„გამოდის თუ არა ბატონი ანრი “ნაცი“, რადგან აღმოჩნდა, რომ თურმე ის მეხუთე სართულზე ცხოვრობს“, – ამ კითხვით მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს.
გოცირიძე ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებას. კერძოდ, საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს განხილვისას ანრი ოხანაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეს მეხუთე ვეტოა. მისი თქმით, ეს სიმბოლურია, რადგან „მეხუთე რას ნიშნავს და ვისთან ასოცირდება, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის“.
ოხანაშვილის სწორედ ამ განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რომან გოცირიძე, სადაც ცესკოს დაკომპლექტების წესზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.
„როგორც ბატონმა ანრი ოხანაშვილმა ბრძანა, ეს არის მეხუთე ვეტო. ასევე მან განაცხადა, რომ ვინაიდან ეს არის მეხუთე ვეტო, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ ნომერია ხუთი, სალომე ზურაბიშვილი ყოფილა “ნაცი“.
გამოდის თუ არა ბატონი ანრი “ნაცი“, რადგან აღმოჩნდა, რომ თურმე ის მეხუთე სართულზე ცხოვრობს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
რომან გოცირიძის პასუხად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ ეს ვეტო ნამდვილად მეხუთეა და ამას ვერ გადაახტებოდა.
„დიახ, ეს ნამდვილად მეხუთე ვეტოა და მე ვერ გადავხტებოდი და გამოვტოვებდი მეხუთე რიცხვს, ისევე როგორც ბატონი ანრი ვერ გამოტოვებდა მეხუთე სართულს, რომელზეც ცხოვრობს, ალბათ. გააჩნია, როდის მიიღო მეხუთე სართული. მე ვფიქრობ, ამაზე მეტი სერიოზული კომენტარის გაკეთება არ ღირს. ვფიქრობ ეს საკითხი მეხუთე ვეტოზე ამით უნდა დაიხუროს“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
გიორგი მსხილაძის ამ პასუხს გამოეხმაურა ანრი ოხანაშვილი, რომელმაც მას შეახსენა, რომ თანამდებობრივად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანია და არა „სართულების მთვლელი“.
“დაგისვით კონკრეტული კითხვა და ამ კითხვაზე პასუხის ნაცვლად ყველაფერზე ილაპარაკეთ. მგონი, დაგავიწყდათ, ვისი წარმომადგენელი ხართ, ნუ, ოფიციალური სტატუსი ასეთი გაქვთ. თან ბატონი რომანის უნიჭო ხუმრობას აჰყევით. თქვენ სართულების მთვლელი ხართ თუ ვინ ხართ?! – თანამდებობრივად თქვენ, სულ მცირე, უნდა ხვდებოდეთ, სად ხართ მოსული“.