა ადგილბრივების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა. სედიკულა შუჯას განცხადებით, მანამდე ადგილობრივებმა თალიბანის მებრძოლებს უთხრეს, რომ შეეძლოთ, იქაურობა ემართათ, თუ სოფლებსა და სახლებს არ შეეხებოდნენ. როცა პირიქით მოხდა, ხალხმა გადაწყვიტა, შეერთებოდა წინააღმდეგობას.

“თალიბანის ლიდერებმა არ მოგვისმინეს. ჩვენს სახლებში შემოვიდნენ და ხალხი შეავიწროვეს. აქ ძალიან ტრადიციული მუსლიმები ცხოვრობენ. თალიბანის აქ მოსვლა და ისლამის სწავლება არ არის საჭირო”, — დასძინა მან.

მოწოდებები დაუმორჩილებლობის შესახებ

ხელისუფლებაში თალიბანის დაბრუნებიდან მალევე გაისმა მოწოდებები დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის შესახებ.

ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი აცხადებს, რომ ქვეყანა არ დაუტოვებია. მისი თქმით,  მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აშრაფ ღანი გაიქცა, მისი მოვალეობის ლეგიტიმური შემსრულებელია, არ აპირებს დანებებას და განაგრძობს წინააღმდეგობას თალიბანისადმი.

“მე არასდროს, არცერთ შემთხვევაში დავემორჩილები თალიბანის ტერორისტებს. არასდროს ვუღალატებ ჩემი გმირის, მეთაურისა და ლეგენდის, აჰმად შაჰ მასუდის სულსა და მემკვიდრეობას”, — დასძენს ის.

აჰმად შაჰ მასუდი, რომელსაც სალეჰი ახსენებს, იყო საბჭოთა ოკუპაციისადმი წინააღმდეგობის მონაწილე, 1996 წლიდან კი სათავეში ედგა “ჩრდილოეთის ალიანსს”, რომელიც ავღანეთში თალიბანის მმართველობას ეწინააღმდეგებოდა. მასუდი 2001 წელს, 9/11-ის ტერაქტებამდე 2 დღით ადრე მოკლეს ალ-კაიდას აგენტებმა.

აჰმად მასუდი, ამრულ სალედი და ბისმილა მუჰამადი ერთ ოთახში. ფოტო სოციალურ მედიაში გავრცელდა თალიბანის მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ

მიმდინარე დღეებში, თალიბანის მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ, გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ამრულა სალეჰი და აჰმად შაჰ მასუდის ვაჟი, აჰმად მასუდი, ასევე, ავღანეთის აწ უკვე დამხობილი მთავრობის დროს თავდაცვის მინისტრი ბისმილა მუჰამადი ერთ ოთახში სხედან.

ფოტო, სავარაუდოდ, პანჯშირის პროვინციაშია გადაღებული: აჰმად შაჰის მშობლიურ ხეობაში, რომელიც თალიბებმა ვერც 1990-იან წლებში დაიკავეს და ახლაც, პრაქტიკულად, ერთადერთი პროვინციაა, რომელიც მის კონტროლს არ ექვემდებარება.

32 წლის მასუდი “ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის” ლიდერია და ამბობს, რომ დაიცავს პანჯშირს, როგორც ავღანეთის თავისუფლების უკანასკნელ ბასტიონს. მისი თქმით, მოძრაობის ხელშია წლების მანძილზე ნაგროვები იარაღი და მას უერთდებიან ის სამხედროებიც, რომელთაც უარი თქვეს დანებებაზე. თუმცა მასუდი ხაზს უსვამს, რომ თალიბანთან ბრძოლაში დასავლეთის დახმარებაა საჭირო.

მასუდი ცდილობს დაარწმუნოს დასავლეთი, რომ თალიბანი მხოლოდ ავღანეთის პრობლემა არ არის. მისი თქმით, თალიბანის ხელისუფლების პირობებში ქვეყანა გახდება დასაყრდენი რადიკალი ისლამისტი ტერორისტებისთვის და შეთქმულებებისთვის დემოკრატიათა წინააღმდეგ.

Washington Post-ის თანახმას, პანჯშირის წინააღმდეგობა და ბაღლანში დაწყებული მოქმედებები, სავარაუდოდ, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია.

თალიბანის დაპირებები

თალიბანი ამბობს, რომ “ინკლუზიური, ისლამური მთავრობის” შექმნა სურს სხვადასხვა ფრაქციებთან ერთად, ოპოზიციონერებისთვის “ამნისტიას” აცხადებს, ქალებს კი განათლებისა თუ მუშაობის უფლება არ შეეზღუდებათ. დაჯგუფება დასძენს, რომ “მხარს უჭერს ქალთა უფლებებს შარიათის ფარგლებში”.

მისივე განცხადებით, მედია დამოუკიდებელი დარჩება – „თუმცა მათ [ჟურნალისტებმა] არ უნდა იმუშაონ ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ“.

თალიბანის წარსულიდან და 90-იან წლებში მისი მმართველობის სისასტიკიდან გამომდინარე, ამ დაპირებებს ეჭვის თვალით უყურებს მრავალი ადამიანი ავღანეთის შიგნით თუ გარეთ და დაჯგუფების ხელისუფლების პირობებში ძალადობის რისკებს ხედავს.

ამ ფონზე, უკვე ვრცელდება ინფორმაცია ქალთა საჯაროდ ცემისა თუ იძულებითი დაქორწინების შესახებ. ერთ-ერთი ცნობის თანახმად კი, შეიარაღებულებმა გასულ თვეში მოკლეს ქალი, რომელმაც ისინი საკვებით არ უზრუნველყო.

გარეკანზე: ფოტო არქივიდან/Reuters

ამავე თემაზე გირჩევთ:

ავღანეთი: დაუსრულებელ ქაოსში გახვეული ქვეყანა

მასალების გადაბეჭდვის წესი