ე.წ. ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე, რომელზეც ბრალდებული გიორგი გახარიაა და მას ადანაშაულებენ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ჩორჩანას საგუშაგოს აგებაში, პროკურატურის მოწმეებად მოყვანილი ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების დაკითხვა გრძელდება.
დღეს, 25 სექტემბერს, დაიკითხა სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ანთაძე. ის ამჟამადაც სუს-ში მუშაობს.
მიუხედავად იმისა, რომ სხდომის დახურულობიდან გამომდინარე, მოწმის ჩვენების სრული შინაარსის გაზიარება შეუძლებელია, მხარეები, პროკურორი თამარ იაკობიძე და გიორგი გახარიას ადვოკატი ბერდია სიჭინავა, გარკვეულ დეტალებს ასაჯაროებენ.
პროკურორის თქმით, ანთაძე იყო პირველი პირი, ვინც საგუშაგოს შესახებ შეიტყო და მან მიაწოდა ეს ინფორმაცია ხელმძღვანელობას, ანუ სუს-ს.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ იყო ინფორმირებული სოფიელ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის ფაქტთან დაკავშირებით. ეს მოწმის ჩვენებით დასტურდება. ასევე, არ იყო ინფორმირებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მოწმემ გამორიცხა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებული ყოფილიყო.
მოწმემ დაადასტურა, რომ ის პირველწყარო იყო, რომელმაც საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეიტყო და შემდგომ მიაწოდა ხელმძღვანელობას ინფორმაცია“, — ამბობს პროკურორი.
გახარიას ადვოკატის შეფასებით, ანთაძემ ნაწილობრივ ობიექტური ჩვენება მისცა სასამართლოს. მან დაადასტურა სასამართლოში, რომ 2019 იანვრიდან მოყოლებული ინფორმირებული იყო ჩორჩანაში მიმდინარე პროცესებზე ოკუპანტების მხრიდან.
„მის მოვალეობებში შედიოდა ოკუპირებული ტერიტორიები. ასევე, 2018 წლიდან დღემდე, არის სუს-ის წარმომადგენელი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში. […] რაღაც ნაწილში ირაკლი ანთაძის ჩვენებები, რა თქმა უნდა, იყო ობიექტური, თუმცა რაღაც ნაწილში იყო არაობიექტური და ფაქტობრივად, შესაძლოა, ცრუ ინფორმაცია მიაწოდა მან სასამართლოს.
ნაწილობრივ ვერ გაექცა იმ რეალობას, რა რეალობაც ობიექტურია და ეს რეალობაა ის, რომ 2019 წლის იანვრიდან მოყოლებული [საგუშაგოს აგებამდე], მონიშვნები არსებობდა ჩორჩანას ტყეში. […] ბორდერიზაციის აშკარა ნიშნები არსებობდა, რაც არის გამოხატული იმაში, რომ ჩორჩანას ტყეში გაკვალული იყო ბილიკები, ყვითელი მონიშვნები არსებობდა და ეს, როგორც ბორდერიზაციის წინაპირობები, პირდაპირ მიანიშნებდა ტერიტორიულ პრეტენზიებზე, კონკრეტულ შემთხვევაში, ჩორჩანასთან მიმართებით.
ირაკლი ანთაძე არ არის ის თანამდებობის პირი, რომელსაც შეიძლებოდა ჰქონოდა რაიმე ტიპის კავშირი გიორგი გახარიასთან, კი სუს-ს ჰყავდა გაგზავნილი ადგილზე, მათ შორის იმ დღეებშიც, მათ შორის მის განცხადებებთან დაკავშირებითაც ვკითხეთ და მათ შორის მან დაადასტურა, რომ 2019 წლის იანვარში [საგუშაგო 2019 წლის აგვისტოში აიგო] თავად იმყოფებოდა ჩორჩანას ტყეში და თავად დააფიქსირა შსს-ს თანამშრომლებთან ერთად ყვითელი მონიშვნები ადგილზე. ეს ნაწილი ნამდვილად არ ნიშნავს გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებას. თუმცა შეტყობინების ნაწილი, რომ თითქოს სუსი არ იყო ინფორმირებული, ეგ ნაწილი ცალკე შეფასების საგანია“, — განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით ირაკლი ანთაძეს კომენტარები აქამდეც გაუკეთებია. მაგალითად, 2025 წელს ნათქვამი აქვს, რომ წარმოუდგენელია იმის მტკიცება, თითქოს ჩორჩანას საგუშაგო ვინმესთვის საფრთხეს წარმოადგენდეს. ასევე, კიდევ უფრო ადრე, სწორედ 2019 წელს, საგუშაგოს აგების წელს, ანთაძე ამბობდა, რომ მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს გადასაწყვეტია, სად განალაგებს საკუთარი პოლიციის პოსტებს და არ გააუქმებდა საგუშაგოს, რომლის ამოცანა ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფა იყო.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლოში გახარიას წინააღმდეგ დაიკითხა ასევე „ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ვატო შაქარიშვილი, რომელმაც, სხდომის დასრულების შემდეგ მის მიერ გაკეთებულ კომენტარს თუ დავეყრდნობით, მისთვის ჩვეული კონსპირაციული მიმართულებით განავითარა მსჯელობა — თითქოს გახარიას ქმედებები ამერიკული სპეცსამსახურების მიერ იყო მართული.
ინფორმაცია წინა სხდომების შესახებ, რომელზეც სხვა ყოფილი ჩინოსნები დაიკითხნენ, წაიკითხეთ შემდეგ ბმულებზე:
- ყოფილი თანაგუნდელები გიორგი გახარიას წინააღმდეგ – ჩორჩანის საგუშაგოს საქმე
- „არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიმიცია“ — გახარიას საქმეზე ჩვენება ისევ მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა მისცეს
ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარებული 2025 წლის 13 ნოემბრიდან. გახარია საქართველოში არ იმყოფება.
ქართული პოლიციის საგუშაგო საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ ჩორჩანასთან, 2019 წლის აგვისტოში გაიხსნა. მანამდე გაჰყავდათ საგუშაგომდე მიმავალი გზა, რომელიც ჩორჩანის ტყეზე გადის. იმავე კვირების განმავლობაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ძალებმა განათავსეს ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები — მწვანე ბანერები და დროშები — იმავე ტერიტორიაზე. 2019 წლის თებერვალში დაიწყო ოსურმა მხარემ ჩორჩანის ტყეში ხეების მონიშვნა.
ჩორჩანის მოვლენებიდან 6 წლის თავზე „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას ადანაშაულებს, რომ შს მინისტრის რანგში საგუშაგო გახსნა სუს-თან და პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ქვეყანა „ომის ზღვარზე“ დააყენა, საპასუხოდ საოკუპაციო მხარემ 5 საგუშაგო მიიღო და 1 000 000 მ² (100 ჰა) ტერიტორია დაკარგა.
გახარიას თქმით, პირიქით, საგუშაგოს გახსნით საქართველომ ჩორჩანის ტყის მთლიანი მასივის, 1 800 ჰა მითვისების პრევენცია შეძლო.
