ახალი ამბები

ხაზარაძის თქმით, გახარიამ ჯაფარიძეს წერილი შსს-ში, საკუთარ კაბინეტში გადასცა

10 ივნისი, 2021 • 1294
ხაზარაძის თქმით, გახარიამ ჯაფარიძეს წერილი შსს-ში, საკუთარ კაბინეტში გადასცა

“ლელოს” ლიდერი, დეპუტატი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ შს ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ საკუთარ კაბინეტში გადასცა “მუქარის წერილი” ბადრი ჯაფარიძეს.

ხაზარაძე მიმართავს შს მოქმედ მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ამოიღოს ვიდეოკამერების ჩანაწერები, ხოლო მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს საქმის გამოძიებას სთხოვს. ხაზარაძის თქმით, ექს-პრემიერ გიორგი გახარიასგან განსხვავებით, ირაკლი შოთაძეს ეყო გამბედაობა ეღიარებინა, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ნამდვილად ესწრებოდა.

“თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის სექტემბერში თქვა, რომ რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში შეხვდა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს. შეხვედრას კი ესწრებოდნენ იმდროინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და თავად ბიძინა ივანიშვილი. ვანო ჩხარტიშვილი იმ პერიოდში “თიბისი ბანკს” 30 მილიონ ლარს ედავებოდა და საქმე სასამართლოში განიხილებოდა. როგორც ხაზარაძე ამბობს, ივანიშვილთან მოსარიგებლად ავიდნენ.

ირაკლი შოთაძემ შეხვედრაზე დასწრება დაადასტურა და თქვა, რომ ეს “შემთხვევით” მოხდა.

“რომ არა მისი [შოთაძის], როგორც იურისტის ჩარევა იმ ე.წ. ბიძინა ივანიშვილის საქმის გარჩევაში, როგორ დამთავრდებოდა ეს თემა, კაცმა არ იცის. მინდა, როგორც დეპუტატმა, მას, როგორც გენერალურ პროკურორს მივმართო, რომ ეს საქმე მოიკითხოს, დაიბაროს ყველა ადამიანი. ორი საკითხი დგას — ან ჩვენ ვწამებთ ცილს ბატონ გახარიას, ან პირიქით. ნამდვილად არ მინდა არავის დაჭერა, მე მინდა სიმართლის დადგენა. ეს საქმე თუ არ განახლდება, ჩვენ გვექნება სახელმწიფოებრივ დანაშაულთან საქმე”, — განაცხადა ჯაფარიძემ “ტვ პირველის” ეთერში.

მამუკა ხაზარაძის თქმით, შს მინისტრად ყოფნის დროს გიორგი გახარიამ სთხოვა შეხვედრა ბადრი ჯაფარიძეს. შეხვედრა შსს-ში, გიორგი გახარიას კაბინეტში შედგა და შს მინისტრმა პირადად გადასცა ჯაფარიძეს “მუქარის წერილი”.

“დარწმუებული ვარ, რომ მისი დაწერილი არ არის და შეიძლება შეწუხებულიც იყო, რომ ეს როლი ერგო”, — თქვა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, შს მინისტრის კაბინეტში შესვლა-გამოსვლა კამერებზე აღბეჭდილი უნდა იყოს და გომელაურს სთხოვს, კადრები ამოიღოს.

მამუკა ხაზარაძე ასევე დაინტერესდა, საიდან იცოდა გახარიამ, რა თქვა მან დახურულ სასამართლო სხდომაზე, თუ საქმის მასალებზე უკანონო წვდომა არ ჰქონდა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტვ “პირველის” ეთერში ისაუბრა “თიბისი ბანკის” დამფძუნებლისა და “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მაგისტრ მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვის დეტალებზე, რომელიც მას, წესით, არ უნდა სცოდნოდა, რადგან გამოკითხვას მხოლოდ მოსამართლე, პროკურორი და ხაზარაძე ესწრებოდნენ ადვოკატებთან ერთად.

“ხაზარაძე მაგისტრ მოსამართლესთან ადვოკატთან ერთად მივიდა და თქვა, რომ შუამავალი ჩემი ოჯახის წევრი იყოო, ახლო ნათესავიო, ამიტომ მის წინააღმდეგ ჩვენებას არ მივცემო. მაშინ, როდესაც ბადრი ჯაფარიძე ასეთი საერთოდ არ არის სამართლებრივად და იურიდიულად. ამ ადამიანებმა მოიკრიბონ გამბედაობა და თქვან, რაღაც მიზეზების გამო მაშინ ცრუობდნენ, ან რაღაც მიზეზების გამო დღეს ცრუობენ”, — თქვა გიორგი გახარიამ ინგა გრიგოლიას “რეაქციაში”, ტვ “პირველის” ეთერში.

რა წერილზეა საუბარი?

2019 წლის 4 მარტს მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასაგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო, რომელშიც გარკვეული მოთხოვნების შესრულებას სთხოვდნენ.

„ამ წერილში ეწერა, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან გამიკვირდა, რომ ეს წერილი დაწერეს. ეს წერილი მე მაქვს. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ არ შევასრულეთ. ეს წერილი შსს-ს მინისტრისგან იყო მოწერილი. ეს არის მუქარის წერილი, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, სწორედ ამის შემდეგ, 2019 წლის იანვარში დაიწყო მისი და მისი პარტნიორის, ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება “თიბისის ბანკში” 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციაზე.

კერძოდ, მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში განაცხადა, რომ “თიბისი ბანკიდან” გამოძების ფარგლებში ამოიღო დოკუმენტაცია. უწყების თქმით, 2008 წლის აპრილში და მაისში შპს “სამგორი თრეიდმა” და შპს “სამგორი M-მა” “თიბისი ბანკისგან”, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. უწყების თქმით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მუქარა და შემდეგ გამოძიების დაწყება ემსახურებოდა ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებას, ხაზარაძე-ჯაფარიძის რეპუტაციის დაზიანებას. პორტს ანაკლიაში სწორედ მათი დაფუძნებული “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” აშენებდა.

ამჟამად უკვე “ლელოს” მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ 2021 წლის 2 ივნისს თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მუქარის წერილი მაშინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პირადად გადასცა.

გახარიამ პირადად გადმომცა მუქარის წერილი — ბადრი ჯაფარიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი