ახალი ამბები

პროკურატურა ასაჯაროებს წერილს (ასლს), რომელზეც მამუკა ხაზარაძე საუბრობდა

6 მარტი, 2019 • 2820
პროკურატურა ასაჯაროებს წერილს (ასლს), რომელზეც მამუკა ხაზარაძე საუბრობდა

პროკურატურის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ დაკითხვისას წარადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი დოკუმენტი, “რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის, არც შედგენის თარიღი, ადგილი და შემდგენის ვინაობა”.

“ხაზარაძემ სიტყვიერად განმარტა, რომ მუქარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და ამიტომ, გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ ამ ე.წ. დოკუმენტის ასლი. გარდა ამისა, მან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა იმ შუამავლის  ვინაობა,  ვინც მას ეს ე.წ. წერილი, მისი სიტყვების თანახმად, გადასცა.

აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, გამოძიება ამ ეტაპზე მოკლებულია მამუკა ხაზარაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და მისი უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას, რადგან ვერც  დოკუმენტის ავთენტიკურობის დადგენის მიზნით მოახდენს ექსპერტული კვლევის ინიცირებას, რადგან სახეზე მხოლოდ ე.წ. დოკუმენტის ასლია, და ვერც ე.წ. შუამავალს დაკითხავს, მოწმე ხაზარაძის მიერ მისი ვინაობის გაუმჟღავნებლობის გამო.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურა აქვეყნებს სასამართლოში მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილ ე.წ. დოკუმენტს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმე ხაზარაძემ სრულყოფილად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის მიერ გავრცელებული წერილი. უწყების განმარტებით მათ ხაზარაძემ მხოლოდ ეს დოკუმენტი გადასცა

გუშინ, 5 მარტს სასამართლოში დაკითხვის შემდეგ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილის ასლი მოსამართლესა და პროკურატურას გადასცა, ხოლო ორიგინალი ლონდონში გაგზავნა ექსპერტიზაზე.

პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ წერილში საუაბრია ტელეკომპანია პირველზე, რომ მას “იმედის” მსგავსი სარედაქციო პოლიტიკა უნდა ჰქონდეს. როგორც ცნობილია, არჩევნების პერიოდში იმედი “საგანგებო რეჟიმზე” გადავიდა. ამასთან, წერილის მიხედვით, მამუკა ხაზარაძემ უნდა ისაუბროს იმ მძიმე “პირობებზე”, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში ბიზნესს უწევდა ყოფნა. პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც უწყების მტკიცებით, ის წერილია, რის შესახებაც მამუკა ხაზარაძე საუბრობდა, ასევე ნახსენებია “არტარეა”. “არტარეას” უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი”. სატელევიზიო არხი თიბისი ბანკთან არის დაკავშირებული.

4 მარტს პარლამენტში გამოსვლისას ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი, სადაც იყო გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც მათ არ შეასრულეს.

“ამ წერილში ეწერა, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან გამიკვირდა, რომ ეს წერილი დაწერეს. ეს წერილი მე მაქვს. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ არ შევასრულეთ. ეს წერილი შს მინისტრისგან იყო მოწერილი. ეს არის მუქარის წერილი, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ”, – ამბობს ხაზარაძე. გახარია მუქარის ფაქტს უარყოფს.

მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში განაცხადა, რომ “თიბისი ბანკიდან” გამოძების ფარგლებში ამოიღო დოკუმენტაცია. უწყების თქმით, 2008 წლის აპრილში და მაისში შპს “სამგორი თრეიდმა” და შპს “სამგორი M-მა” “თიბისი ბანკისგან”, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით.

შპს “სამგორი თრეიდი” და შპს “სამგორი M” ტელეკომპანია პირველის მფლობელებთან დაკავშირებული კომპანიებია.

2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, მამუკა ხაზარაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დროს მისი და სხვა ბიზნესები არაერთხელ გამხდარა სახელმწიფო შევიწროების მსხვერპლი. მისი თქმითვე, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებისგან ბოლო დროს ისმის განცხადებები, რომლებიც შეიცავს მოწოდებას კერძო ქონების ჩამორთმევა-ექსპროპრიაციისკენ, რაც სრულიად მიუღებელია.

ამავე თემაზე

რა კავშირშია თიბისის საქმე ტვ პირველსა და “არტარეასთან”

წერილს დამოუკიდებელი არხის გაკონტროლების სურვილად აღვიქვამთ – “ტვ პირველი”

ლონდონში შეიძლება გაირკვეს, არის თუ არა წერილზე რაიმე ანაბეჭდი – ხაზარაძის ადვოკატი

მასალების გადაბეჭდვის წესი