ახალი ამბები

შეკვეთილში $600 მილიონის ღირებულების მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება — ეკონომიკის სამინისტრო

12 დეკემბერი, 2023 • 6481
შეკვეთილში $600 მილიონის ღირებულების მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება — ეკონომიკის სამინისტრო

შეკვეთილში, 40 ჰექტარზე მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება, რომლის ჯამური ღირებულება 600 მილიონი აშშ დოლარია. კომპლექსის აშენების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარების ფონდსა  და VR Holding-ს შორის დღეს, 12 დეკემბერს გაფორმდა.

კომპლექსს VR Shekvetili Forest Beach by Paragraph ჰქვია და ის სასტუმრო “პარაგრაფიდან” 100 მეტრით იქნება დაშორებული.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ ხარისხის ვილებს, რამდენიმე 5-ვარსკვლავიან საცხოვრებელ კომპლექსს, სასტუმრო და ბრენდირებულ აპარტამენტებს. უწყების ინფორმაციით, კომპლექსში მრავალფეროვანი საკურორტო ინფრასტრუქტურა აშენდება. გარდა ამისა, სამინისტროში ირწმუნებიან, რომ კომპლექსი ეკოლოგიურად მაქსიმალურად სუფთა იქნება.

აღსანიშნავია, რომ კომპლექსის სანაპირო ზოლიდან 200 მეტრით იქნება დაშორებული და მის შემადგენლობაში შევა 1200 მეტრი სანაპირო ზოლი.

“პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ველო და გოლფის მანქანებისთვის განკუთვნილი ბილიკების გამოყენებით და ეკომეგობრული ტრანსპორტით”, — ვკითხულობთ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპლექსს უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია VR Holding აშენებს, რომელიც ბიზნესმენმა ნოშიკო ნამორაძემ 2010 წელს დააარსა. კომპანია მშენებლობის პირველი ფაზის დასრულებას 2025 წლის დეკემბერში აპირებს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისას, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმის წილზე გაამახვილა ყურადღება.

“გასულ წელს 3.5 მილიარდი დოლარი იყო ტურიზმის სექტორიდან შემოსავალი და მიმდინარე წელს პირველი სამი კვარტლის მონაცემებით უკვე 3.3 მილიარდ დოლარს გასცდა. ჩვენი მოლოდინია, რომ წელს ის 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. წელს, ასევე პირველი სამი კვარტლის განმავლობაში  5.6 მილიონი ტურისტი მივიღეთ. შესაბამისად, გვაქვს აღდგენის და ზრდის ტენდენცია.

თუმცა განვითარების ის პოტენციალი, რომელიც გაგვაჩნია, განხორციელებულ იქნება იმ შემთხვევაში, თუ გვექნება ხარისხიანი მიწოდება და ხარისხიანი ტურისტული ადგილები, ისეთი ლოკაციები, როგორიც “პარაგრაფია” და მასთან ერთად უკვე ახალი ტურისტული კომპლექსი“, — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა VR Holding-სა და Paragraph Shekvetili-ს შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი