ახალი ამბები

“დავასრულოთ ბავშვების ტყვეობა” – პროკურატურასთან ნინოწმინდის პანსიონზე აქცია იმართება

3 ივნისი, 2021 • 1301
“დავასრულოთ ბავშვების ტყვეობა” – პროკურატურასთან ნინოწმინდის პანსიონზე აქცია იმართება

თბილისში, პროკურატურასთან ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეუფერხებელი ვიზიტის უზრუნველყოფას ნინოწმინდის პანსიონატში. ამასთან, აქციის მონაწილეებს კითხვები აქვთ ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც 2016-2021 წლებში პანსიონზე  4 საქმეზე გამოძიებაა დაწყებული. აქედან ერთი  — სავარაუდო გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი, ძალადობის.

აქციის ინიციატორია მოძრაობა “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია.

უკვე მე-2 დღეა “ნეტგაზეთი” მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შსს-სგან ცდილობს, თუმცა უწყება ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებს.

დღეს განცხადება გაავრცელა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომაც. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მიმდინარე გამოძიებების შესახებ მათაც ომბუდსმენის განცხადებიდან შეიტყვეს და შსს-ს მოუწოდეს დეტალების გასაჯაროებისკენ.

რა ხდება ნინოწმინდაში

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ამ დრომდე [3 ივნისი] სახალხო დამცველი დაწესებულებაში ვერ შედის.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“. რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი