ახალი ამბები

მიუღებელია “რაინეარის” რეისის იძულებითი დაშვება და ჟურნალისტის დაკავება — ზურაბიშვილი

24 მაისი, 2021 • 1123
მიუღებელია “რაინეარის” რეისის იძულებითი დაშვება და ჟურნალისტის დაკავება — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე  წერს, რომ მიუღებელია სამოქალაქო თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაშვება და ამ ფორმით ჟურნალისტის დაკავება:

“მიუღებელია “რაინეარის” რეისის იძულებითი დაშვება ბელარუსში და ჟურნალისტის დაკავება. ამით დაირღვა მრავალი საერთაშორისო ნორმა, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია.”

ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც 23 მაისს ათენიდან ვილნიუსისკენ მიფრინავდა, ბელარუსის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა აიძულეს, ბელარუსის აეროპორტში დაშვებულიყო. ამ დროს ბორტზე იმყოფებოდა ბელარუსიდან დევნილი ჟურნალისტი, ტელეგრამ-არხ Nexta-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი რომან პროტასევიჩი.

ბელარუსელმა მილიციელებმა ჟურნალისტი აეროპორტშივე დააკავეს, სხვა მგზავრებს კი ვილნიუსისკენ გაფრენის საშუალება მოგვიანებით მისცეს.

ევროპელმა პოლიტიკოსებმა აღნიშნული ფაქტი ტერორიზმად შეაფასეს და ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლების მიმართ მკაცრი რეაგირება დააანონსეს. მომხდარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და თქვა, რომ მგზავრების იძულებით დაკავება მიუღებელია.

““მივესალმებით “რაინეარის” რეისის უსაფრთხო დაშვებას მისი თავდაპირველი დანიშნულების ადგილას – ვილნიუსში. მოხარული ვართ ბორტზე მყოფი ადამიანების გამო. ყველა მგზავრს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო მოგზაურობის თავისუფლება. მათი იძულებითი დაკავება ყოვლად მიუღებელია”, –დაწერა სამინისტომ Twitter-ზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი