ახალი ამბები

გახარიამ პირადად გადმომცა მუქარის წერილი — ბადრი ჯაფარიძე

2 ივნისი, 2021 • 3546
გახარიამ პირადად გადმომცა მუქარის წერილი — ბადრი ჯაფარიძე

“ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მუქარის წერილი მაშინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პირადად გადასცა.

“ამ ეტაპზე მხოლოდ ტყუილს ვხედავ [გახარიას მხრიდან]. თუ დავინახავ, რომ ის გულწრფელად იტყვის, რატომ გადმომცა ის წერილი, რომელიც თქვენთვის ცნობილია, რატომ გააჩერა ანაკლიის პროექტი… კი, კი, მან პირადად გადმომცა. მან გადმომცა ეს წერილი, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ძალიან ცუდია, რომ გაბედულება აკლია, თქვას, რომ დაუშვა შეცდომა, მაგრამ უნდა თქვას, ვინ დაავალა ამ წერილის გადმოცემა… ჩვენ რომ გვყავდეს დამოუკიდებელი პროკურატურა, რა თქმა უნდა, დაადგენდა, ვისი თითის ანაბეჭდებია ამ წერილზე. სიმართლე არის ერთი, რომ ეს მუქარის წერილი მისგან იყო პირადად ჩემზე გადმოცემული”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

2019 წლის 4 მარტს მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისაგან, გიორგი გახარიასაგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო, რომელშიც გარკვეული მოთხოვნების შესრულებას სთხოვდნენ.

„ამ წერილში ეწერა, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე… . ეს არის მუქარის წერილი“, — თქვა ხაზარაძემ.

ხაზარაძის ამ განცხადებასთან დაკავშირებით იმავე წლის 6 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე მოსამართლის წინაშე დაიკითხა, რა დროსაც, პროკურატურის თანახმად, მან გამოძიებას მხოლოდ ზემოხსენებული წერილის ასლი წარუდგინა, ვინაიდან, ხაზარაძის განცხადებით, დედანი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით დიდ ბრიტანეთში იყო გაგზავნილი. მოგვიანებით, 2019 წლის 21 ოქტომბერს, წერილის დედანი საქართველოს გენერალურ პროკურატურას ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის მასალებთან ერთად გადაეცა.

პროკურატურამ განაცხადა, რომ „სამხარაულის“ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, „მუქარის წერილის“ დედანზე, რაც, მამუკა ხაზარაძის თქმით, გიორგი გახარიასგან მიიღო არჩევნების წინ, გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი