შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოში კატარიდან შემოსული საფრენი აპარატები სახელმწიფო სტრუქტურებს არ შეუძენიათ.
ამის შესახებ გომელაურს პარლამენტში მოსმენისას კითხვა დაუსვა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრმა რომან გოცირიძემ.
„ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია გავიგეთ, რომ სულ ახლახან ჩამოსულა ერთი ვერტმფრენი, რომელიც ასე აუცილებელია ქვეყნისათვის”, – განაცხადა გოცირიძემ და სამწუხარო უწოდა იმას, რომ სახელმწიფომ ასეთი ვერტმფრენის შეძენა მხოლოდ ახლა მოახერხა.
“ეს რამდენიმე წლით ადრე რომ მომხდარიყო, რამდენი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა იმ მრავალი უბედურების ფონზე, რაც ჩვენ ამ ქვეყანაში ვნახეთ.
როგორც გავრცელდა ინფორმაცია, თქვენ ეს აპარატი შეიძინეთ ფრანგული ფირმისაგან, რომელმაც გერმანიაში აწარმოა. ახლახან ასევე ინფორმაცია გავრცელდა სტატისტიკის სამსახურიდან, რომ იანვარ-თებერვალში საქართველოში 470%-ით გაიზარდა საფრენი აპარატის იმპორტი და 22 მილიონი დოლარის ღირებულების საფრენი აპარატი შემოვიდა კატარიდან. რა არის ეს კატარიდან შემოსული, ვინაიდან ის აპარატი გერმანიიდან იქნა შემოყვანილი. ეს საქართველოში დარჩა, რეექსპორტზე გავიდა თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს? ანუ კატარიდან 22 მილიონ დოლარად რა იყიდა ქვეყანამ? ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ეს რეექსპორტზე გასული არ არის, აი, ამ ბოლო სტატისტიკური მონაცემებით“, – ჰკითხა გოცირიძემ გომელაურს.
გოცირიძის კითხვის პასუხად, გომელაურმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ეს კერძო შესყიდვაა.
„ეს არ ყოფილა სახელმწიფო შესყიდვა, სავარაუდოდ, კერძო იყო, რაც მოვიკითხე… შსს და სახელმწიფო სტრუქტურებს ნამდვილად არ შეგვიძენია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
გომელაურის პასუხის შემდეგ გოცირიძემ განაცხადა, რომ შესაბამისი უწყებები უნდა დააკვირდნენ, სად მოხვდება ეს საფრენი აპარატები საქართველოდან.
„თქვენ აღნიშნეთ, რომ კერძო სექტორმა შეიძინა კატარიდან 22 მილიონი დოლარის ღირებულების საფრენი აპარატი. ეს რა აპარატია, არ ვიცით. შესაძლოა, ვერტმფრენია, ორი ან რამდენიმე პატარა ვერტმფრენი, შესაძლოა, დრონებია. თუმცა სტატისტიკის მასალებში რამდენიმე სხვა ქვეყნიდანაც არის შემოსული საფრენი აპარატები 300-400 ათასი დოლარის. შესაძლოა, ეს იყოს დრონები, რომელიც იყიდება მაღაზიებში, რომელიც ტელევიზიებს ან კერძო სტრუქტურებს სჭირდება, მაგრამ 22 მილიონი დოლარის ღირებულების საფრენი აპარატის შემოყვანა კატარიდან, ასეთი რამ არ მომხდარა ბოლო წლებია, რასაც ვაკვირდები. მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა.
ამიტომ, უნდა დააკვირდეთ თქვენ, მათ შორის ფინანსთა სამინისტრო, ეს ხომ არ გადავა ყირგიზეთში? ხომ არ წავა ყაზახეთში. ვიცით, რომ საქართველო ხდება რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის ერთ-ერთი გზა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ასეულობით პროცენტით არის გაზრდილი საქართველოდან საქონლის ექსპორტი ყოფილი შუა აზიის რესპუბლიკებში, მაგალითად, ყირგიზეთში, ყაზახეთში. იგივე მიკროჩიპების აქედან შეტანა ასეულობით პროცენტით არის გაზრდილი ყაზახეთში. დააკვირდით, ეს საფრენი აპარატი რა არის, საქართველოში დარჩება, გავა, თუ ვისია. 22 მილიონი დოლარი არ არის პატარა ფული“, – განაცხადა გოცირიძემ.
გოცირიძის პასუხად გომელაურმა განაცხადა, რომ აპარატი კერძო ფირმის შეძენილია, რომელსაც ვერ დაასახელებს, რადგან კონფიდენციალური ინფორმაციაა.
„მე რომ, ვთქვათ, ხვალ შეიძლება მიჩივლოს, მე არ მინდოდა ეს გამეჟღერებინაო. მიმართეთ სადეპუტატო უფლებამოსილების ფარგლებში და მოითხოვეთ [ინფორმაცია]. მე კი გავიგე, რაც არის, მითხრეს, მაგრამ კერძოა, არ არის სახელმწიფო და ვერ ვიტყვი“, – განაცხადა გომელაურმა