ახალი ამბები

ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე „საფარი“ სტრასბურგს მიმართავს

19 აპრილი, 2023 • 798
ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე „საფარი“ სტრასბურგს მიმართავს

ორგანიზაცია „საფარიმ“ ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი 5 აღსაზრდელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

ორგანიზაციის პოზიციაა, რომ ამ დაწესებულებაში არასრულწლოვნების უფლებები ირღვეოდა, რაც სახელმწიფომ იცოდა, თუმცა ეს მდგომარეობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა. „საფარი“ სასამართლოს სთხოვს დაადგინოს, რომ სახელმწიფმს დაარღვია წამების აკრძალვისა და პირადი ცხოვრების უფლება.

„პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ დაწესებულება ფუნქციონირებდა ლიცენზიისა და ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე, რაც აღმზრდელებს საშუალებას აძლევდა, ბოროტად გამოეყენებინათ თავიანთი პოზიცია და ეძალადათ აღსაზრდელებზე. გარდა ამისა, ამ სივრცეში ბავშვებს არ ჰქონდათ თვითგამორკვევისა და განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემო. პანსიონის აღსაზრდელების მიმართ, წლების განმავლობაში, სისტემური არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მრავალი მტკიცებულების მიუხედავად, მიმდინარე გამოძიება არაეფექტურია – არ ჩატარებულა ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები, არავისთვის არ წარუდგენიათ ბრალი, ერთის გარდა არცერთ ბენეფიციარს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი და ა.შ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან ვითხოვთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამებისა და არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) მუხლების დარღვევის დადგენას“, – აცხადებს „საფარი“.

„საფარი“ ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ და მოქმედ აღსაზრდელებთან 2021-2022 წლებში მუშაობდა. ორგანიზაცია ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში მათ მიაწოდა როგორც იურიდიული, ისე სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისები.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ნინოწმინდის პანსიონმა ლიცენზია 2015 წელს მიიღო, თუმცა მას შემდეგ ორჯერ, 2017 და 2018 წლებში, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დარღვევის გამო დაჯარიმდა. 2015 და 2019 წლებში პანსიონის შესახებ სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიშები მოამზადა. დოკუმენტების მიხედვით, პანსიონში ირღვეოდა აღსაზრდელთა ფუნდამენტური უფლებები. 2020 წელს დაწესებულებაში არ შეუშვეს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი, 2021 წელს (აპრილში) კი, სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ამავე წელს ორგანიზაციამ, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR) სასამართლოს მიმართა და მოითხოვა დროებითი ზომების გატარება, მათ შორის სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მონიტორინგის უფლების მიცემა. სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„ამის შემდეგ PHR-მა გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტს (CRC) მიმართა. CRC-მ დააკმაყოფილა PHR-ის მოთხოვნა და სახელმწიფო დაავალა, სახალხო დამცველისთვის პანსიონის მონიტორინგის საშუალება მიეცა, თუმცა უწყების წარმომადგენელი დაწესებულებაში ამის შემდეგაც არ შეუშვეს. საბოლოოდ, სახალხო დამცველი პანსიონში 2021 წლის 28 ივნისს, მოგვიანებით კი 13 და 22 ნოემბერს შევიდა. 2021 წლის დეკემბერში სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა მორიგი ანგარიში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ, სადაც საუბარია დაწესებულებაში ბავშვთა მიმართ უფლებების დარღვევის არაერთ სავარაუდო შემთხვევაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი