ახალი ამბები

საია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სასამართლოში უჩივის

18 დეკემბერი, 2023 • 751
საია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სასამართლოში უჩივის

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წინააღმდეგ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მიზეზი აღნიშნული საჯარო უწყებებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციების გაუცემლობა გახდა.

კერძოდ, როგორც საია აცხადებს, ექვსი თვის წინ, 2023 წლის 11 ივლისს გამოითხოვეს საჯარო ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი სკოლიდან, ხოლო 5 თვის წინ, 9 აგვისტოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან. თუმცა სარჩელის შეტანის დროისთვის საჯარო დაწესებულებებს საიასთვის არც უცნობებიათ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და მათი განცხადებები რეაგირების გარეშე დატოვეს.

საია-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს, რომლის გაცემასაც ამ დაწესებულებებს კანონმდებლობა ავალდებულებს.

საია იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ითხოვდა ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა:

  • კონკრეტულ მოსამართლეთა დატვირთულობა,
  • სასამართლო სისტემაში მოქმედი მოსამართლეების/სასამართლოს თავმჯდომარეების სია,
  • უვადოდ დანიშნული მოსამართლეების რაოდენობა,
  • მოსამართლეების დანიშვნის ვადები,
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული მოსამართლეების ვინაობა,
  • საბჭოს სხდომების და მიღებული აქტების შესახებ ინფორმაცია,

ხოლო სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლიდან:

  • სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები,
  • სკოლის მიერ გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაცია, მასში მონაწილე კონკურსანტების რაოდენობა, შეფასების ფორმები და სხვა.

“ბოლო წლების მანძილზე გამოიკვეთა, რომ გამჭვირვალობის კუთხით მდგომარეობა გაუარესდა, ეს იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები მათ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში სასამართლოს ძირეული რეფორმის საჭიროებაზე საუბრობენ, რაც ბევრ სხვა საკითხთან ერთად გულისხმობს სისტემის მოდიფიცირებას, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების გაზრდით.

გამჭვირვალობა სასამართლოს სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. შესაბამისად, სასამართლო სისტემის მიმართ დაბალი ნდობის პირობებში მის საქმიანობაზე ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. თუმცა ის ფაქტი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო/იუსტიციის უმაღლესი სკოლა იმ ინფორმაციასაც კი არ გასცემს, რომლის გამოქვეყნების ვალდებულება მათ პროაქტიულადაც აქვთ, კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს ანგარიშვალდებულების ნაკლებობასა და საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხზე.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებების უგულებელყოფა წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის მიღების უფლების დარღვევას და საზოგადოებას ფაქტობრივად აკარგვინებს სასამართლოსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე დაკვირვების შესაძლებლობას”, — ნათქვამია საიას განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი