ახალი ამბები

„თალიბანმა“ “საყოველთაო ამნისტია” გამოაცხადა და ქალებს მოუწოდა, ახალ მთავრობას შეურთდნენ

17 აგვისტო, 2021 • 3034
„თალიბანმა“ “საყოველთაო ამნისტია” გამოაცხადა და ქალებს მოუწოდა, ახალ მთავრობას შეურთდნენ

„თალიბანმა“ “საყოველთაო ამნისტია” გამოაცხადა და ქალებს მოუწოდა, ახალ მთავრობას შეურთდნენ.

“თალიბანის” კულტურის კომისიის წევრმა ენამულა სამანგანიმ განაცხადა, რომ  “ავღანეთის ისლამურმა ემირატმა” საყოველთაო ამნისტია მთელი ავღანეთის მასშტაბით გამოაცხადა, განსაკუთრებით კი მათთვის, “ვინც ოპოზიციასთან ერთად იყო ან მხარს უჭერდა ოკუპანტებს წლების განმავლობაში და ბოლო დროს”.

“თალიბანის” სხვა ლიდერებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ შურისძიებას მათზე, ვინც მუშაობდა ავღანეთის მთავრობასთან ან უცხო ქვეყნებისთვის. ქაბულში ირწმუნებიან, რომ “თალიბანის” მებრძოლებს აქვთ იმ ადამიანების სია, რომლებიც მთავრობასთან თანამშრომლობენ და მათ ეძებენ.

სამანგანიმ ასევე განაცხადა, რომ “ავღანეთის ისლამურ ემირატს” აღარ სურს ქალები მსხვერპლნი იყვნენ.

”ავღანეთის ისლამური საამირო მზადაა, უზრუნველყოს ქალებისთვის სამუშაო და სასწავლო გარემო, ასევე, ქალების ყოფნა სხვადასხვა (სამთავრობო) სტრუქტურებში ისლამური კანონისა და ჩვენი კულტურული ღირებულებების შესაბამისად”, — განაცხადა თალიბანის წარმომადგენელმა.

როგორც “ალჯაზირა” წერს,  ქაბულის აეროპორტში არსებული ვითარების ფონზე, როცა სასოწარკვეთილი ავღანელები ქვეყნიდან გაქცევას ცდილობენ, თალიბანი მოსახლეობის დამშვიდებას ცდილობს.

“ასოშიეთიდ პრესი” წერს, რომ თალიბები ცდილობენ თავიანთი თავი 1990-იან წლებთან შედარებით უფრო ზომიერად წარმოაჩინონ და  მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ შეიცვალნენ.

თუმცა ბევრი ავღანელი სკეპტიკურად განწყობილი რჩება თალიბების მიმართ, განსაკუთრებით, უფროსი თაობის წარმომადგენლები, რომლებსაც ახსოვთ თალიბანის ულტრაკონსერვატიული ისლამისტური შეხედულებები, რომელიც ქალებისთვის მკაცრ შეზღუდვებს, ჩაქოლვას, ამპუტაციას და საჯაროდ სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა.

15 აგვისტოს თალიბებმა აიღეს დედაქალაქი ქაბული. პრეზიდენტი აშრაფ ღანი კი, სავარაუდოდ, ტაჯიკეთში თვითმფრინავით გაემგზავრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი