ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ გაიმარჯვა ფაშინიანმა

22 ივნისი, 2021 • 2059
რატომ გაიმარჯვა ფაშინიანმა

ავტორი: ჰრანტ მიკაელიანი, ერევანი


არჩევნების რაოდენობრივი შედეგები 

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, ფაშინიანმა მეტოქეები დიდი სხვაობით დაამარცხა. მის კონკურენტებს კი გაუჭირდებათ დასაბუთება, რომ არჩევნები გაყალბდა.

ფაშინიანის პარტია “სამოქალაქო შეთანხმება” პარლამენტში 71 მანდატს მიიღებს მაშინ, როდესაც მისი მთავარი მოწინააღმდეგე “სომხეთი”- 29 მანდატს, ალიანსი “მე მაქვს ღირსება”- 7 მანდატს. პარლამენტში ადგილების განაწილება შესაძლოა უმნიშვნელოდ შეიცვალოს, თუმცა ფაშინიანის დამაჯერებელი გამარჯვება უკვე დაფიქსირებულია.

ფაშინიანმა უკლებლივ ყველა რეგიონში გაიმარჯვა და ყველგან, ერევნის გარდა, ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო. მეტიც, ერევანშიც კი, სადაც ბლოკი “სომხეთის” გამარჯვების პროგნოზი არსებობდა, ფაშინიანმა საკმაოდ დიდი სხვაობით მოიგო. ამასთან, ერევანში მიღებული ხმებიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ფაშინიანმა მარტომ ჩამოაყალიბოს მთავრობა.

რატომ გაიმარჯვა ფაშინიანის პარტიამ 

ფაშინიანთან ერთად არჩევნებში მონაწილე ზოგიერთი პოლიტიკური ძალის ტაქტიკა დასაწყისშივე მცდარი იყო. სომხეთში ოპოზიციას არასდროს გაუმარჯვია არჩევნებში. მით უმეტეს, ფაშინიანთან კონკურენცია იგივეა, ბანქო შულერს ეთამაშო. ოპოზიციამ ვერ გაიაზრა, რამდენად მაღალია “თამაშის” ფასი.

ოპოზიციის მიერ არასათანადოდ შეფასდა მოწინააღმდეგისა და საკუთარი ძალები იმ დროს, როდესაც ფაშინიანი ძალიან სერიოზულად აფასებდა რისკებს და ყველა პროცენტისთვის იბრძოდა, მათ შორის მანიპულაციური ტაქტიკების გამოყენებით. ასევე, ფაშინიანმა საკუთარ საარჩევნო კამპანიაზე ყველა კონკურენტზე მეტი დახარჯა. ოპოზიციამ კი რატომღაც გადაწყვიტა, რომ მხოლოდ დამაჯერებლობის თამაშით მიიღებდა შედეგს. ოპოზიცია არც საკუთარ სოციოლოგიურ გამოკითხვებს ატარებდა, რათა ფაშინიანის მხარდაჭერის მიზეზები გაეგო. ზუსტად ასევე არ ითვალისწინებდა ოპოზიცია ექსპერტების მოსაზრებებს, მისი ხელისუფლებში ყოფნის დროსაც კი, რადგან სჯეროდა, რომ თავადაც კარგად ერკვევა სიტუაციაში.

ფაშინიანის მიერ მედიასივრცეზე სრული კონტროლი. ფაშინიანი დღესაც აგრძელებს ქვეყანაში ფეიკ-მედიარესურსების უმრავლესობის კონტროლს. ასევე, გავლენები აქვს ძირითად სახელმწიფო მედიარესურსებზე და აქტიურად იყენებს მათ საკუთარი თავის სასარგებლოდ. სწორედ ამიტომ, შეძლო ფართო საზოგადოებისთვის წარმოედგინა მომხდარის საკუთარი ვერსია და, შესაბამისად, მხარდაჭერა მოეპოვებინა.

ფაშინიანის მოწინააღმდეგე ფიგურები. მის წინააღმდეგ იყვნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგებელები – რობერტ ქოჩარიანი, სერჟ სარგსიანი და ლევონ პეტროსიანი. წარსულში დაბრუნება და იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლის წინააღმდეგ აქამდე იბრძოდნენ, ძალიან არაკომფორტულია ადამიანებისთვის.

წინაასაარჩევნო კამპანია ფაშინიანს გაცილებით წარმატებული ჰქონდა. ამ კამპანიის დროს მისმა კონკურენტებმა რამდენიმე კომპრომატი გაავრცელეს, რომელიც უფრო ფაშინიანს წარმოაჩენდა უკეთ, ვიდრე თავად მის გამავრცელებლებს [სერჟ სარგსიანის ცნობილი ჩანაწერი]. გარდა ამისა, საარჩევნო კამპანიის დროს ფაშინიანის ნებისმიერი გამოსვლა უფრო ეფექტური, მისი რიტორიკა კი უფრო ინტენსიური იყო.

დაბოლოს, სოციალურ საკითხებზე საუბარი, როგორც ჩანს, ამომრჩეველში უფრო მეტად იყო მოთხოვნადი, ვიდრე ნაციონალისტური რიტორიკა, რომელსაც ქოჩარიანი მიმართავდა. საერთო ჯამში, გამოსვლების შინაარსით ფაშინიანი კონკურენტებს ოსტატურტად უგებდა.

რას შეიძლება ველოდეთ სომხეთში ფაშინიანის გამარჯვების შემდეგ 

პროგნოზების მხრივ რამდენიმე კომპონენტი უნდა გამოვყოთ:

შიდა ფაქტორი – ფაშინიანი ცვლილებების სერიას გეგმავს, რომელიც ხელისუფლების საბოლოო რეფორმას ითვალისწინებს. მათ შორის იქნება საკონსტიტუციო რეფორმა. ამასთან, ის ნაწილობრივ გადაჭრის კადრების პრობლემას, რომლებიც უარს ამბობდნენ მასთან მუშაობაზე იმიტომ, რომ ფაშინიანის ხელისუფლებაში დარჩენას არ ელოდნენ. ამჯერად კი უფრო მეტად იქნებიან მზად თანამშრომლობისთვის.

კონფლიქტი აზერბაიჯანთან და თურქეთთან – ფაშინიანი შეეცდება [ნაკლებსავარაუდოა, რომ შეძლებს] საბოლოოდ დახუროს სომხეთ-თურქეთის და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის თემა სომხეთის მხრიდან ცალმხრივი დათმობების ხარჯზე.

გეოპოლიტიკური სიტუაცია –  მიუხედავად ფაშინიანის ჭიდილისა რუსეთთან, ამ ქვეყანასთან ურთიერთობებში რაიმე ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ. ამის რესურსი სომხეთს უბრალოდ არ გააჩნია. თუმცა ფაშინიანი ძალისხმევას არ დააკლებს იმას, რომ სომხეთი რამენაირად დასავლეთის ბლოკში გადაიყვანოს,  რომელსაც რეგიონში, პირველ რიგში, თურქეთი წარმოადგენს.

სოციალური ფაქტორი – სომხეთის საზოგადოების ხედვების ცვლილება, რომელიც 2018 წლიდან დაიწყო, გაგრძელდება. შესაბამისად, ამჟამინდელი ოპოზიცია ვერ შეძლებს იმ შედეგების მიღებასაც კი, რომელიც დღეს აქვს და საბოლოოდ დაკარგავს საყრდენს საზოგადოებაში.

ეკონომიკური ფაქტორი – ფაშინიანი ქვეყანაში ფინანსურ ნაკადებზე უფრო მაღალ კონტროლს დააწესებს, თუმცა ეკონომიკის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს ვერ მიაღწევს. ამასთან, ნაკლებსავარაუდოა, რომ ინვესტიციების მოზიდვა შეძლოს, შესაბამისად, ისევ საგარეო ვალებისა და მსოფლიო ეკონომიკის ზრდის იმედად იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი