“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოსთვის საჭიროა. მან პარლამენტში კომიტეტზე გამოსვლისას ასევე დასძინა, რომ ნებაყოფლობითობა საწყის ეტაპზე ვერ იმუშავებს და საპენსიო ფონდში თანხას მხოლოდ მოქალაქეების მცირე ნაწილი შეიტანს.
“ყველაზე ბოლო ქვეყანა ვართ ევროპაში და პოსტსაბჭოთა სივრცეში ყირგიზეთშიც კი არის [საპენსიო ფონდი]… სომხეთში 3 წლის წინ შექმნილა. ეს ფონდი აუცილებელია და ამაზე კამათი უნდა შეწყდეს. მეორე კიდევ, ფონდი დავშალოთ… 1.2 მილიარდი ლარი დავარიგოთ პანდემიის პერიოდში, იმიტომ, რომ ხალხს [უჭირს]. ეს რომ პოპულიზმი იყოს, ვიტყოდი, მაგრამ ვიცი, არავინ ამაზე არ წამოეგება. რაც შეეხება პრობლემებს, როგორი უნდა იყოს [საპენსიო სააგენტო].. რა თქმა უნდა, უმეტესად საპენსიო სქემები სავალდებულოა. განსხვავება ის არის, რომ შენ ვალდებული ხარ სადღაც შეიტანო… ანუ თანხა შეიტანო სახელმწიფო ფონდში, თუ მას ენდობი, ან შეიტანო კერძოში, რომელიც სახელმწიფოს მიერ მკაცრად უნდა იყოს რეგულირებული. ამიტომ მიმართულება უნდა იყოს ნებაყოფლობითობა, ოღონდ არჩევის თვალსაზრისით. ჩვენ პარლამენტში უნდა ვიმუშაოთ, რომ მივცეთ სტიმული ისეთი საპენსიო ფონდების, სადაც სავალდებულო წესით დაზღვეული შეიტანს იქ თანხას”,-განაცხადა გოცირძემ.
ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ასევე მიიჩნევს, რომ საჭიროა, საპენსიო სააგენტომ ბიუროკრატიული ხარჯები შეამციროს თუნდაც საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრის მიმართულებით. გოცირიძე აცხადებს, რომ სააგენტოში დაგროვილი თანხის კომერციულ ბანკებში განთავსებას, რასაც ამ ეტაპზე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური აკეთებს, დიდი ბიუროკრატია არ სჭირდება.
“უცხოელი მოვიწვიეთ და ამდენი ფული მივეცით, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ მისი განთავსების მთავარი შინაარსიდან [გამომდინარე], სწორად თქვა ყველამ… თქვენ არაფერს არ აკეთებთ. ეროვნულ ბანკში სამი კაცი ემსახურება 3 მილიარდდოლარიან რეზერვებს და ანთავსებს მაღალი კატეგორიის კომერციულ ბანკებსა და ფასიან ქაღალდებში. თქვენ რაში გჭირდებათ ამხელა აპარატი, რომ საქართველოს 8 კომერციულ ბანკში ერთი ღილაკის დაჭერით გადარიცხოთ ფული.. ბიუროკრატია უნდა შემცირდეს და არც უცხოელებში არ უნდა ვხარჯოთ ბევრი ფული იმისთვის, რომ თავი მოვიწონოთ. რადგან რეალურად მათ სამუშაო არ აქვთ. ხუთი წელი ვერც ერთი უცხოელი ვერ გირჩევს, ფული სად განათავსო, რადგან ვერსად ვერ განათავსებ”, – ამბობს გოცირიძე.
დღეს, 21 ივნისს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში საპენსიო სააგენტოს 2020 წლის ანგარიშის მოსმენა იმართება.
საინვესტიციო საბჭოს წევრის თვიური ანაზღაურება 8500 ლარია – საპენსიო სააგენტო