ე.წ. ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე, რომელზეც ბრალდებული გიორგი გახარიაა და მას ადანაშაულებენ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ჩორჩანას საგუშაგოს აგებაში, პროკურატურის მოწმეებად მოყვანილი ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების დაკითხვა გრძელდება.

დღეს, 30 სექტემბერს, დაიკითხა სუს-ის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნა, რომ „სალაპარაკო ბევრი არც არაფერი აქვს“ და მას „საიდან უნდა სცოდნოდა“ ჩორჩანის საგუშაგოს შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ სხდომის დახურულობიდან გამომდინარე, მოწმის ჩვენების სრული შინაარსის გაზიარება შეუძლებელია, მხარეები გარკვეულ დეტალებს ასაჯაროებენ.

გიორგი გახარიას ადვოკატი, ბერდია სიჭინავა გომელაურის ჩვენებას აფასებს როგორც სამარცხვინოს, წინააღმდეგობრივს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ მიცემული ეს ჩვენება არის უკიდურესი სირცხვილი თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის, იმ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის უფროსისთვის, სადაც ოკუპირებული ტერიტორია უსაფრთხოების უმთავრესი გამოწვევაა. სწორედ ვახტანგ გომელაური არის ის პირი, რომლის ჩვენების დასამალადაც დაიხურა სასამართლო პროცესები პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე.

არცერთ შეკითხვაზე ბატონ გომელაურს პასუხი არ ჰქონდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა როგორ შეიძლება არ იცოდეს ინფორმაცია ოკუპირებულ ქვეყანაში საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესების შესახებ; როგორ შეიძლება მოხდეს, რომ ექვსი წლის თავზე აღმოაჩინოს, რომ ეს დანაშაულია; როგორ შეიძლება მოხდეს, რომ ამის მერე, რაც ჩორჩანის საგუშაგოს აღმართვა ხდება, აღმოჩნდეს გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობის პირობებში მის მინისტრთა კაბინეტში და როგორ შეიძლება აღმოჩნდეს ის, რომ საოკუპაციო ძალებისგან, ცხელი ხაზის მეშვეობით იგებს [საგუშაგოს შესახებ] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, როცა ის უკვე აგებულია“, — თქვა ბერდია სიჭინავამ.

ადვოკატმა შედარებისთვის მოიყვანა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ჩვენებაც და თქვა, რომ ეს ორი ჩვენება ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია და უფრო გამოსადეგი ბახტაძისაა.

„კონკრეტულ შემთხვევაში, მამუკა ბახტაძის ჩვენების ეს ნაწილი ბევრად უფრო სანდოა, ვიდრე ბატონი გომელაურის, რომელმაც ეს ინფორმაცია დამახინჯებული სახით მიაწოდა თავის დროზე გამოძიებას და დღეს, არსებითი განხილვის დროს, სცადა ამის გამოსწორება, თუმცა ძალიან უნიჭოდ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დგას ვახტანგ შაქარიშვილის, ნანა კაკაბაძის, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი აი ამ რაღაცა ფეიკ ორგანიზაციის, თუ პარტიის თუ რა არიან არ ვიცი, მაგათ დონეზე. აი, ასე დაამცირეს დღეს გომელაური.

აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ჩორჩანის საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდება, ხელახლა დაიკითხებიან ეს მოწმეები და ყველა მათგანს, რომელმაც საკუთარი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, საკუთარი ღირსების წინააღმდეგ მისცა ის ჩვენებები, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყველა მათგანს მოუწევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა“, — თქვა ადვოკატმა ჟურნალისტებთან.

ინფორმაცია წინა სხდომების შესახებ, რომელზეც სხვა ყოფილი ჩინოსნები დაიკითხნენ, წაიკითხეთ შემდეგ ბმულებზე:


ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარებული 2025 წლის 13 ნოემბრიდან. გახარია საქართველოში არ იმყოფება.

ქართული პოლიციის საგუშაგო საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ ჩორჩანასთან, 2019 წლის აგვისტოში გაიხსნა. მანამდე გაჰყავდათ საგუშაგომდე მიმავალი გზა, რომელიც ჩორჩანის ტყეზე გადის. იმავე კვირების განმავლობაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ძალებმა განათავსეს ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები — მწვანე ბანერები და დროშები — იმავე ტერიტორიაზე. 2019 წლის თებერვალში დაიწყო ოსურმა მხარემ ჩორჩანის ტყეში ხეების მონიშვნა.

ჩორჩანის მოვლენებიდან 6 წლის თავზე „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას ადანაშაულებს, რომ შს მინისტრის რანგში საგუშაგო გახსნა სუს-თან და პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ქვეყანა „ომის ზღვარზე“ დააყენა, საპასუხოდ საოკუპაციო მხარემ 5 საგუშაგო მიიღო და 1 000 000 მ² (100 ჰა) ტერიტორია დაკარგა.

გახარიას თქმით, პირიქით, საგუშაგოს გახსნით საქართველომ ჩორჩანის ტყის მთლიანი მასივის, 1 800 ჰა მითვისების პრევენცია შეძლო.