შეგიმჩნევიათ, ბოლო წლების განმავლობაში როგორ გაიზარდა სკუტერებით მოძრავი კურიერებისა და აპლიკაციებზე მომუშავე ტაქსისტების რაოდენობა? ან ბოლო პერიოდში მათი საპროტესტო დემონსტრაციები თუ გახსენდებათ?
იმ პრობლემების ნაწილი, რაზეც საპროტესტო დემონსტრაციებისას ამ სფეროებში მომუშავე ადამიანები მიუთითებენ, შესაძლოა, მათი შრომის არაზუსტად კლასიფიკაციასთან იყოს დაკავშირებული.
„ნეტგაზეთი“ ამ სტატიაში მიმოიხილავს, რა სამართლებრივი სტატუსი აქვთ ასეთ ეკონომიკაში დასაქმებულ პირებს საქართველოში, რა პლუსები და მინუსები აქვს ამგვარ დასაქმებას და რა შეიძლება მათთვის შეიცვალოს.
კურიერების პროტესტი
გასულ კვირას, 17 მარტს, Bolt Food-ის კურიერებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერეს, დემონსტრაცია გამართეს და, სხვა საკითხებთან ერთად, ტარიფების გაზრდა და საბონუსე სისტემის გადახედვა მოითხოვეს.
კომპანიამ, რომლის ცენტრალური ოფისიც ესტონეთში მდებარეობს, განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტია „პარტნიორების [ანუ კურიერების] ყოველდღიურ საქმიანობაში გამორჩეული მხარდაჭერით უზრუნველყოფა“, თუმცა დემონსტრაციაზე პასუხად რამდენიმე კურიერი სისტემიდან დაბლოკა და „მკაცრი რეაგირებით“ დაიმუქრა.
კურიერები პროტესტს აგრძელებენ და სხვადასხვა გზას ეძებენ მიზნის მისაღწევად [დეტალებისთვის გირჩევთ, ეს სტატია წაიკითხოთ].
რამდენიმე კვირით ადრე, იანვრის ბოლოს, კიდევ ერთი ასეთი კომპანიის, „გლოვოს“ (Glovo-ს) კურიერებმა გამართეს საპროტესტო აქციები, სადაც ანაზღაურების ძველი, ოდნავ მაღალი ტარიფის დაბრუნება და საბონუსე სისტემის გამართვა მოითხოვეს.
„გლოვერების“ პროტესტმა გარკვეული შედეგი გამოიღო: კომპანიამ ცოტა ხანში ანაზღაურების ძველი ტარიფი დააბრუნა.
[დეტალებისთვის გირჩევთ: „გლოვო“: კურიერების ანაზღაურების ტარიფი შეიცვალა]
თუმცა არცერთ შემთხვევაში არ შეცვლილა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული მინიმალური პირობები სამართლებრივად კვლავ არ ვრცელდება არცერთი კომპანიის კურიერებზე [კურიერებზე, რომელთა ყოველდღიური სამუშაოც უფრო მძიმეა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს — ვრცლად].
კერძოდ, მათზე არ ვრცელდება შრომის კოდექსის გათვალისწინებული ისეთი პირობები, როგორიცაა 8-საათიანი სამუშაო დღე და ამის შემდეგ ზეგანაკვეთური სამუშაოს გაზრდილი ტარიფით ანაზღურება, ანაზღაურებადი შვებულება, დეკრეტული შვებულება თუ სხვა სოციალური გარანტიები [მაგალითად, საპენსიო შენატანზე: თუკი ის სქემაში ჩართულია, საპენსიო ანგარიშზე სახელმწიფო დაურიცხავს დაუბეგრავი შემოსავლის 2%-ს, თავად კი ჩარიცხავს დაუბეგრავი შემოსავლის არა 2%-ს, არამედ 4%-ს, ანუ დამსაქმებლისგან დასარიცხი 2%-იც მისი გადასახდელი ხდება].
ამის მიზეზი ისაა, რომ კომპანიებს კურიერებთან, — ისევე, როგორც ტაქსის კომპანიებს ტაქსისტებთან, — მომსახურების ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული და არა ტრადიციული შრომითი ხელშეკრულებები.
Glovo-ც და Bolt Food-იც, დასაქმებულების პროტესტის ფონზე, სწორედ ამ გარემოებაზე მიუთითებდნენ. მაგალითად, 24 მარტს Bolt Food-მა დაწერა, რომ:
„პარტნიორი კურიერები დასაქმებულნი არ არიან შრომითი ხელშეკრულებით; პარტნიორი კურიერები მუშაობენ საპარტნიორო ხელშეკრულების საფუძველზე“…
ეს გავრცელებული პრაქტიკაა, რასაც არაერთი კომპანია იყენებს მსოფლიოშიც და საქართველოშიც, — და რასთან ერთადაც ე.წ „გიგ-ეკონომიკას“ ახსენებენ ხოლმე.
რა არის გიგ-ეკონომიკა?
ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად გაიზარდა რაოდენობა ისეთი ადამიანებისა, რომლებიც ნაცვლად ტრადიციულ შრომით ურთიერთობებში ჩართვისა, ალტერნატიულ გზას ირჩევენ, ან ასეთი გზის არჩევა უწევთ. ეს ცვლილება სხვა საკითხებთან ერთად ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ და დისტანციურად მუშაობის პრაქტიკის გავრცელებამ მოიტანა.
ეკონომიკის იმ სექტორს, რომელსაც ქმნიან დამოუკიდებელი კონტრაქტორები და ე.წ. „ფრილანსერები“, — რომლებიც მათთვის მოსახერხებელ, დროებით სამუშაოებს ასრულებენ, — „გიგ-ეკონომიკას“ (Gig-economy) უწოდებენ. ასეთ საქმიანობაში ჩართულ მშრომელებს კი „გიგ-ვორქერებად“ მოიხსენიებენ (ასევე, ატიპური შრომით დაკავებულ ადამიანებად).
როგორც წესი, ადამიანებს არაერთი მიზეზი აქვთ ხოლმე მსგავსი ტიპის სამუშაოს შესასრულებლად: მოსახერხებელი სამუშაო საათები, ნაკლები ვალდებულებები და ა.შ. ამასთან, ზოგიერთი მათგანი ამ სამუშაოს თავის ძირითად საქმიანობასთან ერთად აკეთებს ხოლმე [მეორე მხრივ, დამსაქმებელსაც ნაკლები სოციალური პასუხისმგებლობა აქვს ასეთ ურთიერთობში შესვლისას].
მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს ჟურნალისტი, რომელიც სხვადასხვა გამოცემისთვის სტატიებს დისტანციურად წერს ხოლმე და ასე გამოიმუშავებს ჰონორარს; თარჯიმანი, რომელიც შიგადაშიგ თარგმნის დოკუმენტებს; დურგალი, რომელიც დღეში რამდენიმე გამოძახებაზე მიდის და ა.შ..
როგორც აღვნიშნეთ, გიგ-ეკონომიკაში ხშირად მოიაზრებ(დნ)ენ მიწოდების სერვისში დასაქმებულ კურიერებს და მძღოლებს, რომლებიც ტაქსის კომპანიებში აპლიკაციებზე მუშაობენ. რამდენად ზუსტია, ისინი დასაქმებულებად არ იყვნენ კლასიფიცირებულები?
მკვლევარი, სოციოლოგი სალომე ქაჯაია „სოლიდარობის ცენტრისთვის“ მომზადებულ კვლევაში [„დამოკიდებულ თვითდასაქმებულთა დაცვის მექანიზმები ევროკავშირის ქვეყნებში და პერსპექტივები საქართველოსთვის“, 2020] ციტირებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებას, რომელიც წმინდად დაქირავებით დასაქმებასა და წმინდად თვითდასაქმებას შორის დარჩენილი შრომითი კატეგორიას განსაზღვრავს, როგორც „შეფარულ შრომით ურთიერთობას“, სადაც „დამსაქმებელი ინდივიდს არ ექცევა, როგორც დასაქმებულს და ფარავს მისი, როგორც დასაქმებულის იურიდიულ სტატუსს“.
კურიერები/ტაქსისტები – „დასაქმებულები“ თუ „თვითდასაქმებულები“?
კურიერების/ტაქსისტების დასაქმებულებად/კონტრაქტორებად მიჩნევაზე მსოფლიოში სხვადასხვა დამოკიდებულებაა: აშშ-ში, მაგალითად, აშშ-ის შრომის სააგენტომ 2019 წელს მიიჩნია, რომ Uber-ის მძღოლები „კონტრაქტორები“ არიან და არა დასაქმებულები. თუმცა 2020 წელს აშშ-შივე, კალიფორნიაში, მოსამართლემ მიიჩნია, რომ Uber-მა თავისი მძღოლები დასაქმებულებად უნდა ჩათვალოს;
მსგავსი პოზიცია აქვს ესპანეთის უზენაეს სასამართლოს, რომელსაც 2020 წელს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საკვების მიტანის სერვისის მიმწოდებლები დასაქმებულები არიან და არა თვითდასაქმებულები.
ეს გადაწყვეტილება სასამართლომ „გლოვოს“ ყოფილი თანამშრომლის სარჩელის საფუძველზე გამოიტანა [„გლოვო“ ესპანური კომპანიაა, რომელიც 2015 წელს დაარსდა და რომლის ცენტრალური ოფისი ბარსელონაში მდებარეობს].
ახლახან მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ: 19 თებერვლის გადაწყვეტილების თანახმად, ტაქსების კომპანია Uber-ის მძღოლები დასაქმებულებად უნდა ჩაითვალონ და არა თვითდასაქმებულებად. ამ გადაწყვეტილებამ წერტილი დაუსვა 5-წლიან დავას, რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს დიდი რაოდენობით დასაქმებულზე.
გადაწყვეტილების გამოტანიდან რამდენიმე კვირის შემდეგ Uber-ის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ მათთან დასაქმებულ 70,000-ზე მეტ მძღოლს გარანტირებულად ექნება მინიმალური ხელფასი, დაზღვევა, ანაზღაურებადი შვებულება და საპენსიო შენატანი. ამის ფონზე, კომპანია ირწმუნება, რომ მგზავრობის ტარიფს არ გაზრდის. ამასთან, მძღოლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, მაშინ ჩართონ აპლიკაცია, როდესაც მოისურვებენ.
[ვრცლად ამ თემაზე: Uber-ის ტაქსისტები დასაქმებულებად უნდა ჩაითვალონ – ბრიტანეთის უზენაესი სასამართლო]
დავა საქართველოში – შეიძლება, მისმა შედეგმა ვითარება შეცვალოს?
სხვა მრავალი ქვეყნის მსგავსად, არც საქართველოში ითვლებიან ფორმალურად დასაქმებულებად მსგავს კომპანიებში მომუშავე ადამიანები, იქნება ეს კომპანია Wolt, Bolt, Bolt Food, Glovo, Yandex თუ სხვა.
[აღსანიშნავია, ეს პრობლემა უფრო შორსაც მიდის და მსგავსი პრაქტიკა, — შრომის, სავარაუდოდ, არაზუსტად კლასიფიკაციის პრობლემა, — სხვაგანაც გვხვდება. მაგალითად, „ნეტგაზეთმა“ ეს პრაქტიკა გამოავლინა GWP-ის დასაქმებულების გაფიცვაზე, როდესაც აღმოაჩინა: დასაქმებულთა ნაწილი მიუთითებს, რომ ისინი არ არიან საშტატო ნუსხაში და კონტრაქტორებად არიან გაფორმებული, იმის მიუხედავად, რომ იმავე სამუშაოს ეწევიან, რასაც შტატში გაფორმებული პირები. ვრცლად: „13 ჩვენგანს სამაგალითოდ სჯიან“ – GWP-ის დასაქმებულების პროტესტი]
ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს დავას, რამაც, პროფკავშირების თანახმად, შესაძლოა ეს ვითარება შეცვალოს.
მოსარჩელეა ზაქარია მეტრეველი, — კურიერი, რომელიც კომპანია „ვოლტში“ 2020 წლის ნოემბრამდე მუშაობდა. მის ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანება (GTUC) იცავს.
„დელივერი კომპანიების პრობლემა ისაა, რომ არავინ პასუხისმგებლობას არ იღებს და შრომის კოდექსის გვერდის ავლით არის ყველაფერი გაკეთებული. გვიწოდებენ პარტნიორებს, არადა, თანაბარ უფლებებში არ ვართ. პირიქით, სრულიად უუფლებოდ ვართ დარჩენილი“, – უთხრა მეტრეველმა „ნეტგაზეთს“.
ზაქარია მეტრეველი, — რომელიც Wolt-ის შემდეგ, ბოლო პერიოდში, Bolt Food-ის კურიერიც იყო, დემონსტრაციებშიც აქტიურად მონაწილეობდა და ამის შემდეგ ამ აპლიკაციიდანაც დაბლოკეს, — სასამართლოსგან ითხოვს:
- Wolt-ის მხრიდან მისი გათავისუფლების ბრძანება გაუქმდეს;
- აღდგეს სამსახურში;
- მიეცეს იძულებით განაცდური ხელფასის სრული ოდენობით.
თუმცა სასარჩელო მოთხოვნებში პირველ პუნქტად ისეთი საკითხია, რასაც, მოსარჩელე მხარის წარმატების შემთხვევაში, შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს არა მხოლოდ ზაქარია მეტრეველზე, არამედ სხვა კურიერებსა თუ ტაქსის მძღოლებზე:
„ვინაიდან ჩვენთან, საქართველოში არ არის პრაქტიკა იმის განსაზღვრის, შრომითია თუ „მომსახურებისაა“ ხელშეკრულება, ჩვენი პირველი სასარჩელო მოთხოვნაა, რომ ეს ურთიერთობა მიჩნეულ იქნას მხარეთა შორის შრომით ურთიერთობად“, – განუმარტავს „ნეტგაზეთს“ ზაქარია მეტრეველის ინტერესების დამცველი, გაერთიანებული პროფკავშირების (GTUC) იურისტი თამარ სურმავა.
რა არგუმენტები არსებობს საიმისოდ, რომ მიტანის სერვისში დასაქმებული კურიერი „დასაქმებულია“ და არა „პარტნიორი“/„კონტრაქტორი“, როგორც დღესაა პრაქტიკაში და რაზეც კომპანიები მიუთითებენ ხოლმე?
არგუმენტები
პროფკავშირების იურისტი თამარ სურმავა „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ არსებობს რამდენიმე პრინციპი, რომლის ანალიზიც ამ კითხვაზე პასუხს მოგვცემს. კერძოდ:
- დაქვემდებარებულობის პრინციპი:
- კურიერი იერარქიულად ექვემდებარება კომპანიას;
- ის ვალდებულია, უპირობოდ შეასრულოს კომპანიის მითითებები და დაემორჩილოს კომპანიის დადგენილ წესებს;
- იგი დამოუკიდებლად ვერ შედის კლინტთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში;
- ვალდებულია, კომპანიის მაიდენტიფიცირებელი ფორმა ეცვას.
- ზედამხედველობის პრინციპი:
- კურიერის საქმიანობას კომპანია აკონტროლებს;
- მის მიმართ სანქციების გამოყენება შეუძლია;
- კომპანია აკონტროლებს, როგორი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს მას კლიენტთან.
- ანაზღაურების პრინციპი:
- დასაქმებული თავად არ იღებს ხელფასს, დამქირავებელი ურიცხავს გარკვეული პერიოდულობით.
„ძირითადად სწორედ დაქვემდებარებულობის ეს პრინციპი განაპირობებს იმას, რომ ეს ურთიერთობა ტიპური შრომით ურთიერთობაა და არა ატიპური“, – გვეუბნება თამარ სურმავა.
რა კონტრარგუმენტები აქვს მოპასუხეს?
„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა კომპანია „ვოლტს“ კითხვით, თუ რა კონტრარგუმენტები აქვთ მოსარჩელის საპასუხოდ, — რატომ არ უნდა იდებოდეს კომპანიასა და კურიერს შორის შრომითი ხელშეკრულება.
„ვოლტის“ მენეჯერმა ნატალია ხიზანიშვილმა პროფკავშირების არგუმენტებზე გვიპასუხა:
- „კომპანია არ უწევს პარტნიორ კურიერებს ზედამხედველობას, — მათ არ ჰყავთ ხელმძღვანელი, მათ აქვთ თავისუფალი გრაფიკი, არ მოეთხოვებათ კონკრეტული ფორმის ტარება, მათთვის არ არის დაწესებული სავალდებულო სამუშაო საათები, მუშაობის დრო ან შეკვეთების რაოდენობა“;
- „მათთვის არსებობს ძალიან თავისუფალი გრაფიკი, თუ მათი სურვილიც არის, გამოვიდნენ ხაზზე, შეასრულონ შეკვეთები და ამის მიხედვით აიღონ შესაბამისი ანაზღაურება“;
- „ძალიან ბევრი პარტნიორი გვყავს, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ სხვა აპლიკაციებთანაც მუშაობენ“;
- „არ გვაქვს არანაირი მოთხოვნა არც განათლების და არც სხვადასხვა მიმართულებით. ერთი მოთხოვნა, რაც გაგვაჩნია, არის ის, რომ შეკვეთა აუცილებლად თერმული ჩანთით უნდა იყოს გადატანილი, რადგან მისი თერმული მდგომარეობა არ დაირღვეს“;
- დაქვემდებარების პრინციპზე:
- „კურიერს აქვს დამოუკიდებლობა და თუკი არ სურს რომელიმე შეკვეთის მიტანა, მას უარის თქმის უფლება აქვს, — ეს მანამდეც შეეძლოთ მხარდაჭერის გუნდთან კომუნიკაციით, თუმცა უკვე რამდენიმე თვეა, აპლიკაციაშიც დაემატა ეს ფუნქცია“;
- ის, რასაც მოსარჩელე ზედამხედველობას უწოდებს, კომპანიის პოზიციით, „ზედამხედველობა არ არის“ და „საუბარია ძალიან მცირე რაოდენობის იმ პრინციპებზე, რაც, ზოგადად, საზოგადოებრივად არის მიღებული“;
- კომპანია ადასტურებს, რომ კურიერებს თანხა 2 კვირაში ერთხელ ერიცხებათ გამომუშავების მიხედვით, თუმცა, მისი პოზიციით, არაა ცხადი, თუ რატომ შეიძლება ეს არგუმენტი იქნას გამოყენებული სასარჩელო მიზნებისთვის.
„კურიერებისთვის თავისუფლება მნიშვნელოვანია“
კომპანიის თანახმად, ის ხშირად ატარებს „კმაყოფილების კვლევას“, რომლის ფარგლებშიც „კურიერები მაღალ დონეზე აფასებენ თავისუფლებას“ და მათთვის არსებული პრაქტიკა მისაღებია:
„ეს მათ საშუალებას აძლევს, ცხოვრება დაგეგმონ ისე, როგორც სურთ. ბევრი მათგანი მუშაობს სხვა სამსახურში და ამ საქმეს აკეთებს შეთავსებით, რათა დამატებითი შემოსავლის წყარო ჰქონდეს; რომ შეუთავსონ დღიურ აქტივობებს — სკოლიდან ბავშვის გამოყვანას, ოჯახს და ა.შ. მნიშვნელოვანია, ეს მოქნილობა შევუნარჩუნოთ ამ ადამიანებს“, – გვითხრეს კომპანიაში.
„ნეტგაზეთმა“ კომპანიას დაუსვა შემდეგი კითხვები: „არ არსებობენ ისეთი კურიერები, რომლებიც მუშაობენ სრულ განაკვეთზე და რომლებისთვისაც კურიერობა ჩვეულებრივი, ძირითად სამუშაოა? და ამის ფონზე, მზად იქნებოდა თუ არა კომპანია, რომ მშრომელთა ნაწილთან, რომლებიც ფაქტობრივად ისე მუშაობენ, როგორც სრულფასოვანი დასაქმებულები, გააფორმოს შრომითი ხელშეკრულება, ხოლო ნაწილთან კონტრაქტები დატოვოს იმ ფორმით, როგორც ახლა არის“.
ამ კითხვაზე ამ ეტაპზე კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ, თუმცა გვითხრეს: „ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გვქონდეს თანაბარი, თანასწორი დამოკიდებულება ყველა პარტნიორის მიმართ. ვთვლით, რომ ეს მოდელი, რომლითაც ვმუშაობთ, არის ოპტიმალური პარტნიორებისთვის“…
რატომ „კონტრაქტორი“ და არა „დასაქმებული“?
თუკი მშრომელებს შესაძლოა, თავიანთი ინტერესები ჰქონდეთ, „კონტრაქტორები“/„პარტნიორები“ იყვნენ და არა დასაქმებულები, დამსაქმებლის ინტერესი უფრო „წონიანია“.
როგორც GWP-ის შემთხვევაში უთხრა დამოუკიდებელი პროფკავშირის, „სოლიდრობის ქსელის“ იურისტმა დავით ომსარაშვილმა „ნეტგაზეთს“:
„ზოგჯერ მომსახურების ხელშეკრულებას იმიტომ დებენ, რომ თავი აარიდონ იმ ვალდებულებებს, რაც შრომის კოდექსით ეკისრებათ“.
GTUC-ის იურისტ თამარ სურმავას თანახმად, დამსაქმებლის ინტერესია, ხარჯები თავიდან აირიდოს, რასაც დასაქმებულის სოციალური ბენეფიტების ხარჯზე აკეთებს:
„კომპანია ირიდებს თავიდან ხარჯებს: მაგალითად, როდესაც არეგისტრირებს არა დასაქმებულად, არამედ ინდმეწარმედ — რაც ხშირად ხდება კურიერების და ტაქსისტების შემთხვევაში, — მაშინ … არ უწევს შვებულების, ბიულეტენის თანხის დაფარვა; არ მოუწევს დასაქმებულის დაზღვევა; მაქსიმალურად ამცირებს ხარჯებს. ამასთან, არ აქვს ვალდებულება, დასაქმებული გათავისუფლების წინ გააფრთხილოს ან რაიმე კომპენსაცია გადაუხადოს“.
რა პოზიცია აქვს შრომის ინსპექციას?
თანდათანობით უფრო მეტი ორგანიზაცია საუბრობს ამ პრაქტიკაზე და მას აკრიტიკებს. 26 მარტს „ბოლტ ფუდის“ კურიერების გაფიცვაზე მსჯელობისას „ღირსეული შრომის პლატფორმამ“ (რომელიც შრომით უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების აერთიანებს) განაცხადა:
„ამ სექტორის თავისებურებაა ბიზნესის ოპერირება დასავლეთის ქვეყნებიდან ავტომატურად კოპირებული ტექნოლოგიური მოდელით, რომელიც კურიერებს დასაქმებულების ნაცვლად, ინდივიდუალურ კონტრაქტორებად განიხილავს და, შესაბამისად, მათ შრომითი უფლებების დაცვის მინიმალური გარანტიების მიღმა ტოვებს“.
ამის გათვალისწინებით, პლატფორმამ შრომის ინსპექციას მოუწოდა, „პრიორიტეტად დაისახოს და სისტემური მუშაობა დაიწყოს საქართველოში, პლატფორმის ეკონომიკაში დასაქმებულ პირთა შრომის უსაფრთხოებისა და პირობების მუდმივი მონიტორინგისა და შრომითი უფლებების გაუმჯობესების მიმართულებით“.
„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შრომის ინსპექციის სამსახურს [რომელიც 2021 წლიდან რეფორმირებულია] კითხვით, ავრცელებს თუ არა საკუთარ მანდატს ასეთ კომპანიებზე; ამასთან, რა პოზიციას იკავებს — იქ მომუშავე ადამიანები დასაქმებულებად უნდა მიიჩნეოდნენ თუ კონტრაქტორებად; უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
რა გავლენა ექნება სასამართლოს გადაწყვეტილებას მშრომელებზე?
თუკი სასამართლომ დააკმაყოფილა „ვოლტის“ ყოფილი კურიერის, ზაქარია მეტრეველის პირველი სასარჩელო მოთხოვნა და მისი და კომპანიის ურთიერთობა შრომით ურთიერთობად დააკვალიფიცირა, რა გავლენა ექნება ამას სხვა მსგავსად დასაქმებულებზე?
კომპანია „ვოლტში“ ამბობენ, რომ ზაქარია მეტრეველის შემთხვევა არ წარმოადგენს ე.წ. კოლექტიურ დავას (Class Action lawsuit-ს) და დავის შედეგებს ელოდებიან.
მეტრეველის ადვოკატი თამარ სურმავა კი განმარტავს:
„ავტომატურად გავრცელების მექანიზმი ამ შემთხვევაში არ გვაქვს, თუმცა ეს იქნება პრეცედენტული საქმე. და, ბუნებრივია, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთი ურთიერთობა შრომითი ურთიერთობაა, ნებისმიერი დავის წარმოშობის შემთხვევაში, მსგავსი ურთიერთობა მომავალში ასეთად დაკვალიფიცირდება.
ამიტომ, თუკი სასამართლო ასე გადაწყვეტს, — და დარწმუნებული ვარ, ასეც გადაწყვეტს, — ეს ავტომატურად უნდა აისახოს კომპანიის პრაქტიკაში. ვინაიდან მას ეცოდინება, რომ თუ მასთან დავას წამოიწყებენ, სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა ასეთი იქნება. ამიტომ, კომპანიებმა ასეთი ურთიერთობები შრომითი ურთიერთობების ფარგლებში უნდა მოაქციონ“.
კომპანია არ აკეთებს კომენტარს „ნეტგაზეთის“ კითხვაზე, თუკი სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნა და კომპანია დაავალდებულა, მეტრეველთან ხელშეკრულება შრომით ხელშეკრულებად დააკვალიფიციროს, ამის შემდეგ სხვა კურიერებს რა ტიპის ხელშეკრულებას გაუფორმებს.
ზაქარია მეტრეველის სასამართლო დავის პირველი სხდომა 13 აპრილსაა ჩანიშნული.