ახალი ამბები

“შემოუერთდით წინააღმდეგობას” – ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტის მოწოდება თალიბანის წინააღმდეგ

18 აგვისტო, 2021 •
“შემოუერთდით წინააღმდეგობას” – ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტის მოწოდება თალიბანის წინააღმდეგ

ავღანეთის აწ უკვე დამხობილი მთავრობის პირობებში ვიცე-პრეზიდენტის, ამრულა სალეჰის თქმით, თავის ქვეყანაში იმყოფება და მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აშრაფ ღანი გაიქცა, მისი მოვალეობის ლეგიტიმური შემსრულებელია. სალეჰმა განცხადებები “ტვიტერზე” გაავრცელა და დასძინა, რომ “ახლა უშედეგოა აშშ-ის პრეზიდენტთან ავღანეთზე კამათი”.

“ჩვენ, ავღანელებმა, უნდა დავამტკიცოთ, რომ ავღანეთი არ არის ვიეტნამი… შეერთებული შტატებისა და ნატოსგან განსხვავებით, ჩვენ სული არ დაგვიკარგავს და წინ უზარმაზარ შესაძლებლობებს ვხედავთ. უსარგებლო გაფრთხილებები დასრულდა. შემოუერთდით წინააღმდეგობას”, – აღნიშნა მან 17 აგვისტოს ღამით გამოქვეყნებულ ტვიტში.

ამრულა სალეჰი ხაზს უსვამს, რომ “ავღანეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის არყოფნის, გაქცევის, გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტი ხდება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი”.

“მე ახლა ჩემს ქვეყანაში ვარ და მე გახლავართ პრეზიდენტის მოვალეობის ლეგიტიმური შემსრულებელი. მივმართავ ყველა ლიდერს, უზრუნველყონ მხარდაჭერა და კონსენსუსი”, – წერს ის.

ამრულა სალეჰი. ფოტო: EPA

მანამდე, 15 აგვისტოს, სალეჰი ასევე გამორიცხავდა დანებებას თალიბანის სასარგებლოდ:

“მე არასდროს, არცერთ შემთხვევაში დავემორჩილები თალიბანის ტერორისტებს. არასდროს ვუღალატებ ჩემი გმირის, მეთაურისა და ლეგენდის, აჰმად შაჰ მასუდის სულსა და მემკვიდრეობას”.

აჰმად შაჰ მასუდი, რომელსაც სალეჰი ახსენებს, იყო საბჭოთა ოკუპაციისადმი წინააღმდეგობის მონაწილე, 1996 წლიდან კი სათავეში ედგა “ჩრდილოეთის ალიანსს”, რომელიც ავღანეთში თალიბანის მმართველობას ეწინააღმდეგებოდა. მასუდი 2001 წელს, 9/11-ის ტერაქტებამდე 2 დღით ადრე, მოკლეს ალ-კაიდას აგენტებმა.

მიმდინარე დღეებში, თალიბანის მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ, გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ამრულა სალეჰი და აჰმად შაჰ მასუდის ვაჟი, აჰმად მასუდი, ასევე თავდაცვის მინისტრი ბისმილა მუჰამადი ერთ ოთახში სხედან. 32 წლის მასუდი რამდენიმეათასიან მილიციას უდგას სათავეში. ფოტო, სავარაუდოდ, პანჯშირის პროვინციაშია გადაღებული: აჰმად შაჰის მშობლიურ ხეობაში.


პროვინცია ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. მთიანი და რთული რელიეფის მქონე ხეობის დაკავება ვერც თალიბანმა შეძლო 90-იან წლებში და ვერც საბჭოთა კავშირმა- 80-იანებში. ახლაც, პანჯშირის პროვინცია პრაქტიკულად ერთადერთია, რომელსაც ხელისუფლებაში დაბრუნებული თალიბანი ჯერ ისევ ვერ აკონტროლებს.

16 აგვისტოს ფრანგულმა ჟურნალმა “la regle du jeu” გამოაქვეყნა წერილი, რომელიც, რედაქციის თქმით, აჰმად მასუდს ეკუთვნის. მისი განცხადებით, მომხრეებთან ერთად მზად არის თალიბანის წინააღმდეგ საბრძოლველად.

“ჩვენ მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ ავღანელს, ყველას, ვინც უარყოფს ყმობას, შემოუერთდეს ჩვენს ბასტიონს, პანჯშირს, უკანასკნელ თავისუფალ რეგიონს ჩვენს ტანჯულ მიწაზე”, – წერს მასუდი.

თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი 15 აგვისტოს დაამყარა. ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ამერიკულმა ძალებმა ავღანეთი დატოვეს. ქვეყანა დატოვეს ნატოს წევრმა და მოკავშირე ქვეყნების სამშვიდობო მისიებმაც.

გასულ კვირებში თალიბანმა ავღანეთის ყველა საკვანძო ქალაქი დაიკავა, დედაქალაქ ქაბულში შესვლა კი 15 აგვისტოს დილიდან დაიწყო. დაჯგუფებამ ჯერ ქალაქის გარეუბნები დაიკავა, დღის ბოლოს კი პრეზიდენტის სასახლეშიც შევიდა. ამ დროისთვის ქვეყანაში პრეზიდენტი აშრაფ ღანი აღარ იმყოფებოდა.

ამავე თემაზე:

ავღანეთი: დაუსრულებელ ქაოსში გახვეული ქვეყანა

პანჯშირის ხეობა: ერთადერთი პროვინცია, რომელიც თალიბანს არ დანებდა და ბრძოლას აპირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი