ახალი ამბები

სებ-ში უპასუხეს გოცირიძის კრიტიკას ლარის კურსთან დაკავშირებით

26 მარტი, 2024 • 1466
სებ-ში უპასუხეს გოცირიძის კრიტიკას ლარის კურსთან დაკავშირებით

ეროვნულ ბანკში უპასუხეს დეპუტატ რომან გოცირიძის კრიტიკას, რომელიც სავალუტო რეზერვებისა და ლარის კურსის საკითხს შეეხება.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, თებერვლის თვეში უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ლარი მყარდებოდა და ეროვნული ბანკი ამის საშუალებას არ აძლევდა.

რომან გოცირიძის თქმით, ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტით ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე არაა.

„გუშინ ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა თებერვლის თვეში უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის სტატისტიკა. აღმოჩნდა, რომ ეროვნულმა ბანკმა იყიდა 77,5 მილიონი დოლარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ლარი კი არ უფასურდებოდა, არამედ მყარდებოდა და ეროვნული ბანკი არ აძლევდა ამის საშუალებას. დიდი ალბათობით ასე ხდება მარტის თვეშიც, რომლის შესახებაც ინფორმაციას მხოლოდ 25 აპრილს შევიტყობთ.

იხარბა ეროვნულმა ბანკმა (რაც არაერთხელ მომხდარა), რეზერვების დაგროვებით გაერთო და ზედმეტი მოუვიდა, გამყარების გზაზე მდგარი ლარი გაუფასურების გზაზე დააყენა.

როდესაც ინფორმაციას მალავ, არასწორ სიგნალებს აწვდი ბაზარს. ეს აბნევს ბიზნესს, საზოგადოებას, ექსპერტებსა და სპეციალისტებს, რომლებიც რაღაც გლობალურ ზღაპრებს ჰყვებიან ლარის “გაუფასურების” მიზეზებზე. ამავე დროს ეს ინფორმაცია შეიძლება გახდეს კორუფციის წყაროც. როცა ვიწრო წრე ექსკლუზიურად ფლობს რაღაც ინფორმაციას (ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის რამდენიმე ჩინოვნიკი და ნაწილობრივ, თხუთმეტამდე ბანკი), ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს გამოყენებული არაკეთილსინდისიერად.

უკვე მერამდენე წელია ვუსვამ ეროვნულ ბანკს კითხვას – როცა სავალუტო აუქციონზე ყიდი ან ყიდულობ უცხოურ ვალუტას, ამის შესახებ ინფორმაცია იმავე დღეს ხდება ცნობილი, ხოლო როცა იმავეს აკეთებ აუქციონის გარეშე, ე. წ. Bmatch პლატფორმაზე, ინფორმაციას ვიგებთ მხოლოდ მომდევნო თვის ბოლოს, თანაც, დაჯამებულს და არა ცალკეული დღეების მიხედვით. რატომ? რომელი მაკრო თუ მიკროეკონომიკური ლოგიკაა ამაში ჩადებული? ლოგიკა ერთია-ვინც ფლობს ექსკლუზიურ ინფორმაციას, ის ფლობს გავლენას და ფულს.

რაც შეეხება ლარის გაუფასურებას, ეს ეროვნულ ბანკს მოჰკითხეთ. აპრილის ბოლოს მიხვდებით, რომ კვლავ ყიდულობდა დოლარებს.
დაბოლოს, რეზერვების დაგროვება თუ ლარის გამყარება – ამაზე შეიძლება ვიდავოთ, მაგრამ ეს დავა მაშინ შეიძლება, როცა რაღაცა ვიცით. როცა არ ვიცით, ესე იგი ეს ვიღაცას რაღაცისთვის სჭირდება“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

რომან გოცირიძის ამავე პოსტის კომენტარებში უპასუხა ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა. მისი თქმით, წლინახევრის განმავლობაში დაახლოებით 1.7 მლრდ დოლარის შესყიდვას ხელი არ შეუშლია რეალური კურსის ისტორიული გამყარებისთვის, დროებით რყევებს კი უმეტესად ერთჯერადი ფაქტორები იწვევს.

„მოგეხსენებათ, საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნება ჩვენი მაკროეკონომიკური სტაბილურობის და ინვესტორების მხრიდან ნდობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ინტერვენციებით რეზერვების დაგროვება სებ-ის გაცხადებული პოლიტიკა და სავალუტო ფონდის რეკომენდაციაა. მიიჩნევა, რომ ვალუტის წესზე დაფუძნებული შესყიდვები (BMatch) ყველაზე ეფექტიანი გზაა და მინიმალურ გავლენას ახდენს ბაზრის დინამიკაზე.

მართლაც, ბოლო წლინახევრის განმავლობაში დაახლოებით $1.7 მლრდ-ის შესყიდვას ხელი არ შეუშლია რეალური კურსის ისტორიული გამყარებისთვის, დროებით რყევებს კი უმეტესად ერთჯერადი ფაქტორები იწვევს“, – წერს დავით უტიაშვილი.

ამასთან, დავით უტიაშვილის თქმით, ეროვნული ბანკი ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაციაა და „ამ მხრივ გამორჩეული შესადარ ცენტრალურ ბანკებს შორისაც“.

„თუმცა ყოველთვის დარჩება საკითხები, რაც კონფიდენციალურია. ეს ეხება წესზე დაფუძნებულ ინტერვენციებისაც. მისი დეტალების მყისიერი ცოდნა რეალურად მხოლოდ სპეკულაციური მიზნებისთვისაა გამოსადეგი: ბაზრის ცალკეული მონაწილეები გათვლიან სებ-ის ქცევას და კურსზე სპეკულაციური შეტევების შესაძლებლობა გაჩნდება.

დანარჩენი მონაწილეებისთვის კურსის დონეა მნიშვნელოვანი და როცა სავალუტო ბაზრის წლიური ბრუნვა $100 მლრდ-ს აღწევს, აქ სებ-ის Bmatch ინტერვენციების გავლენა მატერიალური ვერ იქნება. ამასთან, კურსს ხომ მაინც ფუნდამენტური ფაქტორები განსაზღვრავს და მათზე ინფორმაცია უფრო მეტი დაგვიანებითაა ხელმისაწვდომი, ვიდრე ინტერვენციების. რაც შეეხება ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენებას და თანმდევ საფრთხეებს, წესზე დაფუძნებული ჩარევისას ეს რისკები კიდევ უფრო მცირეა, რადგან სუბიექტური გადაწყვეტილებები მინიმალურია. ეს საკითხები სებ-ის ვებ გვერდზე გვაქვს დეტალურად გაშლილი“, – წერს დავით უტიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი