ახალი ამბები

„ოცნება“ კარვების შეზღუდვაზე სადავო ცვლილებებს ვენეციის კომისიაში არ გააგზავნის

4 ოქტომბერი, 2023 • 915
„ოცნება“ კარვების შეზღუდვაზე სადავო ცვლილებებს ვენეციის კომისიაში არ გააგზავნის

„ქართული ოცნება“ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან სადავო ცვლილებებს ვენეციის კომისიაში არ გააგზავნის. ამის შესახებ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

კანონპროექტს პარლამენტი დღეს, 4 ოქტომბერს, პირველი  მოსმენით განიხილავს, ხვალ კი მისი მეორე და მესამე მოსმენით მიღება იგეგმება.

„დაჩქარებული წესით იხილება კანონპროექტი, არც არის გეგმაში, რომ ეს ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს, ერთადერთი მიზეზის გამო – ამ ნორმის მიღება უმნიშვნელოვანესია ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მისი პრევენციულობა არის აქტუალური“, — განაცხადა გივი მიქანაძემ.

ამასთან, მიქანაძის მტკიცებით, აქციებზე დროებითი კონსტრუქციის განთავსების შეზღუდვა მანიფესტაციის შეზღუდვასთან კავშირში არაა.

„ძალიან კარგად იცით პასუხი, რომ დროებით კონსტრუქცია არ არის მხოლოდ კარავი და სხვა ობიექტები, მათ შორის, სცენაც შეიძლება იყოს დროებითი კონსტრუქცია. ყველა ეს არის დასაშვები და კანონმდებლობა უშვებს ამის განხორციელებას, მაგრამ ეს არ უნდა შეიცავდეს იმ რისკფაქტორებს, რომელიც კონკრეტულ მუხლთან არის დაკავშირებული“, — განაცხადა მიქანაძემ.

მიქანაძის განმარტებით, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ინდივიდუალურად აფასებენ კონკრეტულ შემთხვევას და აქციის ორგანიზატორს თუ დროებითი კონსტრუქციის დამდგმელს მოუწოდებენ, მოახდინოს გონივრულ ვადაში იმ კონსტრუქციის დემონტაჟი, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხეს უქმნის.

მისივე თქმით, დამონტაჟებამდე თუ დამონტაჟების შემდეგმ კონსტრუქციას ინდივიდუალურად შეაფასებენ.


„ქართული ოცნება“ ამკაცრებს კანონს შეკრების და მანიფესტაციისას დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შესახებ.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მმართველი პარტიის დეპუტატებმა პარლამენტში უკვე დააინიცირეს.  ავტორები კანონის გამკაცრების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმება.

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს არ ეთანხმებიან და მას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ. ისინი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები არ მიიღოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი