ახალი ამბები

„გლოვოს“ კურიერების მორიგი გაფიცვა დასრულდა – რას მიაღწიეს გაფიცულებმა

18 მაისი, 2021 • 4986
„გლოვოს“ კურიერების მორიგი გაფიცვა დასრულდა – რას მიაღწიეს გაფიცულებმა

მიტანის სერვისის კომპანია „გლოვოს“ კურიერების არაფორმალური გაფიცვა დასრულდა. კომპანიის საბოლოო შეთავაზების, განმარტებებისა და დაპირებების შემდეგ, კურიერების უმრავლესობა დათანხმდა მუშაობის გაგრძელებას.

ეს არც კურიერების და არც უშუალოდ „გლოვერების“ პირველი დემონსტრაცია არ ყოფილა — საქართველოში ბოლო თვეებში მსგავსი არაერთი აქცია გაიმართა. ამ დემონსტრაციებისას კურიერები მიუთითებენ, რომ მათი სამუშაო შრომატევადი და რისკიანია.

ყველაფრის პარალელურად, კურიერების ნაწილი ორგანიზების ახალი გზების ძიებას ცდილობს.

ცვლილებები ანაზღაურების სისტემაში

„გლოვოს“ კურიერების („გლოვერების“) მორიგი აქციების სერია კვირას, 16 მაისს დაიწყო. ეს პროცესი კომპანიის შემოთავაზებული ცვლილებებს მოჰყვა, რასაც კურიერები მათთვის ფინანსურად წამგებიანად მიიჩნევდნენ.

„ნეტგაზეთს“ კომპანიაში დაუდასტურეს, რომ განხორციელდა 3 ცვლილება ანაზღაურების ბაზისურ სისტემაში, ბონუსების სისტემაში და სამუშაოს ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. კერძოდ:

ძველი სისტემით ანაზღაურდებოდა კურიერის მიერ განვლილი სრული მანძილი — ერთი მხრივ, შეკვეთის მიღებიდან იმ ობიექტამდე, საიდანაც შეკვეთა უნდა აეღო და, მეორე მხრივ, ობიექტიდან მომხმარებლამდე. ტარიფი იყო ბაზისურ 2 ლარს + 40 თეთრი ყოველ კმ-ზე.

ახალი სისტემით ანაზღაურდება მხოლოდ ობიექტიდან მომხმარებლამდე არსებული მანძილი. ამასთან, იზრდება საბაზისო ანაზღაურება: 2 ლარის ნაცვლად საბაზისო თანხა ხდება 2.3 ლარი, ხოლო ყოველ კმ-ზე 40 თეთრის ნაცვლად 50 თეთრი.

კურიერების უმრავლესობა ამ ცვლილებას სკეპტიკურად მოეკიდა, რადგან მიაჩნდათ, რომ შემოსავალი შეუმცირდებოდათ.

„ეგ სისტემა არ გვაწყობს, რადგან გამოდის, რომ ნახევარი მანძილი ტყუილად უნდა ვიაროთ. არ გვიღირს არცერთ კურიერს და ამიტომ ვართ გამოსულები“, – გვითხრა დავით ხუფენიამ, ერთ-ერთმა დემონსტრანტმა.

კიდევ ერთი ცვლილება უკავშირდება საბონუსე სისტემის ცვლილებას. კერძოდ:

ძველი სისტემით პარტნიორი კურიერები იღებდენენ ყოველკვირეულ ბონუსს; კომპანიის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ პარტნიორ კურიერებს უწევდათ შეესრულებინათ შეკვეთების „გარკვეული რაოდენობა“ [კურიერების თანახმად, 180 შეკვეთა], რათა კვირის ბოლოს მიეღოთ სახელფასო დანამატი.

ახალი სისტემით იხსნება ყოველკვირეული ბონუსები და კომპანიის განცხადებით, ისინი „ყოველდღიურად, სხვადასხვა საათზე გადანაწილდება“. ეს, კომპანიის განმარტებითვე, გულისხმობს, რომ კვირის განმავლობაში გლოვერებს ნებისმერ დროს შეეძლებათ ბონუსის გამომუშავება და არ ექნებათ შეკვეთების კონკრეტული ლიმიტები ამ დამატებითი ანაზღაურების მისაღებად“.

„არ გვაწყობს“

აქციაზე გამოსული კურიერები ამბობდნენ, რომ ეს ცვლილებები არ აწყობდათ:

„ეს სისტემა უკეთესი არ იქნება ჩვენთვის. რაოდენობრივ ბონუსს აუქმებენ და გვეუბნებიან, რომ ბონუსების ფულს ჩაასხამენ ამ საათობრივ ბონუსებში. თუმცა ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ერთ საათში შეკვეთების გარკვეული რაოდენობა უნდა შევასრულოთ ბონუსის მისაღებად. არა. უბრალოდ, ტარიფების ზრდაში გარდაისახებაო, რისი გარანტიაც არ არის“, – გვითხრა მიშა მამალაძემ, ერთ-ერთმა კურიერმა.

„ეს ორივე ცვლილება, ჩვენი, კურიერების აზრით, თანხების გარდაუვალ შემცირებას გამოიწვევს. არც ის წინადადება ჰქონიათ, რომ კილომეტრაჟი ჩაეხსნათ მხოლოდ და ბონუსი დაეტოვებინათ, — და ამისთვისაც მზად ვართ ჩვენ, რომ ნაწილობრივ ჩვენ დავზარალდეთ, ნაწილობრივ კომპანიამ დათმოს. მაგრამ ამაზე არ მოდიან“, – გვითხრა მან 17 მაისს გამართულ აქციაზე.

მესამე ცვლილებასთან დაკავშირებით დემონსტრანტების განსაკუთრებულად უარყოფითი დამოკიდებულება არ ჰქონიათ: თუკი აქამდე კურიერების სამუშაო დღის ხანგძლივობა 12 საათი შეიძლება ყოფილიყო, ეს დრო 10 საათამდე შემცირდება. კომპანიამ ეს ცვლილება „საერთაშორისო რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების რეგულაციების გათვალისწინებით“ ახსნა.

იმის გამო, რომ კურიერების შრომა არ ექცევა შრომის კანონმდებლობაში, — რადგან მათთან, ნაწილობრივ დასაქმებულთა ინტერესებიდან გამომდინარე, შრომითი ხელშეკრულებები არ ფორმდება და ისინი „პარტნიორულ ურთიერთობაში“ არიან, — 8-საათიანი სამუშაო დღის პრაქტიკა არ ვრცელდება.

„რეალურად, ეგ მართლა ჩვენივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე იყო და კი, 12 საათი ზედმეტია, 10 საათზე არ გვაქვს პრობლემა“, – გვითხრა დავით ხუფენიამ. თუმცა 18 მაისს აქციაზე ამ ცვლილების მიმართაც გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება რამდენიმე კურიერმა.

დაბლოკვა პროტესტის შემდეგ

პირველ დღეს გამართული აქციის შემდეგ არაერთ კურიერს მიუვიდა შეტყობინება, რომ ანგარიში დაებლოკათ, რაც მათ აღიქვეს კომპანიის მხრიდან სადამსჯელო ზომად აქციაში მონაწილეობისა და პროტესტის გამოხატვის გამო [იმის გამო, რომ მათ შრომითი ხელშეკრულება არ აქვთ, კომპანიას შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ურთიერთობა ისე, რომ მომდევნო თვის ანაზღურების გადახდა არ ევალება].

გლოვოს შეტყობინება კურიერს

„ანგარიშის დაბლოკვას, რაც ხელშეკრულების გაწყვეტის ტოლფასია, არაფრით არ ველოდით. მე პირადად არაფრით არ ველოდი. აპლიკაცია დამიბლოკეს ისეთ კურიერს, როგორიც ვარ მე, — ვმუშაობდი ზამთარში, ყინვაში, ქარში, გავიმარჯვე შიდა შეჯიბრებაში და მაჩუქეს სკუტერი“, – თქვა „ნეტგაზეთთან“ საუბარში დავით ხუფენიამ, ერთ-ერთმა კურიერმა.

„გლოვო ჩვენზე დგას და ეგრეც იქნება ყოველთვის, ჩვენ ვამუშავებდით პანდემიის პირობებში გლოვოს და ვემსახურებოდით მოსახლეობას“, – ამბობს იგი.

„გლოვოში“ „ნეტგაზეთს“ 16 მაისს თავდაპირველად განუცხადეს, რომ ანგარიში 50-მდე კურიერს დაებლოკა, თუმცა ამის მიზეზი არა აქციაში მონაწილეობა, არამედ კომპანიისა და მომხმარებლების დაზარალება იყო. მეორე დილას გვითხრეს, რომ კიდევ „რამდენიმე ადამიანს“ დაუბლოკეს ანგარიში და დაბლოკილების რაოდენობა 100-ს არ სცდებოდა [თუმცა, დემონსტრანტების ცნობით, ასეთების რიცხვი უფრო მაღალი იყო].

ამასთან, კომპანიაში თავდაპირველად დაგვიდასტურეს, რომ ანგარიშების დაბლოკვა ფაქტობრივად ხელშეკრულების გაწყვეტას ნიშნავდა, თუმცა მოგვიანებით განგვიცხადეს, რომ ანგარიშის დაბლოკვა აუცილებლად ხელშეკრულების შეწყვეტას არ გულისხმობს. კომპანიის თანახმადვე, სურვილის შემთხვევაში, — თუკი დარღვევებზე უარს იტყვიან, — კურიერებს მუშაობის გაგრძელება მიმართვის საფუძველზე შეეძლებოდათ.

მსვლელობები და მორიგი მოლაპარაკება

17 მაისს აქცია დილის 10 საათიდან დაიწყო სპორტის სასახლესთან.

„ჩვენი მიზანი არაა, ვინმე, მათ შორის კომპანია დავაზარალოთ. ჩვენი მიზანია, დავანახოთ კომპანიას, რომ გლოვო – ეს ჩვენ ვართ. ჩვენ და არა ისინი. ჩვენ, კურიერები თუ არ ვიქნებით, არ იქნება არც გლოვო“, – მიმართა შეკრებილებს ერთ-ერთმა კურიერმა, მიშა მამალაძემ.

სპორტის სასახლესთან შეკრებილმა 250-ზე მეტმა კურიერმა ქალაქში საპროტესტო მსვლელობა გამართა. ბოლოს ისინი საბურთალოზე, კომპანიის ოფისთან შეიკრიბნენ, სადაც კიდევ გაიმართა მოლაპარაკება ადმინისტრაციასთან.

მოლაპარაკების შემდეგ „გლოვოში“ „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ ადმინისტრაციამ კურიერების უმრავლესობასთან შეთახნმებას მიაღწია, დანარჩენებთან კი მოლაპარაკებები გაგრძელდა. ამასთან, მათ, ვისთანაც მიაღწიეს შეთანხმებას, აპლიკაციას განუბლოკავდნენ.

კურიერების ნაწილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებდა, რომ ადმინისტრაციისგან, მართალია, მიიღეს ანგარიშების განბლოკვის დაპირება, თუმცა კომპანიის შეთავაზებულ სამუშაო პირობებზე კვლავ არ თანხმდებოდნენ და პროტესტს აგრძელებდნენ.

აქცია 18 მაისსაც ჩატარდა სპორტის სასახლესთან, თუმცა იქ გაცილებით ნაკლები კურიერი მივიდა. მისულებს შორის კი აზრი უკვე ორად იყო გაყოფილი — გაეგრძელებინათ ახალი პირობებით მუშაობა თუ არა. ერთადერთი, რაზეც ყველა თანხმდებოდა, იყო მოთხოვნა, რომ დაბლოკილი კურიერები სამსახურში უნდა აღედგინათ.

გარანტიები?

მიშა მამალაძემ 17 მაისს გამართული მოლაპარაკებების შინაარსი ასე აღწერა „ნეტგაზეთთან“ საუბარში:

  • „არსებობენ ორი პირობითი კატეგორიის კურიერები:
    • პირველ კატეგორიაში შედის კურიერების 10-15%, რომლებიც სრული დატვირთვით მუშაობენ და გამოიმუშავებენ ბევრად უფრო მეტს;
    • მეორე კატეგორიაში შედიან, მაგალითად, სტუდენტები ან სხვაგან დასაქმებულები, რომლებიც არასრულ განაკვეთზე მუშაობენ [და ბონუსებზე ვერ ან არ გადიან]“;
  • მამალაძის თანახმად, ადმინისტრაციისგან მიიღეს გარანტია, რომ ახალი სისტემის პირობებში მეორე კატეგორიის „გლოვერები“ (ანუ არასრულ განაკვეთზე მომუშავეები) არათუ იმავე თანხას, არამედ მეტს გამოიმუშავებდნენ;
  • პირველ კატეგორიას კი, რომლებიც უფრო მეტი დატვირთის მუშაობდნენ და მეტს გამოიმუშავებდნენ, შეუმცირდებათ შემოსავლები;
    • „თუმცა გარანტია მივიღეთ იმისა, რომ ეს შემცირება არ იქნება რადიკალური, იქნება სადღაც 15%-ის ფარგლებში, და დაგვპირდნენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს პირობა იქნას შესრულებული“.

კიდევ ერთი კურიერმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ დაპირების თანახმად, ყოველდღიური ბონუსები გულისხმობს ბაზისური ტარიფის 1.1-ჯერ, 1.2-ჯერ და 1.3-ჯერ ზრდას გარკვეულ საათებში.

მიშა მამალაძის თანახმად, ამ შეთავაზების შემდეგ კურიერების აზრი ორად გაიყო, რაც 18 მაისის აქციაზეც გამოჩნდა.

„კურიერების 80%-ზე მეტი არასრულ განაკვეთზე მუშაობს და ახლა აღმოჩნდა, რომ მათ ინტერესებში აღარ არის გაფიცვა. და იმის მიუხედავად, რომ მეც პირადად დამაზარალებს ეს სისტემა, არ ვიქნები მართალი, რომ იმ ადამიანს მოვთხოვო გვერდში დგომა, როცა ეს მათ ინტერესს არ ემსახურება. ჩემ ხარჯზე ვერ მოვთხოვ, რომ შეწყვიტოს მუშაობა“, – თქვა მამალაძემ.

18 მაისს აქციაზე უკვე იყვნენ ისეთი კურიერები, რომლებმაც წინა დღით ახალი სისტემით იმუშავეს და ამით კმაყოფილები იყვნენ. „ახალ სისტემაზე 20 შეკვეთაზე მქონდა 100 ლარზე მეტი, როცა მაგ რაოდენობაზე 70 ლარში მერყეობდა“, – თქვა ერთ-ერთმა კურიერმა.

18 მაისის შეკრების შემდეგ, — სადაც აზრები გაიყო, — კურიერებმა მუშაობა გააგრძელეს.

„პროტესტი ამოწურულია“

კომპანიის ადმინისტრაციამ 18 მაისსვე გაავრცელა ბოლო განცხადება, სადაც წერია, რომ Glovo-სა და პარტნიორ კურიერებს შორის შეთანხმება შედგა:

„კურიერების ნაწილს, რომლებსაც დროებით შეჩერებული ჰქონდათ წვდომა აპლიკაციასთან, ბლოკი მოეხსნათ და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. პროტესტი ამოწურულია და აპლიკაცია შეფერხებით აღარ იმუშავებს“.

კომპანიის თანახმად, 17 მაისიდან ძალაში შევიდა განახლებული ანაზღაურების სისტემა, რომელიც „მთლიანად მორგებულია გლოვერების საჭიროებებსა და უსაფრთხოებაზე და უზრუნველყოფს ბონუსური სისტემის სამართლიანი პრინციპით გადანაწილებას და საბაზისო ტარიფის ზრდას“.

კურიერების თანახმად, ადმინისტრაცია ცვლილებებს იმით ასაბუთებდა, რომ ბონუსების სისტემა კურიერების უმრავლესობას არაკონკურენტულ პირობებში აყენებდა, ამ ცვლილებით კი თანაბარი შესაძლებლობები უჩნდებოდათ.

განმარტებების და პირობის მიუხედავად, ცვლილებებს სკეპტიკურად უყურებს შოთა დიასამიძე, კიდევ ერთი კურიერი და არც ამ დასაბუთების ლოგიკას იზიარებს:

„ბონუსი შეეძლოთ, რომ მაგ მიზნით მოეხსნათ, — ყველას თანაბარი შესაძლებლობები რომ ჰქონდესო, — მაგრამ მაშინ უნდა დაეტოვებინათ კილომეტრაჟის ანაზღაურება ობიექტამდე და ობიექტიდან მომხმარებლამდე. ამ შემთხვევაში მე ჩავთლიდი, რომ ეგ ეგრე იყო. მაგრამ საბოლოოდ მგონია, რომ დროთა განმავლობაში მაინც დაგვაკლდება შემოსავალი“, – უთხრა მან „ნეტგაზეთს“.

კომპანია კვლავ აცხადებს, რომ ცვლილებების მიზანია „პარტნიორი კურიერებისთვის უფრო მოქნილი, ხელსაყრელი პირობების შეთავაზება“ და „ახალი სისტემის პირობებში, გლოვერებს საშუალება ექნებათ, უფრო მარტივად და სწრაფად გამოიმუშაონ დამატებითი ანაზღაურება“.

პრობლემები და შემდეგი ნაბიჯები

ეს „გლოვერების“ მეორე მასშტაბური გაფიცვა იყო 2021 წელს. პირველი დემონსტრაციები იანვარ-თებერვალში გაიმართა, — მას შემდეგ, რაც თითო კილომეტრის ანაზღაურება 40-დან 20 თეთრამდე შემცირდა. მაშინდელი პროტესტის შედეგად, კურიერებმა მათთვის მისაღებ პირობებს მიაღწიეს.

როგორც წინა, ასევე ამ დემონსტრაციებზე გამოიკვეთა სხვადასხვა გარემოება თუ სირთულე, რასაც კურიერები შრომისას აწყდებიან, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების საკითხები, შრომის კანონმდებლობის ლიმიტები და ა.შ.

17 მაისის აქციაზე კურიერებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი სამ კურიერს, რომლებიც, მათი ინფორმაციით, კურიერად მუშაობისას, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ. ამით მათ ხაზის გაუსვეს, რამდენად რისკიანია მათი სამუშაო.

კურიერების შემოსავლები, როგორც თავად ამბობენ, განსხვავებულია, ვინაიდან გამომუშავებაზეა დამოკიდებული: „შეიძლება, ვიღაც 500 ლარს გამოიმუშავებს, ვიღაცა 2000 ლარს“, – გვითხრა მიშა მამალაძემ, თუმცა ასევე განაცხადა:

  • „2000 ლარი რომ ისმის, ეს რიცხვი ნამდვილად არის საშუალო ხელფასზე მაღალი საქართველოში, თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ ორი რამე:
  • მასში შედის საწვავის, ცვეთადი ნაწილების, აღჭურვილობის და ყველა ის ხარჯი, რაც ყოველდღიურად გვაქვს, და ალბათ 30%-ზე მეტი ამ ხარჯებში მიდის;
  • ამას გარდა, არსებობს სიცოცხლის დაკარგვისა და ჯანმრელობის დაზიანების რისკები, რის ფონზეც, შეიძლება ითქვას, არაა იმდენად მაღალი და შესაბამისი ანაზღაურება. თუმცა ჩვენ გაზრდას არც ვითხოვდით, ვითხოვდით არსებულის დატოვებას“…

17 მაისს აქციას გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც სოლიდარობა გამოუცხადეს კურიერებს. 18 მაისს „გლოვერებთან“ მივიდნენ მსგავსი კომპანიის, „ვოლტის“ კურიერები და მათ სოლიდარობა გამოუცხადეს.

18 მაისს აქციაზევე დემონსტრანტებმა თავიანთი, კურიერების პროფკავშირის შექმნაზე დაიწყეს საუბარი, რათა მომავალში გამოვლენილ პრობლემებზე უკეთ რეაგირება შეძლონ; მათი ნათქვამის თანახმად, შესაძლოა შეიქმნას ისეთი პროფესიული კავშირი, რომელიც ე.წ. „გიგ-ეკონომიკაში“ ჩართული კომპანიების კურიერებს გააერთიანებს, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე დემონსტრანტებს არ მიუღიათ.


იმ პრობლემების ნაწილი, რაზეც საპროტესტო დემონსტრაციებისას ამ სფეროებში მომუშავე ადამიანები მიუთითებენ, შესაძლოა, მათი შრომის არაზუსტად კლასიფიკაციასთან იყოს დაკავშირებული.

„ნეტგაზეთი“ გიგ-ეკონომიკის შესახებ მომზადებულ სტატიაში მიმოიხილავს, რა სამართლებრივი სტატუსი აქვთ ასეთ ეკონომიკაში დასაქმებულ პირებს საქართველოში, რა პლუსები და მინუსები აქვს ამგვარ დასაქმებას და რა შეიძლება მათთვის შეიცვალოს.

რა არის „გიგ-ეკონომიკა“ და რა შეიძლება შეცვალოს კურიერის სასამართლო დავამ

რა პირობებით მუშაობენ და რას ითხოვენ გლოვოს კურიერები

მასალების გადაბეჭდვის წესი