ახალი ამბები

ევროპის ქვეყნები ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებას წყვეტენ — საქართველო ჯერ დუმს

25 მაისი, 2021 • 1235
ევროპის ქვეყნები ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებას წყვეტენ — საქართველო ჯერ დუმს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში კომენტარს არ აკეთებენ, შეუერთდება თუ არა საქართველო ევროპის იმ ქვეყნებს, რომლებიც საკუთარ ავიაკომპანიებს მოუწოდებენ, უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, არ გამოიყენონ ბელარუსის საჰაერო სივრცე. ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობას, თუმცა მათგან პასუხი დღის განმავლობაში ვერ მივიღეთ.

მას შემდეგ, რაც  23 მაისს ათენიდან ვილნიუსში მიმავალი “რაინეარის” სამგზავრო თვითმფრინავი ბელარუსის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა აიძულეს, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო, შემდეგ კი ქვეყნიდან დევნილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რამდენიმე ევროპულმა ავიაკომპანიამ ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარი თქვა. მეტიც, ევროპულმა საბჭომ ბელარუსთან დაკავშირებით რამდენიმეპუნქტიანი გადაწყვეტილებაც გამოაქვეყნა, სადაც ევროკავშირში ბაზირებულ ავიაკომპანიებს მოუწოდებს, არ იფრინონ ბელარუსში.

ევროპული საბჭო ასევე:

  • მოითხოვს რომან პრატასევიჩისა და სოფია საპეგას (პრატასევიჩის მეგობარი გოგო) გათავისუფლებასა და მათი გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფას;
  • მოუწოდებს საერთაშორისო სამოქალაქო საავიაციო ორგანიზაციებს, გადაუდებლად გამოიკვლიონ ეს უპრეცედენტო და მიუღებელი ინციდენტი;
  • იწვევს საბჭოს, რათა განიხილონ იმ ადამიანთა და უწყებათა დამატებითი სია, შესაბამისი სანქციების შემუშავებისთვის;
  • მოუწოდებს საბჭოს, მიიღოს მიზნობრივი ეკონომიკური სანქციები და იწვევს უმაღლეს წარმომადგენლებსა და კომისიას წინადადების წარსადგენად შეყოვნების გარეშე;
  • მოუწოდებს ევროკავშირში ბაზირებულ ავიაკომპანიებს, თავი შეიკავონ ბელარუსში გადაფრენაზე;
  • მოუწოდებს საბჭოს, რათა მან მიიღოს საჭირო ზომები იმისთვის, რათა ბელარუსულმა ავიაკომპანიებმა ვეღარ შეძლონ ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენა და ასევე, ამგვარ ავიახაზებს არ ჰქონდეთ წვდომა ევროკავშირის აეროპორტებზე;
  • სოლიდარობას უცხადებს ლატვიას მათი დიპლომატიური კორპუსის უსამართლო გაძევების ფონზე.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე განაცხადა, რომ ბლოკის ქვეყნების საჰაერო სივრცე უნდა დაიკეტოს ბელარუსიდან გამოფრენილი თვითმფრინავებისთვისაც და დაამატა, რომ  სხვა ეკონომიკური სანქციების შესახებ ცნობილი მალე გახდება.

მსოფლიოს მსხვილი ავიაკომპანიები, როგორებიც არიან სინგაპურის ავიახაზები, “ლუფთჰანზა” და “ეარ ფრანსი”, აცხადებენ, რომ ამ შემთხვევის შემდეგ ბელარუსის საჰაერო სივრცით აღარ ისარგებლებენ. თავად “რაინეარი”, რომლის ლაინერიც იძულებით დასვეს ბელარუსში, მომხდარს აფასებს”სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ თვითმფრინავის გატაცებად”. ევროპის ყველაზე მსხვილმა იაფმა ავიაკომპანიამ დღეს ასევე თქვა, რომ ევროკავშირის მითითების შესაბამისად, ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენას აღარ აპირებს.

ფრანგული “ეარ ფრანსიც” ამბობს, რომ ბელარუსის თავზე ფრენას დროებით აჩერებს და ევროკავშირის დამატებით მითითებებს დაელოდება. სხვა ევროპული ავიაკომპანიების მსგავსად, ლატვიურმა “ეარ ბალტიკმა”, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც დაფრინავს, განაცხადა, რომ  ვითარების გათვალისწინებით ბელარუსის საჰაერო სივრცეში აღარ იფრენს. დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლებამ  გაავრცელა შეტყობინება და გაერთიანებული სამეფოს ყველა ავიაკომპანიას მოსთხოვა, თავი აარიდონ “ბელარუსის რომელიმე ნაწილში ფრენას”. ამის შემდეგ “ბრიტანეთის ავიახაზებმა” განაცხადეს, რომ ამ მოთხოვნას დაემორჩილებიან. ამას გარდა, ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლებამ ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია “ბელავიასაც” აუკრძალა ქვეყანაში ფრენა. უნგრულმა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “ვიზეარმა” გუშინ, 24 მაისს, თქვა, რომ უკრაინიდან ესტონეთში ფრენის განრიგი შეცვალეს და ახლა “ვითარებას აკვირდებიან”.

ბელარუსის სახელმწიფო ავიახაზები “ბელავია” 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისის მიმართულებით ყოველდღე დაფრინავს. ჩვენ ასევე დავინტერესდით, აუკრძალავს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ავიაკომპანიას თბილისი-მინსკის რეისის შესრულებას, თუმცა ამ კითხვაზეც ვერ მივიღეთ პასუხი. ნეტგაზეთი დაუკავშირდა “ჯორჯიან ეარვეისსაც”, რომელიც ევროპის არაერთი მიმართულებით დაფრინავს. კომპანიის გენერალურ დირექტრს, რომან ბოკერიას ვკითხეთ, აპირებენ თუ არა გააგრძელონ ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენება შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე:

“ამ დროისთვის ვერაფერს გეტყვით… ჯერჯერობით არ ვიცით. ჩვენ ბელარუსში არ დავფრინავდით. არც [ბელარუსის საჰაერო სივრცეს] ვიყენებდით, შესაბამისად, ჩვენ შესაწყვეტიც არაფერი გაქვს, თუმცა ჯერ ვფიქრობთ”, — გვიპასუხა ბოკერიამ.

23 მაისს ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსისკენ მიფრინავდა, ბელარუსის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა აიძულეს, ბელარუსის აეროპორტში დაშვებულიყო. ამ დროს ბორტზე იმყოფებოდა ბელარუსიდან დევნილი ჟურნალისტი, ტელეგრამ-არხ Nexta-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი რომან პროტასევიჩი.

ბელარუსელმა მილიციელებმა ჟურნალისტი და მისი მეგობარი გოგო სოფია საპეგა აეროპორტშივე დააკავეს, სხვა მგზავრებს კი ვილნიუსისკენ გაფრენის საშუალება მოგვიანებით მისცეს.

დასავლური სახელმწიფოები და თავად ავიაკომპანია “რაინეარი”, აღნიშნულ ინციდენტს სახელმწიფო ტერორიზმად აფასებენ და აცხადებენ, რომ ლუკაშენკოს რეჟიმმა სამხედრო გამანადგურებლების გამოყენებით საფრთხე შეუქმნა სამგზავრო ლაინერს, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის წევრი ერთი ქვეყნიდან მეორეში მიფრინავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი