ახალი ამბებიეკონომიკა

ღირს თუ არა ნამახვანჰესის ენერგია იმპორტირებულზე ძვირი და “ესკოს” კონფიდენციალური დოკუმენტი

30 ივნისი, 2021 • 4746
ღირს თუ არა ნამახვანჰესის ენერგია იმპორტირებულზე ძვირი და “ესკოს” კონფიდენციალური დოკუმენტი

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჰესის მშენებლობის მხარდამჭერთა ნაწილის განცხადებით, ნამახვანჰესის ერთ-ერთი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი პიკური საათების დროს, როდესაც ენერგიაზე მოთხოვნა დიდია და შესაბამისად, უცხოური ენერგიის ფასი იზრდება, გამოიმუშავებს ადგილობრივ იაფ ენერგიას.

“ესკოს” მიერ პარლამენტის წევრი სანდრო რაქვიაშვილისთვის გაგზავნილი დოკუმენტიდან კი ირკვევა, რომ საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებულ ენერგიაზე არ მოქმედებდა საათობრივი ფასები, ხოლო აზერბაიჯანიდან მოწოდებულ ენერგიაზე საათობრივი ფასები ხშირ შემთხვევაში დაბალი იყო ნამახვანჰესის PPA პერიოდის პირველი წლის ტარიფზე ანუ 6.2 აშშ ცენტზე, ხოლო 2021 წლის აპრილის თვეში კი 0.7 ამერიკული ცენტით აღემატებოდა მას.

დეპუტატის განცხადებით, მეზობელი სახელმწიფოებიდან ენერგიის იმპორტი უფრო იაფი გამოდის, ვიდრე ეს ტარიფი ნამახვანჰესის კონტრაქტითაა გათვალისწინებული, რაც, მისი განცხადებით, პროექტის ფინანსურ მომგებიანობაზე ეჭვებს აჩენს და გადასახადის გადამხდელთა მიერ კერძო კომპანიის დასუბსიდირებას ნიშნავს.

ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, თუ რა სხვაობაა იმპორტირებული და ნამახვანჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის ფასებს შორის, განსხვავდება, თუ არა იმპორტიორი ქვეყნებიდან მოწოდებული ენერგია დღე-ღამის განმავლობაში საათების მიხედვით და რატომ უნდა იყიდოს, ან არ უნდა იყიდოს სახელმწიფომ ენერგია უფრო ძვირად, ვიდრე იმპორტში გადაიხდიდა.

რა ღირს იმპორტირებული და ნამახვანჰესის ენერგია 

კვლევითი ორგანიზაცია “გალტ & თაგარტის” 2020-2021 წლის პირველი კვარტალის ელექტრო ბაზრის ანგარიშის თანახმად, საქართველო იმპორტს ბოლო წლებში სამი ქვეყნიდან: რუსეთის ფედერაციიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან ახორციელებს.

ანგარიშის თანახმად, ამ პერიოდში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან იმპორტირებული ენერგიის საშუალო ფასი კილოვატ საათზე 4.4-დან 5.2 ამერიკულ ცენტამდე მერყეობდა. აზერბაიჯანული ენერგიის საშუალო ფასების გაიაფების, ერთ-ერთ მიზეზად, ორგანიზაცია თურქული ენერგიის გაიაფებას ასახელებს.

თურქეთიდან იმპორტი კილოვატ-საათზე გასული წლის 20 სექტემბრიდან მოყოლებული, ანუ ზაფხულის პერიოდის დასრულების შემდეგ, როდესაც საქართველო იწყებს ენერგიის იმპორტს, საშუალოდ 4.3-4.5 ამერიკული ცენტი ღირდა.

საქართველოს ელექტრო-იმპორტმა რუსეთის ფედერაციიდან 2020 წელს საერთო იმპორტის 35.4 პროცენტი შეადგინა, თუმცა ამ ენერგიის დიდი ნაწილი აფხაზეთის ელექტრო-მოხმარებას მოხმარდა.

2021 წლის პირველ კვარტალში რუსული იმპორტის 85 პროცენტი აფხაზეთის მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოხმარდა.

2020 წელს რუსულ ელექტრო ენერგიაზე “სპეციალური ფასი” – კილოვატ-საათზე 0.5 ამერიკული ცენტი მოქმედებდა, რაც ენგურჰესის სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება, რომლითაც ძირითადად აფხაზეთის რეგიონი მარაგდება. რუსეთიდან ელექტრო ენერგიის საბაზრო საშუალო ფასი 4.5 – 5.3 ამერიკულ ცენტამდე მერყეობდა.

PPA პერიოდი ნამახვანჰესის კონტრაქტში გულისხმობს ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტრო-ენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც მოიცავს წელიწადის 8 თვეს გარდა მაისისა და ზაფხულის თვეებისა და გაგრძელდება ჰესის აშენებიდან მომდევნო 15 წლის განმავლობაში, რა დროსაც პირველი წლის ტარიფი 6.2 ცენტი ყოველწლიურად გაიზრდება 3 პროცენტით და მე-15 წელს მიაღწევს დაახლოებით 9.66 ცენტს.

“გალტ & თაგარტის” მონაცემები გულისხმობს გასაშუალოვებულ მონაცემებს და არ წარმოაჩენს საათობრივ ფასებს, რა დროსაც, მაგალითისთვის დღის და ღამის ტარიფი, შესაძლოა, განსხვავდებოდეს.

პიკური საათების არგუმენტი და რა ირკვევა “ესკოს” წერილიდან

“ნამახვანის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი წარმოადგენს ე.წ. დღიური რეგულირების სადგურს და შეუძლია დააკმაყოფილოს პიკური მოხმარება დილის და საღამოს საათებში”, – აცხადებდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” [ყოფილი EMC] მიერ ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული შენიშვნების საპასუხოდ გავრცელებული დოკუმენტში.

სამინისტროს განცხადებით, პიკური მოხმარების დროს საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც ფიქსირდებოდა ყველაზე მაღალი ფასი ელექტრო-ენერგიაზე.

“სწორედ დღის ამ პერიოდში (პიკური მოხმარების დროს) ფიქსირდება ყველაზე მაღალი ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, (ფასები მერყეობს 7,8 აშშ ცენტის ფარგლებში რუსეთში და 9-11 აშშ ცენტის ფარგლებში თურქეთში). ბუნებრივია პიკურად იმპორტირებული ენერგიის ფასი აღემატება დღის სხვა მონაკვეთში იმპორტირებული ენერგიის ფასს”, – აცხადებდა ეკონომიკის სამინისტრო ნამახვანჰესის აშენების საჭიროების დასაბუთებისას.

საქართველოს პარლამენტისა და პარტია “გირჩის” წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა სადეპუტატო კითხვით ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს – ესკოს მიმართა, რომ მისთვის ეცნობებინათ:

ა. განსხვავდებოდა თუ არა ელექტროენერგიის იმპორტის ფასი საათების მიხედვით;

ბ. და დადებითი პასუხის შემთხვევაში, ამ წლის [2021 წლის] ელექტროენერგიის იმპორტის ღირებულება ქვეყნების, (თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი) კვირის დღეებისა და საათების მიხედვით;

დეპუტატს ესკოდან უპასუხეს, რომ თურქეთიდან განხორციელებულ ენერგიაზე არ მოქმედებდა საათობრივი ფასი, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი მუდმივად ერთნაირი ღირებულების იყო, ხოლო რუსეთიდან ენერგიის იმპორტს ახორციელებს არა ესკო, არამედ “ინტერრაო საქართველო”.

ესკოს წერილიდან ასევე ირკვევა, რომ საათობრივი ფასი მოქმედებდა აზერბაიჯანის შემთხვევაში:

  • იანვარი: დღის განმავლობაში კილოვატ-საათი ელექტრო-ენერგია 5.4 აშშ დოლარი ღირდა, ღამითა და უქმე დღეს კი – 3.9 აშშ ცენტი.  ესკოს თანახმად იანვარში საშუალო ფასი: 4.63 აშშ ცენტი იყო.
  • მარტის თვის პირველ ნახევარში იმპორტირებული ელექტრო-ენერგია 4.4 აშშ ცენტი ღირდა, მომდევნო ნახევარში კი მოქმედებდა საათობრივი ფასი, მათ შორის დღის განმავლობაში 6.1 აშშ ცენტი, უქმე დღეებსა და ღამის განმავლობაში კი 3.9 აშშ ცენტი. მარტში საშუალო ფასი კვ/სთ-ზე დაახლოებით 4.6 ცენტი იყო.
  • აპრილში დღის განმავლობაში კვ/სთ-ის ფასი იყო 6.9 აშშ ცენტი, ღამითა და უქმე დღეებზე კი 3.9 ცენტი. ელექტრო-ენერგიის საშუალო ფასი ამ თვეში დაახლოებით 5.4 ცენტი იყო.

ესკოს მონაცემებიდან ირკვევა, რომ ნამახვანჰესის PPA პერიოდის პირველ წელს ტარიფი მხოლოდ აპრილში, დღის განმავლობაშია, აზერბაიჯანიდან განხორციელებული იმპორტის ღირებულებაზე იაფი. დანარჩენ შემთხვევაში ძვირია.

ნამახვანჰესის ტარიფი ყოველთვე აღემატებოდა იმპორტირებული ენერგიის გასაშუალოვებულ ღირებულებას.

ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, “ჰესის მომხრე ექსპერტები და პოლიტიკოსები ან განზრახ ტყუოდნენ, ან უნებლიედ ტყუილს ავრცელებდნენ, რადგან პიკის საათებშიც კი, იმპორტის ფასი 6.5 ცენტზე ნაკლებია, ზოგ შემთხვევაში კი მნიშვნელოვნად ნაკლები.”

ესკოს მიერ დეპუტატისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამი იყო, რომ აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალური ხასიათისაა და გასაჯაროებას არ ექვემდებარებოდა, თუმცა გაგზავნილი წერილი საჯაროდ გამოქვეყნდა პარლამენტის ვებ-გვერდზე და სტატიის გამოქვეყნების მომენტში ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის.

ნეტგაზეთმა იმის გასარკვევად, თუ რა პრინციპით ხელმძღვანელობს სახელმწიფო, როდესაც გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას აფორმებს ჰესის მშენებელ კომპანიასთან, კითხვებით მიმართა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს.

სამინისტროს ვკითხეთ:

  1. რატომ და როგორ დადგინდა გარანტირებული შესყიდვის დროს [PPA პერიოდში] ენერგიის ტარიფად 6.2 აშშ ცენტი ყოველწლიური 3-პროცენტიანი ზრდადობით, მაშინ როდესაც, მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორებიდან აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ენერგიის იმპორტი უფრო იაფი [6.2 ამერიკულ ცენტზე ნაკლებ ფასად] ჯდება;
  2. როგორ აიხსნება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე უფრო ძვირი ენერგიის შეძენის აუცილებლობა; რატომაა ენერგიის გარანტირებული შეძენის აუცილებლობა მხოლოდ პირველი 15 წლის განმავლობაში; და თუ ადგილობრივი წარმოების ენერგიის უფრო ძვირ ფასში შეძენა გამართლებულია, რატომ არ გრძელდება PPA პერიოდი 15 წლის გასვლის შემდეგაც;

სამინისტრომ, მიუხედავად დაპირებისა, რომ კითხვებზე პასუხს გაგვცემდა, ჯერ-ჯერობით, დასმულ შეკითხვებს არ უპასუხა.

ნეტგაზეთის პირველ კითხვას წარსულში ნაწილობრივ უპასუხა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა. მისი თქმით, სხვა კომპანიები უფრო მაღალ ტარიფს აფიქსირებდნენ მაგალითად 8 ცენტს კილოვატ საათში.

“შემდეგი პრეტენდენტი, რომელიც იყო ამ აუქციონში, ითხოვდა გარანტირებული შესყიდვის 100%-იან დაზღვევას [ენკა – წელიწადში 8 თვეს], 8 ამერიკულ ცენტს კილოვატ საათში და შემდეგ კიდევ უფრო უარესდებოდა პირობები”, – განუცხადა ნეტგაზეთს მაისში გიორგი ჩიქოვანმა.

“იმპორტის ფასთან შედარებისას 3.9 აშშ ცენტი უნდა გამოიყენებოდეს”

ეკონომიკის სამინისტროს პოზიციის თანახმად, როდესაც ნამახვანჰესის მიერ წარმოებული ენერგიის ფასს იმპორტირებულს ვადარებთ, ნამახვანის ენერგია მთელ წელზე უნდა გავასაშუალოთ და არა მხოლოდ 8 თვეზე ანუ PPA პერიოდზე.

ამგვარად, სამინისტროს გამოთვლით ნამახვანჰესის წლიური შეწონილი ტარიფი რეალურად ხელშეკრულებით შესასყიდ ტარიფზე (6.2 ცენტზე) დაბალია. 

საშუალო შეწონილი ტარიფის გაანგარიშება PPA პერიოდის 8 თვისა (ფასი 6.2 ცენტი და შემდეგ წლებში მზარდი) და ზაფხულის პერიოდის 4 თვის მონაცემების შეკრებით და შემდეგ გასაშუალოვებით ხდება. ზაფხულის საბაზრო ფასად მიჩნეულია 3 ცენტი. 

“დღეისათვის არსებულ საპროექტო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გაკეთებული პროგნოზების და ფინანსური გათვლების თანახმად, ნამახვანის საშუალო შეწონილი ტარიფი (ანუ საშუალო წლიური შემოსავალი რასაც კომპანია მიიღებს თითოეულ კილოვატ საათზე) ოპერირების დაწყების წლისთვის შეადგენს 4.91 აშშ ცენტს”, – ნათქვამია წარუსულში სამინისტროს მიერ სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებების საპასუხოდ მომზადებულ დოკუმენტში.

არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაცია “WEG-ის”, მიერ გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, ჰესის საშუალო შეწონილ ტარიფს უნდა გამოაკლდეს “ენკა რენუებლზ-ის” მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი ქონების გადასახადი, საექსპლოატაციო და მომსახურების ხარჯები და სხვა მოსაკრებლები, რის შემდეგაც, ტარიფი ნაცვლად 6.2 ცენტისა გამოდის დაახლოებით 3.9 ცენტი/კვსთ-ზე. 

ორგანიზაციის თანახმად, იმპორტის ფასთან შედარებისას, სწორედ ეს რიცხვი 3.9 აშშ ცენტი უნდა გამოიყენონ, ნაცვლად ხელშეკრულებით განსაზღვრული 6.2-ცენტიანი ტარიფისა. 

WEG-ისვე განცხადებით, არსებობს კიდევ ერთი არგუმენტი თუ რატომ უნდა გაკეთდეს აქცენტი ადგილობრივ ენერგიაზე:

“ელექტროენერგიის იმპორტი ემსახურება სხვა ქვეყნებში, საქართველოს ხარჯზე, გენერაციის საწარმოო სიმძლავრეების განვითარებას და ენერგეტიკული დამოკიდებულების გაზრდას, მაშინ როდესაც ჩვენს ქვეყანაში ინვესტირება ემსახურება ეკონომიკის ზრდას, ადგილობრივი საწარმოო სიმძლავრეების განვითარებას და ენერგეტიკული პოლიტიკურ/ეკონომიკური უსაფრთხოების განმტკიცებას”. 

WEG-ის დაანგარიშების შესახებ უფრო დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ აქ. ეკონომიკის სამინისტროს გამოთვლები – აქ.

“არსებობს ეჭვი, რომ პროექტი არ არის მომგებიანი”

პარლამენტის წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, იმპორტის და ნამახვანის ფასების შედარებისას უნდა ვიხელმძღვანელოთ არა ზაფხულის თვეებთან გასაშუალოებული მონაცემებით, არამედ იმ ტარიფებით, რომლებიც უშუალოდ იმპორტის საჭიროების დროსაა. ეს მონაკვეთი ემთხვევა ნამახვანჰესის PPA პერიოდს ანუ იმ დროს როდესაც ჰესი სახელმწიფოს ელექტროენერგიას 6.2 ცენტად მიჰყიდის.

“ოთხი თვე (მაისი და ზაფხულის თვეები) ჰესი მუშაობს საბაზრო ფასებით. ამ დროს მან შესაძლოა ენერგია ექსპორტზეც გაიტანოს, რადგან საქართველოში გამომუშავება მაღალია. დანარჩენი 8 თვის განმავლობაში, ხდება კომპანიის სუბსიდირება. 

შესაბამისად ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ეს 8 თვე. ამ 8 თვის განმავლობაში ხდება სწორედ იმპორტიც. დანარჩენი ოთხი თვის განმავლობაში იმპორტი არ ხდება და რა მნიშვნელობა აქვს რა არის ამ დროს იმპორტის ფასი?! 

თუ ჩვენ იმპორტის ფასს ვადარებთ ადგილობრივი ენერგიის ფასს, მაშინ უნდა შევადაროთ იმ პერიოდში, როდესაც ის გვჭირდება”

ზაფხულის საშუალო ფასით, ცდილობენ დაწიონ მთლიანი გენერაციის ფასი, რაც მანიპულაციაა”, – აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დეპუტატის განცხადებით, ასევე “რიცვხებით მანიპულაციაა” ნამახვანჰესის ტარიფის “შემცირება” კომპანიის მიერ გადასახადების გადახდითა და დასაქმებულების რიცხვით: “ფინანსებში დაანგარიშება ამ გზით არ ხდება”.

“მაგალითისთვის ავიღოთ ადგილობრივი წარმოების ხილი, რომელიც ღირს 5 ლარი და შევადაროთ იგივე იმპორტირებულ ხილს, რომელიც ღირს 1 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხილის მოყვანაში დასაქმებულია ადამიანი, ხომ გასაგებია, რომ ჩვენთვის მომგებიანია უფრო იაფი პროდუქციის ყიდვა. მომხმარებელი რომ დაზოგავს ფულს, ესეც ხომ სარგებელია”, – აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი. 

მისი განცხადებით, ის ფაქტი, რომ ჰესის მშენებლობის პირობაში ჩადებულია ენერგიის საბაზრო ფასზე ძვირი ტარიფით გარანტირებული შეძენის ვალდებულება, მიანიშნებს ამ პროექტის სუბსიდირებაზე, რაც აღძრავს ეჭვს, რომ იგი მომგებიანი არ არის.

მისივე თქმით, მან “ესკოს” სწორედ ამ მიზნით დაუსვა კითხვები, რათა დარწმუნებულიყო, იყო თუ არა პროექტი მომგებიანი.

“ჰესი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა წარმოება, მე მხოლოდ გამიხარდება. ეს ჰესი, რომ თანაბარ კონკურენტულ პირობებში იყოს სხვებთან და ენერგეტიკაში არ იყოს რეგულაციები, რამდენი ჰესიც შეიძლება არსებობდეს, იმდენი აშენდეს და მე ყველას მივესალმები, მაგრამ ამ შემთხვევაში არსებობს ეჭვი, რომ მიმდინარეობს ამ ჰესის პირდაპირი თუ ირიბი გზით სუბსიდირება. რადგან სუბსიდირებას საჭიროებს ეს ჰესი, გამოდის, რომ იგი არაა მომგებიანი, ამიტომ ჩემთვის ესაა გადამწვეტი, არის თუ არა პროექტი მომგებიანი”, – აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

შეკითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს სამეზობლოში მომდევნო წლებში მკვეთრად გაძვირდება ენერგია განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, არის თუ არა ლეგიტიმურია ჰესის აშენების მხარდამჭერთა არგუმენტი, რომ ნამახვანჰესის PPA ტარიფი იქნება სტაბილური და ამ გზით ხელსაყრელი საქართველოსთვის, სანდრო რაქვიაშვილი პასუხობს,  თუ შესაძლებელია რომ რეგიონში იმპორტირებული ენერგიის გაძვირების პროგნოზი დამტკიცდეს, მაშინ დამატებითი სუბსიდირებადი პირობების ჩადება ჰესის აშენების კონტრაქტში საჭირო აღარ იქნებოდა, რადგან სხვა ქვეყნებში ელექტროენერგიის გაძვირების პარალელურად საქართველოთი ინვესტორები ბუნებრივად დაინტერესდებოდნენ.

“დაახლოებით 1970 წლებიდან არსებობს აზრი, რომ ენერგიის წყაროები ამოიწურება, ენერგია აღარ გვეყოფა და იგი გაძვირდება, მაგრამ როგორც ვხვდებით რაიმე კატასტროფა [ფასების ზრდა] არ მომხდარა.

მეორე არგუმენტი: თუ შესაძლებელია იმის დამტკიცება რომ უცხოური ენერგია გაძვირდება, მაშინ ინვესტორები თავადვე მოვლენ აქ [რადგან ადგილობრივი ენერგია იაფი იქნება, მასზე მუდმივად იქნება მოთხოვნა საქართველოში, ასევე გავა ექსპორტზეც]. რა საჭიროა დამატებითი წახალისება და სპეციფიკური კონტრაქტების გაფორმება, თუ შესაძლებელია იმის დამტკიცება, რომ იმპორტირებული ელექტრო-ენერგია გაძვირდება?!”, – აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

რაქვიაშვილის განცხადებით, პროექტის მომგებიანობის მტკიცების ვალდებულება ჰესის მშენებელი მხარის მოვალეობაა.

“სინამდვილეში მე არ უნდა ვაკრიტიკებდე პროექტის მომგებიანობას. უნდა გამოვიდეს [პროექტის განმახორციელებელი] მხარე და დადოს დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს პროექტის მომგებიანობას. ეს ვალდებულებაა. მე რატომ უნდა ვამტკიცო, რომ პროექტი წამგებიანია. თუ ეს მომგებიანია, დაიდოს დოკუმენტი და მერე ვიმსჯელოთ”, – აცხადებს დეპუტატი ნეტგაზეთთან საუბრისას.

რაქვიაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ხაზს უსვამს, რომ ჰესების მშენებლობისა და ენერგეტიკის სფეროში შექმნილი რეგულაციების გამარტივების მომხრეა, თუმცა მიაჩნია, რომ აშენებული ჰესები უნდა იყოს მომგებიანი და მათი სუბსიდირების შემთხვევაში, ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, თუ რატომ ხდება კონკრეტული სუბსიდირება. მისი განცხადებით, ნამახვანჰესის შემთხვევაში ეს ნათელი არაა.


ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები ამ დრომდე არ ასაჯაროებენ ნამახვანჰესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საჯარო ინფორმაციას — ხარჯთსარგებლიანობის ანალიზსა და პროექტის შესახებ დასკვნას.

სპეციალისტების ნაწილის შეფასებით, ეს დოკუმენტები:

ან არ არსებობს, რაც კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს და კონტრაქტის გაუქმების საფუძველი შეიძლება იყოს;

ან იმდენად კრიტიკულია და მნიშვნელოვან კონტრარგუმენტებს შეიცავს პროექტის არსებული სახით განხორციელების წინააღმდეგ, რომ სახელმწიფოს მათი გასაჯაროება არ სურს.

ნახეთ, რატომაა ამ დოკუმენტების გასაჯაროება მნიშვნელოვანი:

სახელმწიფო კომპანია ₾199,000-ს დახარჯავს ჰესების პროპაგანდაში

მასალების გადაბეჭდვის წესი