ახალი ამბები

რა მოხდა ჩხარტიშვილ-ივანიშვილთან შეხვედრისას – ხაზარაძის ვერსია 30 მილიონის მოთხოვნაზე

12 სექტემბერი, 2019 • 3337
რა მოხდა ჩხარტიშვილ-ივანიშვილთან შეხვედრისას – ხაზარაძის ვერსია 30 მილიონის მოთხოვნაზე

“თიბისი ბანკის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, რომელმაც 12 სექტემბერს საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” დააარსა და ასევე გეგმავს არჩევნებში მონაწილეობას, ამბობს, რომ ბიზენს-სამართლებრივი საქმეები ივანიშვილთან კერძო მოლაპარაკებით წყდება.

როგორც მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა, ის [რამდენიმე წლის წინ] სოლოლაკის რეზიდენციაში შეხვდა “ქართული ოცნების” ლიდერ ბიძინა ივანიშვილსა და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს. მისივე თქმით, შეხვედრას ესწრებოდა იმდროინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. ხაზარაძე ამ შეხვედრას “პატარა სასამართლოს” უწოდებს.

რას ყვება ხაზარაძე ჩხარტიშვილ-ივანიშვილთან შეხვედრაზე:

არსებობს ასეთი პერსონა ვანო ჩხარტიშვილი. მიჭირს, მას ბიზნესმენი დავუძახო. მან ძალიან მოკლე ხანში ჩვენი ბანკის წინააღმდეგ აღძრა საქმე და დაიწყო სამართლებრივი დავა. ვანო ჩხარტიშვილი “თიბისი ბანკს” სთხოვდა 30 მილიონ ლარს. ჩვენი იურისტები ჩაერთნენ ამაში და აღმოვაჩინეთ, რომ ანალოგიური საქმეები მას აღძრული ჰქონდა სხვადასხვა კომპანიის მიმართ და ყველა ეს საქმე ხვდებოდა ერთ მოსამართლესთან. ეს სია შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ყველა ეს საქმე, რა თქმა უნდა, მისი მოგებით ცხვებოდა, როგორც იმერული ხაჭაპური. ჩვენ მივხვდით, რომ მსგავს რიგში ვიდექით ჩვენც, რუსულად ამას ჰქვია “ნაეზდი”, ეს არის ცნობილი სიტყვა, როცა პოლიტიკური, პროკურატურის და სასამართლოს გაერთიანება ხდება ფულის ამოღების მიზნით. მე ასეთ ამბავში მოვყევი, როცა “ბორჯომში” ვსაქმიანობდი უკრაინაში. იქ გაგვიჩერეს ქარხნები და დაიჭირეს დირექტორები, ანალოგიური სქემა იყო – პროკურატურა, საგადასახადო და ა.შ.

ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი, რადგან იმ ნორმით პირველივე ინსტანციაში ხდებოდა ბანკის დაყადაღება და თანხის ამოღება. პრაქტიკულად, ჩვენ არ გვქონდა საშუალება, რომ გაგვეგრძელებინა დავა. ბანკისთვის ინკასოს დადება და ფულის ამოღება არის მარტივი საკითხი.

ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში დავიწყეთ დავა. მე ვიყავი გერმანიაში, რა დროსაც დამირეკა პირადად ბიძინა ივანიშვილმა. იყო პარასკევი. დაახლოებით ერთი საათი ვისაუბრეთ. იგი მარწმუნებდა, რომ ორშაბათს საკონსტიტუციო სასამართლოში არ უნდა მომხდარიყო ამის გარჩევა.

მე ვუთხარი, რომ ამას ვერ გავაკეთებდი, რადგან ვიყავი თავმჯდომარე და არა ერთპიროვნული მფლობელი. სარჩელი გამოიტანეთ და მოილაპარაკეთო. როცა ივანიშვილმა დამირეკა, დაბადების დღეზე ვიყავი და ორი ადამიანის თვალწინ ხდებოდა ეს საუბარი. ეს იყო მეგობრული საუბარი, მითხრა, რომ ჩემს შვილსაც არ დავაძალებ რამეს, იქნებ ასე გავაკეთოთ. ჩემთვის ძალიან რთული იყო ჩემს უცხოელ პარტნიორებთან დარეკვა და იმის თქმა, რომ ერთადერთი სამართლებრივი ბერკეტი გავუშვათ ხელიდან და სარჩელი გამოვიტანოთ. მე დავარწმუნე სამეთვალყურეო საბჭოს წევრები. ამის მერე მოხდა შეხვედრა ივანიშვილის სასახლეში, სოლოლაკში. შეხვედრას ვესწრებოდით მე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე ვანო ჩხარტიშვილი, ბიზნესმენი ფიფია (ვერ გავიგე, რატომ ესწრებოდა ამ შეხვედრას) და ბიძინა ივანიშვილი. მაგრამ საოცრება იცით, რა იყო? ამ შეხვედრას ესწრებოდა იმდროინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე.

გესმით, რასთან გვაქვს საქმე? თბილისში გავიზარდე, უბანში გავიზარდე, ბავშვობაში გვიჩხუბია, უფროსს შეურიგებია, მაგრამ მილიციელი არ მოუყვანია შეხვედრაზე. მე პატარა სასამართლოზე აღმოვჩნდი, სადაც ივანიშვილი იყო მოსამართლეც, უზენაესის თავმჯდომარეც, საკონსტიტუციოს თავმჯდომარეც. კიდევ კარგი, შოთაძეც იყო იქ, რომელიც მთელი შეხევდრის განმავლობაში ჩუმად იყო და ეს დისკუსია რომ წავიდა და ვითხოვდით, გაგვარკვიეთ, რასთან გვაქვს საქმე, დაახლოებით 1.5 საათის შემდეგ ჩაიჩურჩულა, მაინც გაბედა და თქვა, რომ ის ვერ ხედავდა “რაიმე ისეთს”, რაზედაც ვიყავით შეკრებილები.

მე შოკირებული გამოვედი. ივანიშვილი იყო, პრაქტიკულად, პატარა სახელმწიფო, რომელიც საქმეს არჩევდა. გვერდით უზის პროკურორი და არჩევდა საქმეს. თუ მეუბნები, საქმე გამოიტანე სასამართლოდან, მაშინ პროკურორს რატომ მახვედრებ?

ივანიშვილმა თქვა, მადლობაც არ გადაიხადაო. აქ მადლობაზე არ არის საუბარი, მადლობა და სიტყვა-პასუხი არ გვეშლება. ალბათ, იგულისხმა, რაღაც მაინც რატომ არ გადაიხადაო. ალბათ ჩხარტიშვილისთვის უნდა გადამეხადა, რომელსაც ეს ყველაფერი ჰქონდა დალაგებული იმიტომ, რომ როგორ შეიძლება, როგორი ალგორითმით უნდა დალააგო, რომ ერთ მოსამართლესთან რამდენიმე თვის განმავლობაში მიხვიდე და უზარმაზარ კომპანიებთან საქმეები მოიგო. და მერე ვითომ გამოჩნდება ანგელოზი [ივანიშვილი], რომელიც ვითომ ამ საქმეებს მოაგვარებს.

ჩხარტიშვილს ვკითხე, 30 მილიონი რა ციფრია-თქო და რამე ხომ უნდა იყოსო. ეს თემა მოკვდა იმ წუთშივე, როგორც კი შოთაძემ თქვა, რასთან გვაქვს საქმე. იურისტია და იცის, ლეგალურად რა ხდება. ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის იანვარში ახსენა ვანო ჩხარტიშვილსა და “თიბისი ბანკს” შორის არსებული დავა და აღნიშნა, რომ თავად იყო ჩართული ამ საკითხის მოგვარებაში. როგორც ივანიშვილმა თქვა, ჩხარტიშვილმა უკან დაიხია და ხაზარაძეს კი “ნორმალური მადლობაც არ უთქვამს.

მასალების გადაბეჭდვის წესი