ახალი ამბები

“არ ვაპირებთ კონტრაქტით გათვალისწინებულ რეაგირებას” – ენკა

31 მაისი, 2021 • 2167
“არ ვაპირებთ კონტრაქტით გათვალისწინებულ რეაგირებას” – ენკა

ნამახვანჰესის მშენებელ კომპანიაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ სოფელ გუმათთან მიმდინარე პროტესტი, მათი შეფასებით, “არის პოლიტიკური ფორსმაჟორის შემთხვევა”, თუმცა კომპანია არ აპირებს კონტრაქტით გათვალისწინებული რეაგირების მოხდენას.

“კომპანიას აქამდეც ჰქონდა შესაძლებლობა მოეხდინა შესაბამისი რეაგირება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მის მიზანს პროექტის წარმატებით განხორციელება წარმოადგენს, აღნიშნულისთვის არ მიუმართავს”, – განუცხადეს ნეტგაზეთს “ენკა რინიუებლზში”.

ამჟამად რიონის ხეობასთან დამაკავშირებელი გზები ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს აქვთ გადაკეტილი, რომლებიც ჰესის მშენებელი კომპანიის, “ენკა რინიუებლზის” ავტომობილებს არ ატარებენ და აცხადებენ, რომ კომპანიას არ მისცემენ სამუშაოების გაგრძელების საშუალებას.

კონტრაქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარეობს ნებისმიერი საჯარო აგიტაცია, ან პროტესტი, რაც ხელს უშლის მშენებლობას ან “პროექტის” ოპერირებას, ან ზოგადად “პროექტს” და ხანგრძლივობით აღემატება 21 დღეს, ჯამში, 6- თვიან პერიოდში, მიყენებული ზიანისა და შესაძლო მიუღებელი მოგების ასანაზღაურებლად კომპანიას ენიჭება სახელმწიფოსთვის კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

სახელმწიფოსა და ჰესის მშენებელ კომპანიას შორის დადებული კონტრაქტის თანახმად, აღნიშნული გარემოება პოლიტიკური ფორსმაჟორის სახეა. მისი 180 დღით გაგრძელების შემთხვევაში, კომპანიას ექნება უფლება, შეწყვიტოს სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულება.

ფორსმაჟორი, მისი კლასიკური განმარტებით, არის გადაულახავი ძალა, ანუ გარემოება, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია და რომელიც ხელშეკრულების (კონტრაქტის) ვადის გადატანის (გაგრძელების) შესაძლებლობას იძლევა, ან საერთოდ ათავისუფლებს მხარეებს გარიგებით ნაკისრი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებისგან.

სახელშეკრულებო სამართალში მხარეები წინასწარ თანხმდებიან იმაზე, თუ როგორ დაარეგულირებენ ურთიერთობებს იმ შემთხვევაში, თუ ესა თუ ის გარემოება, – იქნება ეს სტიქიური უბედურება თუ პოლიტიკური აქტი, – ხელმომწერ მხარეებს ხელს შეუშლის ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.

ასეა ნამახვანჰესის შემთხვევაშიც, სადაც, ერთი მხრივ, სახელმწიფო, მეორე მხრივ კი, მშენებელი კომპანია ფორსმაჟორულ შემთხვევებზე პასუხისმგებლობებს წინასწარ განსაზღვრავენ. ნამახვანჰესის კონტრაქტში ფორსმაჟორი 2 კომპონენტისაგან შედგება. პირველი, ეს არის პოლიტიკური ფორსმაჟორი, როგორიცაა, მაგალითად, ომი, ტერაქტი, საპროტესტო აქციები, რომელიც ხელს შეუშლის მშენებლობას და სხვა. მეორეა ფიზიკური ფორსმაჟორი, რომელიც სტიქიურ უბედურებებს მოიცავს (მეწყერი, მიწისძვრა და სხვა).

ფორსმაჟორის გამო ვალდებულებების შესრულებისაგან გათავისუფლების პირობაა, რომ ეს მდგომარეობა დროში გაწელილი უნდა იყოს.

ნამახვანის ხელშეკრულების კრიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ მაგალითად, პოლიტიკური ფორსმაჟორის დროს კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფომ კომპანიას კომპენსაცია უნდა გადაუხადოს, ხოლო არაპოლიტიკური ფორსმაჟორისას კონტრაქტის შეწყვეტისას, მართალია, სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდის ვალდებულება არ აქვს, მაგრამ ვალდებულია, კომპანიისგან გამოისყიდოს აქტივები. კრიტიკოსების შეფასებით, ამგვარი კონტრაქტი კომპანიას ყველანაირ რისკს უზღვევს სახელმწიფოს მხრიდან გაზრდილი ვალდებულებების ხარჯზე.

ნამახვანჰესის მშენებლობის ხელშეკრულების შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული შენიშვნების დასკვნა ხაზს უსვამს, რომ ფორსმაჟორული გარემოების დროს მიზანშეუწონელია, ფინანსური პასუხისმგებლობა მიემართებოდეს ხელშეკრულების მხოლოდ ერთი მხარის – საქართველოს მთავრობისკენ.

დასკვნა მიუთითებს იმაზეც, რომ “არაფიზიკური” ფორსმაჟორის დროს კომპანია სრულად თავისუფლდება მის წინაშე არსებული პასუხისმგებლობებისგან, სახელმწიფო – არა.

იუსტიციის სამინისტროს დასკვნის თანახმად, ფორსმაჟორის პირობები ხელშეკრულების ერთი მხარის – საქართველოს მთავრობის დასჯის მექანიზმად გამოიყენება.

თუ რატომ იმსახურებს ნამახვანჰესთან გაფორმებული კონტრაქტი კრიტიკას ფორსმაჟორის ნაწილში, გირჩევთ ნეტგაზეთის სტატიას:

ნამახვანჰესის ფორსმაჟორი

მასალების გადაბეჭდვის წესი