ახალი ამბები

ტაქსების ლიცენზირება მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება — რა წერია კანონპროექტში

7 თებერვალი, 2024 • 651
ტაქსების ლიცენზირება მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება — რა წერია კანონპროექტში

Საქართველოს პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტით, მუნიციპალიტეტებში მსუბუქი ავტომობილებით მგზავრთა გადაყვანისთვის ლიცენზიების შემოღება იგეგმება. კანონპროექტის ავტორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ცვლილებები ქვეყნის შიგნით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში ხორციელდება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რეფორმის ერთ-ერთი გამოწვევა არის ავტოსადგურებში არსებული არასახარბიელო მდგომარეობა და არარეგისტრირებული პირები (ე/წ „ხიშნიკები“), რომლებიც ავტოსადგურების გვერდის ავლით ახორციელებენ მგზავრთა გადაყვანის მომსახურებას (ხშირ შემთხვევებში, მინივენის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით).

კანონპროექტის ავტორების განცხადებით, რეფორმის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს აღნიშნული პრობლემებს, თუმცა, ზოგადად, ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მოწესრიგების მიზნით აუცილებელია ერთიან ჭრილში იქნას გადაწყვეტილი მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეგულირება, რათა ტაქსების მოუწესრიგებელი საქმიანობა რეფორმის განხორციელებისათვის არ გახდეს დამაბრკოლებელი ფაქტორი.

შესაბამისად, დოკუმენტში ნათქვამია, რომ „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანია, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის რეგულირების მიზნით, შექმნას ერთიანი სამართლებრივი საფუძვლები და უზრუნველყოს მუნიციპალიტეტი შესაბამისი უფლებამოსილებით.

დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალიტეტის მიერ მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისთვის ნებართვის გაცემა, ასევე, მუნიციპალიტეტის მიერ სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის განსაზღვრა.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ორგანიზებასა და მართვას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი, მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი.

ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებებით, მუნიციპალიტეტებს (გარდა თბილისისა) 2025 წლის 1 ივნისამდე ეძლევათ ვადა, უზრუნველყონ მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მფლობელთა შესახებ მონაცემების ერთიან საინფორმაციო ბაზაში ასახვა, რომლის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა 2025 წლის 1 იანვრამდე.

კანონპროექტის ავტორების თქმით, ნებართვის სავარაუდო ფასი იქნება, საშუალოდ, 50-75 ლარი და ნებართვის დუბლიკატის გაცემის ფასის (სავარაუდო ფასი 10 ლარი) ოდენობით. ასევე, ნებართვის გარეშე საქმიანობის და სანებართვო პირობების დარღვევის გამო ჯარიმის ოდენობით, რაც შეადგენს, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელების გამო – 100 ლარს, ხოლო მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის საქმიანობის შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელების გამო – 200 ლარს.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საბიუჯეტო შემოსავლები სანებართვო საქმიანობის შემოღების პირველივე წელს 670 ათას ლარს გაუტოლდება, ხოლო სანებართვო საქმიანობის შემოღების წელს და შემდეგი 3 წლის განმავლობაში, დაახლოებით- 2,7 მილიონ ლარს.

კანონპროექტის ავტორების თქმით, 2025-2033 წლებში კი ნაერთი საბიუჯეტო შემოსავლები, ჯამში, დაახლოებით 6.2 მილიონ ლარს გაუტოლდება, აღნიშნული მოიცავს მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა მიერ საშემოსავლო გადასახადიდან და ნებართვის და ნებართვის დუბლიკატისთვის გადახდილი საფასურიდან მიღებულ სარგებელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი