ახალი ამბები

მედია, ქალთა უფლებები და სხვა – რაზე ისაუბრეს თალიბანის პირველ პრესკონფერენციაზე

18 აგვისტო, 2021 • 1641
მედია, ქალთა უფლებები და სხვა – რაზე ისაუბრეს თალიბანის პირველ პრესკონფერენციაზე

თალიბანმა 17 აგვისტოს პირველი პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციას უძღვებოდა დაჯგუფების სპიკერი ზაბიჰულა მუჯაჰიდი.

პრესკონფერენციას სხვა ჟურნალისტებთან ერთად „ალჯაზირაც“ აშუქებდა. გამოცემის თანახმად, თალიბანი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხო, მათ შორის ითქვა, რომ მედია დამოუკიდებელი დარჩება – „თუმცა მათ [ჟურნალისტებმა] არ უნდა იმუშაონ ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ“.

ამასთანავე, სპიკერმა განაცხადა, რომ თალიბანი არ იძიებს შურს და ავღანეთის სამხედროებს ამნისტიას უცხადებს.

„არავინ აპირებს თქვენთვის ზიანის მიყენებას, არავინ დაგიკაკუნებთ კარზე“ ,- ამატებს ზაბიჰულა მუჯაჰიდი.

პრესკონფერენციაზე მუჯაჰიდი ასევე შეეხო ქალთა უფლებებს და თქვა, რომ ქალებს სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღების უფლება ექნებათ. პრესკონფერენციის პარალელურად, დღეს ქაბულში ქალებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

„ისლამური საამირო მხარს უჭერს ქალთა უფლებებს შარიათის ფარგლებში. ჩვენს დებს… მათ იგივე უფლებები აქვთ და მათ შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ ამ უფლებებით. ისინი მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა აქტივობებში, კანონებისა და რეგულაციების გათვალისწინებით, იქნება ეს საგანმანათლებლო, ჯანდაცვის თუ სხვა სფეროები.

ისინი ჩვენთან ერთად იმუშავებენ, ჩვენ მხარდამხარ, და გვინდა დავარწმუნოთ საერთაშორისო საზოგადოება – თუ მას ასეთი ეჭვები ექნება – რომ არავითარ დისკრიმინაციას ქალთა წინააღმდეგ ადგილი არ ექნება. თუმცა, რა თქმა უნდა, იმ ჩარჩოში, რაც ჩვენ გაგვაჩნია“, – თქვა ზაბიჰულა მუჯაჰიდიმ.

ზაბიჰულა მუჯაჰიდიმ ასევე განაცხადა, რომ არ მისცემენ უფლებას, ავღანეთის ტერიტორია  რომელიმე ქვეყანამ სხვა ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენოს და ასევე დაამატა, რომ 20 წლის ოკუპაციის შემდეგ ავღანეთი გათავისუფლდა – „თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყველა ქვეყნის ლეგიტიმური უფლებაა“.


თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი 15 აგვისტოს დაამყარა. ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ამერიკულმა ძალებმა ავღანეთი დატოვეს. ქვეყანა დატოვეს ნატოს წევრმა და მოკავშირე ქვეყნების სამშვიდობო მისიებმაც.

თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქში – ქაბულში შესვლა 15 აგვისტოს დილიდან დაიწყო. ავღანეთი მანამდე ერთადერთი ქალაქი იყო 24 ქალაქიდან, სადაც თალიბანს კონტროლი ჯერ არ ჰქონდა დამყარებული.  დაჯგუფებამ ჯერ ქალაქის გარეუბნები დაიკავა, დღის ბოლოს კი პრეზიდენტის სასახლეშიც შევიდა. ამ დროისთვის ქვეყანაში პრეზიდენტი აშრაფ ღანი აღარ იმყოფებოდა. ის, სავარაუდოდ, ტაჯიკეთშია.

„თალიბანმა“ “საყოველთაო ამნისტია” გამოაცხადა და ქალებს მოუწოდა, ახალ მთავრობას შეურთდნენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი