ახალი ამბები

BBC: ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა

15 აგვისტო, 2021 •
BBC: ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა და ტაჯიკეთში გაიქცა, წერს BBC რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემის თანახმადვე, არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ქვეყანა დატოვა ასევე ვიცე-პრეზიდეტნმა ამრულა სალემამაც.

დღეს დილით ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თალიბანმა შესვლა დაიწყო. ქაბული ერთადერთი იყო ავღანურ ქალაქებს შორის, სადაც თალიბანს კონტროლი ჯერ არ დაემყარებინა.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თალიბანის წევრებმა უკვე დაიკავეს ქაბულის გარეუბნები. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ თალიბანმა ბაგრამის ციხიდან პატიმრები გაათავისუფლა.პარალელურად, ქვეყნიდან დასავლეთს დიპლომატიური წარმომადგენლობა გაჰყავს, მათ შორის, აშშ-საც.


მანამდე, 13 აგვისტოს, თალიბანმა სწრაფად დაიკავა სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებიც. მათ შორისაა მაზარ-ი-შარიფი. ეს იყო ბოლო საკვანძო წერტილი ავღანეთის ჩრდილოეთში, რომელსაც ქვეყნის მთავრობა ჯერაც აკონტროლებდა. ქალაქი  თალიბანისადმი წინააღმდეგობის ცენტრად მიიჩნეოდა.

დღევანდელ დღემდე  24-დან 23 რეგიონულ დედაქალაქს თალიბანი აკონტროლებს. დარჩა მხოლოდ ქაბული: ავღანეთის დედაქალაქი, რომელსაც შეიარაღებული დაჯგუფების გააქტიურებისა და საბრძოლო მოქმედებების ფონზე, მაისიდან დღემდე, 250 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებულმა მიაშურა უსაფრთხო თავშესაფრის ძიებაში.

თალიბანის წინსვლას, ჯერჯერობით, ვერაფერი აკავებს. ის განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა, 20-წლიანი სამხედრო ოპერაციების შემდეგ, ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაჯგუფების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელსაც რაიმე სახის დიალოგის წინაპირობად განიხილავს, ქვეყნის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის გადადგომაა. ღანის ამ მოთხოვნისთვის ჯერ არ უპასუხია.

ამ ფონზე, დასავლეთის ქვეყნები ავღანეთიდან თავიანთი მოქალაქეების გასაყვანად ემზადებიან. ვაშინგტონში ამბობენ, რომ ქაბულში გაგზავნილი ამერიკელი სამხედროები ყოველდღიურად ათასობით ადამიანის გაყვანას შეძლებენ. ქვეყანაში სამხედროებს აგზავნის ბრიტანეთიც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი