ახალი ამბები

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩიეს

26 მაისი, 2021 • 1196
მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩიეს

კონფერენციაზე, რომელსაც 284 მოსამართლე ესწრებოდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის 4 ვაკანტურ ადგილზე სულ 4 კანდიდატი დასახელდა: თემურ გოგოხია, ბადრი შონია ლევან მიქაბერიძე და გოჩა აბუსერიძე.

აღნიშნული მოსამართლეები საზოგადოებისთვის არაერთი გახმაურებული საქმის განხილვით გახდნენ ცნობილნი, რომელთა შორისაა “ბირჟა მაფიის”, დეკანოზ მამალაძის, ნიკა მელიას, “თბილავიამშენისა” და სხვა საქმეები.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ თქვა, რომ კონფერენციამდე კოლეგებს სთხოვა, თამამად წამოეყენებინათ საკუთარი კანდიდატურები, თუმცა მოსამართლეთა კორპუსში იუსტიციის საბჭოს წევრობის “დიდი ინტერესი და ენთუზიაზმი არ არის”.

“გარკვეული მოსაზრებების გამო კოლეგები მაინც თავს იკავებენ, იმიტომ, რომ ეს არის დამატებითი დატვირთვა და ამ რაოდენობის საქმეების პირობებში, ნაკლებად აქვთ სურვილი, დამატებითი ვალდებულებები იკისრონ”, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

დელეგატებმა არ გაითვალისწინეს სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციისა და დიპლომატების რჩევა იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევნების შეჩერების თაობაზე, ვიდრე შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმა არ ჩატარდება. ისინი იშველიებენ კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ირჩევა 4 წლის ვადით. საბჭოს 4 მოსამართლე და 4 არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა ივნისის ბოლოს ეწერებათ, ერთს კი ვადა ამოწურული აქვს. შესაბამისად, 15 წევრისგან დაკომპლექტებულ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 9 ახალი წევრია ასარჩევი.

“სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის საბჭო უნდა იყოს არჩეული. ეს კონფერენცია რომ იქნებოდა, ყველა დაინტერესებულმა მხარემ 4 წლის წინ იცოდა. თვითონ პოლიტიკური პარტიები აცხადებენ, რომ მათ მინიმუმ ერთი წელი დასჭირდებათ რეფორმების გასატარებლად, შესაბამისად, მივესალმებით რეფორმებს, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მაგრამ აბსოლუტურად გამოვრიცხავ, შესაძლებელი იყოს 10-15 დღეში”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მოსამართლეთა კონფერენცია “სირცხვილიას” საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა.

“მე არ მინახავს არც გამოცდილება და არც ქვეყანა, სადაც ხდებოდეს დიდი საქმეების კეთება ლანძღვა- გინებით, კონკრეტულად მოსამართლეების დევნითა და მათი მორალური და ფიზიკური შეურაცხყოფით. შესაბამისად, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ დონორი ორგანიზაციებიდან ფულს, ამ დონორის ფულს იყენებენ იმაში, რომ დააბულინგონ მოსამართლეები, მათ მიმართ განახორციელონ მორალური ზეწოლა. ტელევიზიაში 24 საათის განმავლობაში, 7 დღე მიმდინარეობს მოსამართლეების და სასამართლოს ლანძღვა-გინება – ამით ვერ გაკეთდება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. სასამართლოს სჭირდება ხელშეწყობა და არ სჭირდება ბულინგი, ამიტომ, მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ის ფულები, რომელიც მიიღეს დონორებიდან, გამოიყენონ არა მოსამართლეების დაბულინგებაში და მორალურ დისკრედიტაციაში, არამედ ჯანსაღ კრიტიკაში”, – აცხადებს ლევან მურუსიძე.

ლევან მურუსიძე ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტება საჭიროა არა მხოლოდ იმიტომ, რომ საბჭო ირჩევს მოსამართლეებს, არამედ ამტკიცებს ბიუჯეტსაც და ამის გარეშე სასამართლოებში “ქაღალდიც აღარ იქნება”. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის აზრით, საბჭოს წევრების უფლებამოსილების ამოწურვამდე შეეძლო ადმინისტრაციული საკითხების წინმსწრებად მოგვარება, ხოლო ის, რომ მოსამართლეების დანიშვნა შეჩერდება, არათუ ცუდია, წაადგება სასამართლო რეფორმას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე ამბობს, რომ დიპლომატების მოწოდების შემდეგ საუბარი ჰქონდა რიგ ელჩებთან, რომელთაც განუმარტა, რომ საბჭოს წევრების ვადის შეცვლას საკონსტიტუციო რეფორმა ესაჭიროება და მოსამართლეები მხოლოდ სამართლებრივი საფუძვლით მოქმედებენ. შარლ მიშელის დოკუმენტი, ქადაგიძის თქმით, პოლიტიკური აქტია და ის სასამართლოს პოლიტიზებას გამორიცხავს.

“განმარტება მივეცი საერთაშორისო პარტნიორებს. იმედია, ეს გაიაზრეს და სხვა კუთხით უყურებენ საკითხებს. არჩევნების გადადება გამოიწვევს იმას, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლო შეწყვეტს ფუნქციონირებას. თქვენ მზად ხართ ამისთვის, რომ სასამართლომ ფუნქციონირება შეწყვიტოს?”, – განაცხადა ქადაგიძემ.

ვინ აირჩიეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

მასალების გადაბეჭდვის წესი