ახალი ამბები

ჯალალაბადში მოქალაქეებმა თალიბანის დროშა ეროვნულით ჩაანაცვლეს, არის მსხვერპლი: ალ-ჯაზირა

18 აგვისტო, 2021 • 1278
ჯალალაბადში მოქალაქეებმა თალიბანის დროშა ეროვნულით ჩაანაცვლეს, არის მსხვერპლი: ალ-ჯაზირა

ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადის მოსახლეობამ გააპროტესტა ქვეყნის ეროვნული დროშის ჩანაცვლება თალიბანის ბანერით, რასაც სროლა და მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ტელეკომპანია “ალ-ჯაზირა” იტყობინება.

ავღანეთის აღმოსავლეთში, პაკისტანის საზღვართან მდებარე ჯალალაბადი, თალიბანმა 15 აგვისტოს, ქაბულში შესვლამდე მცირე ხნით ადრე დაიკავა. დღეს კი, “ალ-ჯაზირას” კორესპონდენტის ცნობით, მოქალაქეები ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე შეეწინააღმდეგნენ ავღანეთის ეროვნული დროშის ჩანაცვლება თალიბანის სიმბოლოთი.


“ჯალალაბადში ამას არ შეეგუვნენ. ჩვენ ვნახეთ ვიდეო სოციალურ ქსელში, [რომელიც ასახავს] ასობით თუ არა, ათასობით ადამიანის პროტესტს [ქალაქის] ქუჩებში. ისინი ეროვნულ დროშებს აფრიალებდნენ.

ვიცით, რომ მათ ეროვნული დროშა უკან დააბრუნეს ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოედანზე და იყო შეტაკებები თალიბანთან”, – იუწყება ტელეარხის ჟურნალისტი რობ მაკბრაიდი.

ამავე ცნობების თანახმად, პროტესტისას ცეცხლი გაიხსნა, რის შემდეგაც მინიმუმ 2 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.

თალიბანის მიერ ახლად გამოცხადებული “ავღანეთის ისლამური საამიროს” სიმბოლო არის თეთრი დროშა შავი, რელიგიური შინაარსის წარწერით. ავღანეთის აქამდე მოქმედი დროშა კი შავი, წითელი და მწვანე ფერებისგან შედგება. ჯალალაბადში გამოსული მოქალაქეები დღეს სწორედ ამ დროშას აფრიალებდნენ.

თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი 15 აგვისტოს დაამყარა. ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ამერიკულმა ძალებმა ავღანეთი დატოვეს. ქვეყანა დატოვეს ნატოს წევრმა და მოკავშირე ქვეყნების სამშვიდობო მისიებმაც.

სხვა ყველა საკვანძო ქალაქის დაკავების შემდეგ, თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქში – ქაბულში შესვლა 15 აგვისტოს დილიდან დაიწყო. ავღანეთი მანამდე ერთადერთი ქალაქი იყო 24 ქალაქიდან, სადაც თალიბანს კონტროლი ჯერ არ ჰქონდა დამყარებული. დაჯგუფებამ ჯერ ქალაქის გარეუბნები დაიკავა, დღის ბოლოს კი პრეზიდენტის სასახლეშიც შევიდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში პრეზიდენტი აშრაფ ღანი აღარ იმყოფებოდა. ის, სავარაუდოდ, ტაჯიკეთშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი