2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელმა, პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ოთხი საარჩევნო უბნის კომისიის წევრების და საარჩევნო ოლქების თავმჯდომარეების გამოკითხვა დაასრულა.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა, პროცესში გამოიკვეთა, რომ “დაშვებული შეცდომები არანაირ ზეგავლენას არ ახდენდა შედეგებზე, რომელიც დაკავშირებული იყო ამომრჩეველთა მიერ გამოხატულ ნებასთან”.
“ჩვენ ვაწყდებით შეცდომებს, რომელიც მექანიკურად იყო დაშვებული. ვაწყდებით სიტუაციებს, სადაც უპასუხისმგებლო და გულგრილი დამოკიდებულება იყო და ვაწყდებით შეცდომებს, რომელიც კომპეტენციის ნაკლებობიდან გამომდინარე იყო. ამის თაობაზე დროებითი საგამოძიებო კომისია შეიკრიბება ცალკე და გააანალიზებს გასაუბრებების შედეგებს”, — განაცხადა მიქანაძემ.
მისი თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისია შეიკრიბება და გააანალიზებს გასაუბრებების შედეგებს და მიღებულ ახსნა-განმარტებებს.
“კომისია იმსჯელებს, რომ მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კონკრეტული უფლებამოსილი პირების მიმართ პასუხისმგებლობის დადგომის თაობაზე იმისთვის, რომ სამომავლოდ გათვალისწინებული იქნას დაშვებული შეცდომები”, — განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, კომისიას აქცენტი ჰქონდა აღებული ყველაზე პრობლემურ უბნებზე, სადაც იყო როგორც დისბალანსი, ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ ამ უბნებზე დაწერილი იყო არაერთი საჩივარი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.