ახალი ამბები

ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტებში სწავლა აეკრძალათ

20 დეკემბერი, 2022 • 1154
ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტებში სწავლა აეკრძალათ

თალიბანმა ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტში სწავლა აუკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, აღნიშნულის შესახებ საუბარია ავღანეთის უმაღლესი განათლების მინისტრის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

ბრძანების მიხედვით, უმაღლესი განათლების დაწესებულებები ქალი სტუდენტებისთვის დაიხურება შემდგომი გადაწყვეტილების გამოცხადებამდე. წერილში ნათქვამია, რომ ბრძანება დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს.

BBC აღნიშნავს, რომ თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, გოგონებს საშუალო სკოლებში სწავლის გაგრძელებაც აეკრძალათ. ამჟამად ქვეყანაში ქალებისთვის მხოლოდ დაწყებითი განათლებაა ხელმისაწვდომი. განათლების სამინისტრო ამტკიცებდა, რომ სკოლებს გოგოებისთვის მას შემდეგ გახსნის, რაც შემუშავდება გეგმა “ისლამური კანონისა და ავღანური კულტურის” შესაბამისად, თუმცა ამ კუთხით ჯერაც არაფერი შეცვლილა.

რაც შეეხება უნივერსიტეტებს, თებერვალში ზოგიერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი გაიხსნა როგორც კაცებისთვის, ისე ქალებისთვის, თუმცა ქალი სტუდენტებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა. მათ შორის, განისაზღვრა საგნები, რომელთა შესწავლაც ქალებისთვის თალიბანმა დასაშვებად მიიჩნია. ამასთან, სტუდენტები გენდერული ნიშნით დაყვეს და სხვადასხვა აუდიტორიებში განათავსეს. გაიმიჯნა დაწესებულების შესასვლელებიც ქალი და კაცი სტუდენტებისთვის.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ: “თალიბანის” 1 წელი: როგორ შეიცვალა ცხოვრება ავღანეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი