ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ირწმუნება, რომ მთავარი პროკურორის პოზიციაზე მუშაობისას “შემთხვევით” დაესწრო ვანო ჩხარტიშვილის, ბიძინა ივანიშვილისა და მამუკა ხაზარაძის შეხვედრას, რომელიც ივანიშვილის ბიზნესცენტრში გაიმართა.
“მთავარი პროკურორის რანგში არ ვესწრებოდი. მოვისმინე საკმაოდ არაადეკვატური პოზიციონირება ამ ფაქტთან დკავშირებით. მე ამ შეხვედრაზე არ უნდა ვყოფილიყავი, შემთხვევით დაემთხვა, რომ როდესაც შეხვედრა უნდა ჰქონოდა ბატონ ბიძინა ივნაიშვილთან, მე აღმოვჩნდი იქ. შესაბამისად, შეიქმნა უხერხულობა და მე დავესწარი მას. ამ შეხვედრაზე რომ გაჟღერებულიყო რაიმე ისეთი გარემოება, ან მომხდარიყო ფაქტი, რომ მე მიზანშეუწონლად მიმეჩნია ჩემი იქ ყოფნა, დავტოვებდი ამ შეხვედრას.
ეს შეხვედრა მიმდინარეობდა საკმაოდ მშვიდობიანად, მეგობრულ გარემოში. საუბარი იყო კონკრეტულ დავის საგანზე, სამოქალაქო დავაზე. არანაირი სტატუსით არ ვესწრებოდი, რაც ასევე დასტურდება თვითონ ხაზარაძის მონაყოლიდან, რომ მე საერთოდ ხმაც არ ამომიღია, არანაირი ზეწოლა არ განმიხორციელებია, არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ვიმყოფებოდი ბატონ ბიძინასთან კერძო საქმეზე. ეს ეხებოდა გარკვეულ პროექტს, რომლის განხორცილეებასაც ვგეგმავდი” ,- თქვა შოთაძემ გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე ოთო კახიძის კითხვის საპასუხოდ.
მისი თქმით, საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ბიძინა ივანიშვილს სტუმრობდა, მართლმსაჯულების სისტემაში გარკვეული სასწავლო კურსების შემოღებას ეხებოდა და ვინაიდან ივანიშვილი იყო ადამიანი, რომელიც გარკვეულ პროექტებს აფინანსებდა, შეხვედრის მიზანიც ეს იყო.
“თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის სექტემბერში თქვა, რომ რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში შეხვდა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს. შეხვედრას კი ესწრებოდნენ იმდროინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და თავად ბიძინა ივანიშვილი. ვანო ჩხარტიშვილი იმ პერიოდში “თიბისი ბანკს” 30 მილიონ ლარს ედავებოდა და საქმე სასამართლოში განიხილებოდა. როგორც ხაზარაძე ამბობს, ივანიშვილთან მოსარიგებლად ავიდნენ. ხაზარაძის თქმით, მას ივანშვილმა საქმის საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოტანა მოსთხოვა.
“მე შოკირებული გამოვედი. ივანიშვილი იყო, პრაქტიკულად, პატარა სახელმწიფო, რომელიც საქმეს არჩევდა. გვერდით უზის პროკურორი და არჩევდა საქმეს. თუ მეუბნები, საქმე გამოიტანე სასამართლოდან, მაშინ პროკურორს რატომ მახვედრებ?”, – თქვა ხაზარაძემ.
ამ შეხვედრის შესახებ ხაზარაძის მონაყოლი ნახეთ სრულად აქ:
რა მოხდა ჩხარტიშვილ-ივანიშვილთან შეხვედრისას – ხაზარაძის ვერსია 30 მილიონის მოთხოვნაზე