ნეტგაზეთი | გახარიამ ეთერში ისაუბრა ხაზარაძის გამოკითხვის დეტალებზე, რომელიც არ უნდა სცოდნოდა გახარიამ ეთერში ისაუბრა ხაზარაძის გამოკითხვის დეტალებზე, რომელიც არ უნდა სცოდნოდა – Netgazeti
RU | GE  

გახარიამ ეთერში ისაუბრა ხაზარაძის გამოკითხვის დეტალებზე, რომელიც არ უნდა სცოდნოდა

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტვ “პირველის” ეთერში ისაუბრა “თიბისი ბანკის” დამფძუნებლისა და “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მაგისტრ მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვის დეტალებზე, რომელიც მას, წესით, არ უნდა სცოდნოდა, რადგან გამოკითხვას მხოლოდ მოსამართლე, პროკურორი და ხაზარაძე ესწრებოდნენ ადვოკატებთან ერთად.

“ხაზარაძე მაგისტრ მოსამართლესთან ადვოკატთან ერთად მივიდა და თქვა, რომ შუამავალი ჩემი ოჯახის წევრი იყოო, ახლო ნათესავიო, ამიტო, მის წინააღმდეგ ჩვენებას არ მივცემო მაშინ, როდესაც ბადრი ჯაფარიძე ასეთი საერთოდ არ არის სამართლებრივად და იურიდიულად. ამ ადამიანებმა მოიკრიბონ გამბედაობა და თქვან, რაღაც მიზეზების გამო მაშინ ცრუობდნენ, ან რაღაც მიზეზების გამო დღეს ცრუობენ”, — თქვა გიორგი გახარიამ ინგა გრიგოლიას “რეაქციაში”, ტვ “პირველის” ეთერში.

რა წერილზეა საუბარი?

2019 წლის 4 მარტს მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასაგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო, რომელშიც გარკვეული მოთხოვნების შესრულებას სთხოვდნენ.

„ამ წერილში ეწერა, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან გამიკვირდა, რომ ეს წერილი დაწერეს. ეს წერილი მე მაქვს. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ არ შევასრულეთ. ეს წერილი შსს-ს მინისტრისგან იყო მოწერილი. ეს არის მუქარის წერილი, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, სწორედ ამის შემდეგ, 2019 წლის იანვარში დაიწყო მისი და მისი პარტნიორის, ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება “თიბისის ბანკში” 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციაზე.

კერძოდ, მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში განაცხადა, რომ “თიბისი ბანკიდან” გამოძების ფარგლებში ამოიღო დოკუმენტაცია. უწყების თქმით, 2008 წლის აპრილში და მაისში შპს “სამგორი თრეიდმა” და შპს “სამგორი M-მა” “თიბისი ბანკისგან”, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. უწყების თქმით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მუქარა და შემდეგ გამოძიების დაწყება ემსახურებოდა ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებას, ხაზარაძე-ჯაფარიძის რეპუტაციის დაზიანებას. პორტს ანაკლიაში სწორედ მათი დაფუძნებული “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” აშენებდა.

ამჟამად უკვე “ლელოს” მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ 2021 წლის 2 ივნისს თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მუქარის წერილი მაშინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პირადად გადასცა.

2019 წლის 25 ოქტომბერს ბადრი ჯაფარიძე ამბობდა, რომ მათ წერილი შუამავლის საშუალებით არ მიუღიათ.

“შუამავალი არ ყოფილა, ჩვენ ეს წერილი პირდაპირ მივიღეთ და მე და მამუკა ვიყავით ადრესატები. თავიდანვე არასწორად იყო საკითხი წარმოჩენილი ე.წ. შუამავლის შესახებ. კიდევ ვამბობ, რომ შუამავალი არ ყოფილა.”

ჟურნალისტის კითხვაზე, პირადად გიორგი გახარიამ გადასცა თუ არა მათ ეს წერილი, ბადრი ჯაფარიძე ამ კითხვას არ პასუხობს. “ეს გამოძიების საგანია”, — ამბობდა ჯაფარიძე 2019 წლის ოქტომბერში.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.