ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პოლიტიკური მდგენელის არსებობის რისკის შემცველი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების მონიტორინგის ფარგლებში ჩორჩანას საგუშაგოს საქმე შეისწავლა.

საია-ს შეფასებით, გიორგი გახარიას მიმართ ჩორჩანას ეპიზოდზე დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა ვერ შეფასდება მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გადამეტების ვიწრო ჭრილში. საქმე უკავშირდება საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოსახლეობის უსაფრთხოებასა და მცოცავი ოკუპაციის პირობებში სახელმწიფოს მიერ საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებას. ამდენად, საქმის შეფასებისას აუცილებელია ბრალდების ფორმალური აღწერის მიღმა არსებული სრული ფაქტობრივი, ინსტიტუციური და პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინება.

„2019 წელს ჩორჩანისა და წაღვლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობდა უკანონო „ბორდერიზაციის“ კონკრეტული ნიშნები და უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული გარემო: ხეებზე მონიშვნები, უკანონო პატრულირებისთვის ბილიკების გაკაფვა, დე ფაქტო ძალების ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილება, ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვისა და დაკავების რისკები. ამ გარემოებებს ადასტურებდა როგორც სუს-ის 2019 წლის ანგარიში, ისე EUMM-ის მიერ დაფიქსირებული ფაქტები და საჯარო წყაროები. შესაბამისად, საგუშაგოს განთავსება, რომელიც EUMM-ის ინფორმაციით, ადმინისტრაციული საზღვრის ხაზიდან დაახლოებით 240 მეტრში, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობდა, არ შეიძლება ავტომატურად შეფასდეს ოკუპანტი ძალის „პროვოცირებად“; პირიქით, არსებობდა საფუძვლიანი არგუმენტები, რომ იგი ემსახურებოდა მცოცავი ოკუპაციის შეკავებას, მოსახლეობის უსაფრთხოებასა და ტერიტორიის ფაქტობრივი კონტროლის შენარჩუნებას“, — აცხადებს საია.

ბრალდების უმთავრესი თეზა, რომ გახარიამ გადაწყვეტილება მიიღო სუს-თან, EUMM-თან, პრემიერ-მინისტრთან და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან შეუთანხმებლად, საია-ს ცნობით, საქმეში წარმოდგენილ სხვა მონაცემებთან წინააღმდეგობაშია ან, სულ მცირე, საჭიროებს სრულფასოვან შემოწმებას.

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალებით, ჩორჩანაში არსებული ვითარება და ე.წ. ბორდერიზაციის რისკები 2019 წლის დასაწყისიდან განიხილებოდა IPRM-ის შეხვედრებზე; სუს-სა და EUMM-ს ჰქონდათ ინფორმაცია ადგილზე მიმდინარე პროცესებზე; საგუშაგოსა და მასთან დაკავშირებული გზის მოწყობის შესახებ ინფორმირებულობა არსებობდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან. ამასთან, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იყო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო და არა — გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, კანონმდებლობა კი ცალსახად არ ადგენდა შს მინისტრის ვალდებულებას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პოლიციური საგუშაგოს მოწყობის საკითხი საბჭოს ფორმატში განეხილა.

საია-ს განცხადებით, თუნდაც სადავო გადაწყვეტილება ჩაითვალოს არასათანადოდ კოორდინირებულად ან პოლიტიკურად მცდარად, თავისთავად არ არის საკმარისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის და მხოლოდ პროცედურული ან ტექნიკური დარღვევის არსებობა ვერ გაამართლებს პოლიტიკური გადაწყვეტილების კრიმინალიზებას.

„განსაკუთრებით დაუდგენელი რჩება, რა საფუძვლით შეიძლება საოკუპაციო ძალის შემდგომი უკანონო მოქმედებები, მათ შორის ახალი საგუშაგოების აღმართვა და ოკუპაციის ხაზის გადაადგილება, მიზეზობრივად მიეწეროს საქართველოს მიერ მისივე კონტროლირებად ტერიტორიაზე პოლიციური ინფრასტრუქტურის განთავსებას მაშინ, როდესაც მასალები მიუთითებს, რომ დე ფაქტო რეჟიმს ტერიტორიული ექსპანსიის განზრახვა მანამდეც ჰქონდა“, — აცხადებს საია.

ორგანიზაციის ცნობით, საქმის მიმართ სერიოზულ კითხვებს აჩენს დევნის დროითი და შერჩევითი ხასიათიც — ბრალი წარდგენილია 2019 წლის მოვლენიდან ექვსი წლის შემდეგ, მაშინ როდესაც გახარია ამავე მოვლენების შემდგომ ჯერ პრემიერ-მინისტრად დაინიშნა და შემდეგაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობები ეკავა. ამ პერიოდში არც შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, არც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებსა და არც საგამოძიებო უწყებებს არ მოუხდენიათ ქმედების დაუყოვნებელი სამართლებრივი შეფასება.

„ნიშანდობლივია რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში თავად „ქართულ ოცნებასაც“ ეკისრება პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ექვსწლიანი პასიურობის შემდეგ დევნის დაწყება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გახარია მმართველ პოლიტიკურ ძალას გამოეყო და ოპოზიციური პარტიის ლიდერი გახდა, აჩენს ლეგიტიმურ კითხვას დევნის რეალურ მიზნებზე. ამ ეჭვს კიდევ უფრო ამძაფრებს ის, რომ საქმე დაიწყო საეჭვო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზე და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის კვალდაკვალ, რომლის შექმნის დასაბუთება, შემადგენლობა და საქმიანობის მიზნები შეიძლება შეფასდეს, როგორც სამართლებრივად პრობლემური“, — ნათქვამია განცხადებაში.

კერძოდ, საია-ს ცნობით, დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოიკვეთა რამდენიმე არსებითი ხარვეზი:

  • კომისიის შექმნის საჭიროება და საგამოძიებო ფარგლები სათანადოდ არ ყოფილა დასაბუთებული;
  • განმარტებითი ბარათი არ აკონკრეტებდა გამოსაკვლევ საკითხებს, მოწმეებსა და დოკუმენტებს;
  • კომისიაში არ იყო უზრუნველყოფილი რეალური საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობა, ხოლო მისი საქმიანობა მიმდინარეობდა პოლიტიკური პარტიების აკრძალვისა და ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის უფრო ფართო პროცესის ფონზე.
  • დაცვის მხარეს სუს-მა, შსს-მ და მთავრობის ადმინისტრაციამ არ მიაწოდეს ან არ დაუდასტურეს საქმისთვის პოტენციურად მნიშვნელოვანი დოკუმენტებისა და ინფორმაციის არსებობა, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველმა უწყებებს სწორედ ინფორმაციის ფლობის ფაქტის დადასტურებისკენ მოუწოდა. სასამართლომაც არ დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა შესაბამისი მასალების გამოთხოვის შესახებ, რის შედეგადაც დაცვის მხარე, ფაქტობრივად, მოკლებული აღმოჩნდა შესაძლებლობას, მოეპოვებინა გამამართლებელი ან პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი მტკიცებულებები.
  • პარალელურად, ბრალდების მხარემ არ გამოკითხა თავად გიორგი გახარია და არ დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა გრიგოლ ლილუაშვილის გამოკითხვასთან დაკავშირებით.
  • ბრალდების მხარის მიერ წინასასამართლო სხდომის ვადის გახანგრძლივების მოთხოვნა გაურკვეველი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.

„თუ ბრალდების მხარეს ექვსი წლის განმავლობაში არ მოუპოვებია ბრალის დასადასტურებლად აუცილებელი მტკიცებულებები და ბრალის წარდგენის შემდეგაც ვერ შეძლო მათი იდენტიფიცირება, ეს აჩენს კითხვას, რამდენად არსებობდა დევნის დაწყების მომენტში საკმარისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ასეთი ვითარება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მტკიცებულებების წინასწარ საკმარისი ბაზის გარეშე და შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები ბრალდების უკვე მიღებული პოლიტიკური თუ სამართლებრივი გადაწყვეტილების დასასაბუთებლად მიმდინარეობდა“, — აცხადებს საია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, საქმის კონტექსტს ამძიმებს ისიც, რომ მას იყენებს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი საკუთარი პოლიტიკური პოზიციების გასამყარებლად.

„ასეთ პირობებში პროკურატურამ და სასამართლომ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეაფასონ, ხომ არ აძლიერებს ბრალდების ნარატივი ოკუპანტი ძალისა და დე ფაქტო რეჟიმის იმ პოზიციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მიერ საკუთარ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება არალეგიტიმური ან პროვოკაციულია. ასეთი მიდგომა საფრთხის შემცველ პრეცედენტს შექმნის, რომ საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ საკუთარი სუვერენული უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება სისხლის სამართლებრივად დასჯადად იქცეს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი მიუღებელია ოკუპანტი სახელმწიფოსთვის ან მის მიერ მხარდაჭერილი რეჟიმისთვის“, — მიიჩნევს საია.

და ბოლოს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქმე უნდა შეფასდეს საქართველოში არსებული დემოკრატიული და მართლმსაჯულების კრიზისის უფრო ფართო კონტექსტშიც.

„შესაბამისად, ობიექტურ რეალობაში სასამართლომ უნდა შეამოწმოს არა მხოლოდ ის, დაირღვა თუ არა რომელიმე პროცედურა საგუშაგოს განთავსებისას, არამედ, არსებობდა თუ არა მინისტრის უფლებამოსილების აშკარა და არსებითი გადამეტება; ჰქონდა თუ არა მას დანაშაულებრივი განზრახვა; დადგა თუ არა კონკრეტული, არსებითი და მის ქმედებასთან პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში მყოფი ზიანი; იყო თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნა აუცილებელი და პროპორციული; და ხომ არ წარმოადგენს საქმე პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების ინსტრუმენტალიზების ნაწილს. ამ კითხვებზე დამაჯერებელი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პასუხის გარეშე საქმე რჩება პოლიტიკური ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სფეროში და მისი სისხლის სამართლებრივი შეფასება დაუშვებელია“, — აცხადებს საია.